reportiori.ge - „ბესიკ კახაბრიშვილი თაღლითია!“ – გარდაბნის გამგებლის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნარი გეგეშიძე ამხელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:48
ინტერვიუ
„ბესიკ კახაბრიშვილი თაღლითია!“ – გარდაბნის გამგებლის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნარი გეგეშიძე ამხელს
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 18:06


გამგებლობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილს მოქალაქე ნარი გეგეშიძე თაღლითობაში სდებს ბრალს. როგორც ნარი გეგეშიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, ბესიკ კახაბრიშვილი იმ თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, რის შედეგადაც გეგეშიძის ოჯახი უბინაოდ დარჩა. ნარი გეგეშიძე ჰყვება, რომ ვაზიანში მდებარე ბლოკის საამქრო, რომელიც მისმა ოჯახმა საკუთარი ხელებით ააშენა, კახაბრიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად წაართვა, გადაიფორმა და გაქურდა. ნარი გეგეშიძე ამბობს, რომ „ბლოკის საამქროს" წართმევის შემდეგ ოჯახს გაუჭირდა, ბინა დაკარგა და 6-სულიანი ოჯახი ლუკმაპურის გარეშე დარჩა. გლდანის რაიონში მცხოვრები, 76 წლის ნარი გეგეშიძე აცხადებს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა ის მანამდე არ გაჩერდება, სანამ თავად არ აგებინებს პასუხს დამნაშავეებს:


- ბესიკ კახაბრიშვილის თაღლითობის გამო, ჩემი ოჯახი უბინაოდ დარჩა. მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია. კახაბრიშვილმა ჩვენი ოჯახის ხელით შექმნილი ქონება წაგვართვა და გაანიავა! ახლა გამგებლის თანამდებობაზე იყრის კენჭს. კეთილი ინებოს, მოვიდეს და დამელაპარაკოს - რას აპირებს?! საქმე პროკურატურაშია! მან გაძარცვა ჩვენი ქონება. საამქროდან რკინის ნაკეთობები წაიღო, გაქურდა, გაანიავა. არ გავჩერდები, ვიტყვი ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. პასუხს ვაგებინებ ამ დამნაშავეებს.

 

- როგორ მიითვისა თქვენი ოჯახის ქონება კახაბრიშვილმა?

 

- სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გარდაბნის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა შოთა დიდებაშვილმა, მექრთამე და ორჯერ ნასამართლევმა, ჩვენი ქონება გადაუფორმა კახაბრიშვილს, ხოლო კახაბრიშვილმა - ვასილ თურქიშვილს. დაიტაცეს ყველაფერი, რაც კი იყო ჩვენი ოჯახის კუთვნილი საამქროში! თუ უნდა, მის საქმეში არ ჩავერიო, მოვიდეს, დამელაპარაკოს, დააბრუნოს წართმეული ქონება!


ჩვენ ეს ტერიტორია 1978 წელს გადმოგვეცა. თავიდან ცარიელი ადგილი იყო. ჩვენი ძალებით ავაშენეთ, გავაკეთეთ შენობა-ნაგებობები, ბლოკის საამქროდ ვაქციეთ, შევიძინეთ ინვენტარი.


ჩემმა მეუღლემ - ვიქტორ ხატიაშვილმა 1999 წელს, ტექბიუროში, ეს ქონება დაირეგისტრირა-ამის საბუთი გვაქვს. დარეგისტრირებულები ვიყავით, როგორც „საქმიანი ეზო". ამის შემდეგ მეუღლე გახდა ავად... მოვიდნენ ვინმე არსენა, ზურა პაპუნაშვილი, რომელმაც გაყიდა ეს საამქრო. ეს იყო ჯგუფური თაღლითობა.


- რას ნიშნავს - მოვიდნენ და გაყიდეს?


- 2004 წელს შოთა დიდებაშვილმა დაწერა - საამქრო დაურეგისტრირეთ ვასილ თურქიშვილსო. მისი განმარტებით, საფუძვლად დაედო გარდაბნის რაიონის გამგეობის ბრძანება, სადაც მითითებულია, რომ ლიკვიდირებულ „საქმიან ეზოებში" ჩვენი ეზო მოხსენიებული არ იყო და ექვემდებარებოდა შესყიდვა/პრივატიზებას. ანუ, ჩვენ უნდა შეგვესყიდა. ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით. ეს ხომ უნდა ეცნობებინათ, რომ საპრივატიზაციო ობიექტი იყო?! 1999 წელს ჩვენ დავირეგისტრირეთ და 2004 წელს ამ ადამიანმა საკუთრება გაგვიყიდა. ესენი არიან კრიმინალები!

 

- ბესიკ კახაბრიშვილი ამ თაღლითურ სქემაში რა პერიოდში ჩაერთო?


- თავიდანვე ჩაერთო და ქონება გადაუფორმა თურქიშვილს. კახაბრიშვილს რამდენჯერაც დავურეკე, მაგინა. კახაბრიშვილმა პირადად ამოიყვანა მუშები და დაშალა-გაყიდა იქაურობა. კახაბრიშვილი არის თაღლითი! სოფელ სააკაძეში მას ქარხანა აქვს გაქურდული, ეს დაფიქსირებულია. ცუდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის როგორ შეიძლება იყოს გამგებელი? ულუკმაპუროდ დაგვტოვა! მოვიდეს და ამ ყველაფერზე დამელაპარაკოს, გამცეს პასუხი!

 

- რას წარმოადგენდა ბესიკ კახაბრიშვილი იმ დროს, როცა თქვენი ქონება ამ ჯგუფმა გადაიფორმა, ვისზეც საუბრობთ?


- არაფერს წარმოადგენდა. ეგ იყო ერთი თავზეხელაღებული ადამიანი.


...


როგორ თუ - როგორ წამართვა ქონება? ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? თაღლითები ართმევდნენ მოქალაქეებს ქონებას. ასე წამართვეს მეც. რომელი მთავრობის მონას აქვს თავის სახელზე ქონება? სხვაზე არ აფორმებდნენ? წამართვეს და სხვის სახელზე გადააფორმეს! ჰკითხეთ კახაბრიშვილს, როგორ წამართვა. არ იცით, როგორ ართმევდნენ ქონებას მოქალაქეებს?


მე დავურეკე იმას, ვინც იყიდა ეს ქონება-თურქიშვილს. მაგინა იმანაც! გამლანძღეს. ყველამ იცოდა, რომ ეს ქონება ვიქტორ ხატიაშვილს ეკუთვნოდა. ტრიალ მინდორში ავაშენეთ ყველაფერი...

 

- პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ?


- 5 თვის წინ შევიტანე. სიმართლეს დავამტკიცებ. მათ წესიერი ლაპარაკი არ შეუძლიათ. რამდენჯერ დავრეკე, იმდენჯერ მაგინეს!

 

- დღეს ვის ხელშია ბლოკის საამქრო?


- კახაბრიშვილმა გაძარცვა ბოლომდე. იქ არაფერი აღარ არის დარჩენილი. გადაფორმებული აქვს ვასილ თურქიშვილს. რომ დამხვრიტონ, ამას მაინც ვიტყვი. ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, კახაბრიშვილს ვადებ ხელს!


იმის გამო, რომ საამქრო წაგვართვეს, მოგვიანებით ბინის გაყიდვა დამჭირდა. მეუღლეს მკურნალობა სჭირდებოდა, შვილებს - სწავლა. ბინა ჩავდე და დავკარგე... ამ ყველაფერზე ყველას პასუხს ვაგებინებ! ყველას დავაჭერინებ!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016