ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა. მისი თქმით, გუშინ დაფიქსირდა საგანგაშო სიმპტომი, როდესაც 112-ის სადისპეტჩერო სამსახურის გადატვირთულობის გამო, ადამიანები ცდილობდნენ, დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და ამას ვერ ახერხებდნენ.
„ადამიანები ცდილობდნენ, დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და გადატვირთული იყო მთლიანი სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც 112-მა გააძლიერა, მიუხედავად ამისა, ეს მართლაც საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომი დაფიქსირდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია.
გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2 000-ის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო იყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს განცხადებით, გუშინ თბილისში, წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე გაიხსნა ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. გუშინ ეს ცენტრები პაციენტების მიღების რეჟიმში მუშაობდნენ და მათი ოჯახების ექიმები გამოძახებებზე არ გასულან. დღეიდან კი ისინი გამოძახებებს შეასრულებენ.