კომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია თბილისის მერიას მიმართავს - თბილისის ქუჩები გაირეცხოს და სკვერები და პარკები მოირწყას იმ შადრევნებიდან გადაღვრილი წყლით, რომლის მოცულობა ყოველწლიურად 75,000 მ2-ია და მისი ღირებულება 330 000 ლარია.
„ამ წყლის ღირებულება ერთხელ უკვე გადახდილია შადრევნების ფუნქციონირებისათვის, გაუგებარია, რატომ იღვრება ეს წყალი კანალიზაციაში უყაირათოდ. და ეს მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩები სავსეა მტვრით, დედაქალაქის დაბინძურება ხომ ყველა ზღვარს გასცდა უკვე.
ამ წყლის გადაღვრის მაგივრად ხომ შეიძლება მისი გამოყენება დედაქალაქის დასუფთავებისათვის, ასევე იმ პარკების მოსარწყავად, სადაც შადრევნებია განლაგებული (ვაკის პარკი, ვერის პარკი, გოძიაშვილის ბაღი, მრგვალი ბაღი, მაიაკოვსკის ბაღი, არტოს ბაღი, კახიძის ბაღი, 9 აპრილის ზედა და ქვედა ბაღი, მარშალ გელოვანის ბაღი და სხვა).
ასევე აუცილებელია ამ წყლით წყალმზიდი მანქანების შევსება და თბილისის ქუჩების გარეცხვა, რაც ასე სჭირდება დედაქალაქს..." - ნათქვამია თბილისის მერიისადმი მიმართვაში.