გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ყველას, ვინც გურამ შარაძის მკვლელობას შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობს მისი მამის მკვლელობის შესახებ, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
„მივმართავ მამაჩემის მკვლელობის თვითმხილველებსა თუ მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს, ყველას, ვინც რამე იცის გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ:
კიდევ ერთხელ და ათასჯერ, უმორჩილესად გთხოვთ, დამიკავშირდით. ითანამშრომლეთ გამოძიებასთან, გნებავთ, კონფიდენციალობის სრული დაცვით, გნებავთ, გამოძიების დასრულებამდე, ისარგებლეთ საგანგებოდ გამოყოფილი პირადი დაცვით.
ვინც შიშობს, რომ მორალური, ან სამართლებრივი საკითხი დადგება, თუ რატომ აქამდე არ თქვს სათქმელი, იმათ მივმართავ - მორალური მხარე იმ ტერორის პირობებში სრულიად გასაგებია, ხოლო მათ, ვინც ძალოვან სტრუქტრებში მუშაობდნენ და რაიმე სახის პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდათ ამ საქმესთან, ვპირდები - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ არ შეეხოთ არავითარი სასჯელი."- აღნიშნავს რუსუდან შარაძე.