reportiori.ge - ფინეთის სკოლებში „საგნების“ სწავლებას შეწყვეტენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:19
მსოფლიო
ფინეთის სკოლებში „საგნების“ სწავლებას შეწყვეტენ
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:02


უკვე რამდენიმე წელია, ფინეთი წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის სანიმუშო მაგალითია. ქვეყანა განათლებულობის და წარმატებული მოსწავლეების მიხედვით, მრავალი საერთაშორისო კვლევის სიებში იკავებს ლიდერის პოზიციებს. მაგალითად, PISA-ს რეიტინგში (მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა) ფინეთს მხოლოდ ჩინეთი და სინგაპური უსწრებენ. მსოფლიოს პოლიტიკოსები და განათლების სფეროს სპეციალისტები, მათი წარმატების საიდუმლოს გასაგებად, ჰელსინკის მუდმივი ვიზიტორები არიან.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინეთის ახალი, ყველაზე რადიკალური დაწყებითი განათლების რეფორმა, რაც კი უახლეს ისტორიაში რომელიმე ქვეყანას განუხორციელებია. ქვეყნის სკოლები „საგნების" სწავლებას წყვეტენ და „თემების"" სწავლებაზე გადადიან. ამის შესახებ ვრცელ სტატიას ბრიტანული The Independent აქვეყნებს.


ლიზა პოჰოლანენი, ჰელსინკის ბავშვთა და ახალგაზრდობის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ „რეფორმა ფინეთისთვის უდიდესი ცვლილება იქნება და ეს მხოლოდ დასაწყისია".

 

„ჩვენ ახლა განსხვავებული ტიპის განათლება გვჭირდება, რომელიც ბავშვებს დასაქმებული ცხოვრებისთვის მოამზადებს", - განმარტავს ქალაქის განვითარების მენეჯერი პაში სილანდერი.


„მძლავრი კომპიუტერები უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ადრე ბანკებს უამრავი ადამიანი ჰყავდათ, ვისი მთავარი საქმეც გამოთვლითი ოპერაციების შესრულება იყო. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა. ეს მარტივი მაგალითია. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ისეთი ცვლილებები განათლების სისტემაში, როგორსაც თანამედროვე საზოგადოება და ინდუსტრია საჭიროებს".


ჰელსინკის სკოლებში, 16 წლის მოსწავლეებისთვის უკვე უქმდება საგნებზე ორიენტირებული გაკვეთილები - ერთი საათი ისტორია, შემდეგ ერთი საათი გეოგრაფია და ა.შ. ამ მიდგომას ანაცვლებს სწავლება თემების მიხედვით (ან, როგორც ფინელები უწოდებენ, „ფენომენური" სწავლება). მაგალითად, თინეიჯერს, რომელიც პროფესიულ განათლებას ეუფლება, შეუძლია აირჩიოს „კაფეტერიის მომსახურების" გაკვეთილები, რომელიც შეიცავს მათემატიკის საწყისებს, უცხო ენებს (უცხოელი კლიენტების მომსახურებისთვის), წერის და კომუნიკაციის უნარებს.


სხვა, უფრო აკადემიური განათლებით დაკავებული მოსწავლეებისთვის კი „საგნები" შეიცვლება მულტიდისციპლინარული თემებით, მაგალითად, „ევროპის კავშირი", რომელშიც შევა ელემენტები ეკონომიკიდან, კავშირში შემავალი ქვეყნების ისტორიიდან, უცხო ენებიდან და გეოგრაფიიდან. ხოლო უფრო დაბალ კლასებში, მაგალითად ინგლისურის გაკვეთილზე, კლასში ევროპის რუკა მოთავსდება და მოსწავლეები ინგლისურად მოყვებიან სხვადასხვა ქვეყნის ამინდის პროგნოზის შესახებ.


პროგრამულის გარდა, დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც. ტრადიციული პრინციპის ნაცვლად, როდესაც მოსწავლეები მწკრივებში სხედან და უსმენენ მასწავლებელს ან ელოდებიან მის კითხვებს, ისინი უფრო გუნდური მუშაობის მოდელზე გადავლენ, დასხდებიან მცირე ჯგუფებად და კომუნიკაციის უნარების განვითარების მიზნით, ერთად იმუშავებენ სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაზე.


მარიო კილონენი, ჰელსინკის განათლების მენეჯერი, ცვლილებების საკუთარ გეგმას საბჭოს თვის ბოლოს წარუდგენს. იგი ამბობს, რომ რეფორმა მხოლოდ ჰელსინკის არ შეეხება:

 

„ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ საგანმანათლებო სისტემის გადამუშავება და დახვეწა თანამედროვე სამყაროსთვის. სკოლამ ბავშვებს უნდა მისცეს არა მხოლოდ განათლება, არამედ რეალური უნარები, რომლებიც მათ დღეს და მომავალშიც გამოადგებათ. სკოლები დღეს იმ მეთოდებით ასწავლიან, რომლებიც 1900-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, მაშინდელი სამყაროს მოთხოვნების მიხედვით. დღეს კი ყველაფერი შეცვლილია".


რეფორმას ფინეთში მოწინააღმდეგეებიც ყავს, ძირითადად მასწავლებლების სახით. ბევრი მათგანი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ საგანში აკეთებდა საკუთარი ცოდნის კონცენტრირებას, ახლა კი მიდგომის შეცვლა მოუწევთ.


მარიო კილონენი გაკვეთილის დაგეგმვის „თანასწავლების" მეთოდს უჭერს მხარს, რომელიც პროცესში ერთზე მეტი საგნის სპეციალისტის ჩართვას გულისხმობს. მასწავლებლებს, ვინც ამ სისტემაზე გადადიან, ხელფასზე დანამატსაც სთავაზობენ.


პაში სილანდერის ინფორმაციით, ქალაქის სკოლების მასწავლებელთა 70 პროცენტს უკვე ჩაუტარდა ახალ სისტემაზე გადასვლის ტრენინგი. „ჩვენ მათი აზროვნების პრინციპის შეცვლა გვიწევს", - აღნიშნა მან. „მასწავლებლებისთვის საკმაოდ რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა ახალი მეთოდისკენ, მაგრამ ვინც ამას ახერხებს, ამბობს, რომ ძველ პრინციპზე აღარასოდეს დაბრუნდება".


პირველადი მონაცემები ადასტურებს, რომ ამ რეფორმით მოსწავლეები უკვე ნახულობენ სარგებელს. ახალი მეთოდების საცდელი შემოღებიდან ორი წლის შემდეგ, მოსწავლეთა ტესტების შედეგები გაუმჯობესებულია.


პარალელურად, ცვლილებები იგეგმება დაწყებითი კლასების სწავლებაშიც. პროექტ „მხიარული სწავლების ცენტრის" სპეციალისტები კონსულტაციებს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გადიან, რათა შექმნან უფრო „მხიარული" მიდგომები ასაკით უფრო პატარა მოსწავლეებისთვის.


უახლოესი წლების მანძილზე, სკოლების რეფორმირების შემდეგ, მსოფლიოს საგანმანათლებლო სფეროს მთელი ყურადღება ფინეთისკენ იქნება მიპყრობილი.



წყარო: goodnews.on.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016