მთავრობა საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების ჩასახლებას გეგმავს. საპილოტე სოფელი 75 მილიონი დოლარი დაჯდება. ამ თემაზე სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჟანა ასანიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით სახელმწიფო სამსახურმა ,,ფორტუნა ჰოლდინგთან" ერთად, საპარტნიორო ფონდის თანადგომითა და დაფინანსებით მოამზადა კვლევა, სადაც პირველ ეტაპზე 550 ვეტერანის ოჯახის დასახლებით შეიქმნება სასოფლო ტიპის კოოპერატივი.
" საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და ყოფილი პრემიერის ინიციატივით საზღვრების დაცვისა და ვეტერანების დასაქმების მიზნით იწყება პროექტი ,,გეორგია". საქართველოში 22 ასეთი სოფელი უნდა აშენდეს, სადაც ყველა ვეტერანი ჩასახლდება ოჯახებით და მათ ექნებათ ცხოვრებისა და მუშაობის ყველანაირი შესაძლებლობა. სოფელი გამართული იქნება ინფრასტრუქტურულად. ამ საქმეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ებრაელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. მუშაობა უკვე დაწყებულია, პირველი საპილოტე პროექტი გარდაბნის რაიონში, დასახლება ,,გამარჯვების" ტერიტორიაზე დაიწყება.
უახლოეს პერიოდში ვეტერანებს შევთავაზებთ ფასდაკლების სისტემას, სადაც მათ შეეძლებათ 30 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ყველა სახის პროდუქციაზე!
ვეტერანების უმუშევრობის მწვავე პრობლემის,მძიმე სოციალური ფონის და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში არსებული სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შეიმუშავა საპილოტე პროექტი - ,,ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება".
სახელმწიფო სამსახურმა ,,ფორტუნა ჰოლდინგთან" ერთად, საპარტნიორო ფონდის თანადგომითა და დაფინანსებით მოამზადა კვლევა, სადაც პირველ ეტაპზე 550 ვეტერანის ოჯახის დასახლებით შეიქმნება სასოფლო ტიპის კოოპერატივი. აღსანიშნავია, რომ ვეტარანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ათასზე მეტ ვეტერანს აქვს სურვილი, იცხოვროს საზღვრისპირას. პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა აღნიშნული პროექტი. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ხელშეკრულების პროექტის მომზადება, რის შემდეგაც უმოკლეს დროში დაიწყება კონკრეტული სამუშაოები და საპილოტე პროექტში მონაწილე ვეტერანთა ოჯახების შერჩევა. კანდიდატთა შერჩევასა და მომზადებას განახორციელებს,,ფორტუნა ჰოლდინგი" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად", - განაცხადა ასანიძემ.