საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ახალი ავტობუსების შემოყვანისთვის სატენდერო კომისიას ქმნის.
„მე ჩვენ თანამოქალაქეებს ანგარიშს ჩავაბარებ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, რამდენად გამჭვირვალეა ის და რა მარკებზეა საუბარი. საუბარი და პროცესი რომ დაიწყო ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით, ეს უკვე მისასალმებელია.
ჯერ არ ვიცით, როგორ ავტობუსებზეა საუბარი, თუმცა, წინასწარ გამოჟონილი ინფორმაციით, მერია აქცენტს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებზე გააკეთებს. ევროპულ ქვეყნებში ეს საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან სერვისი იქ უმაღლეს დონეზეა, არის ტექდათვალიერება. საქართველოში კი არც ტექდათვალიერებაა და სერვისიც დაბალია. ძალიან დიდი რისკის შემცველია ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია და შენახვა. ასეთი ავტობუსების ფასიც უფრო მეტია. მე ვემხრობი, რომ „ევრო 5" -ის მარკის დიზელის საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი ავტობუსები შემოვიდეს", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკიდან თბილისის მერია 30 მილიონის ოდენობით კრედიტს აიღებს ავტობუსების შემოსაყვანად.