რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე გადაადგილება გართულდა. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.
„აჭარის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბობოყვათიდან ქალაქ ბათუმის შესასვლელამდე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე; მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზებზე; მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე. ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.