reportiori.ge - ილია მეორემ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს სიტყვით მიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:43
რეგიონები
ილია მეორემ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს სიტყვით მიმართა
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 18:55


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ჟენევაში, შამბეზში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს შეხვდა. უწმინდესმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს სიტყვით მიმართა.


შვეიცარიაში, შამბეზში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრა 22-27 იანვარს იმართება.



პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, რომ კრებაზე მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. პატრიარქის თქმით, სამი თემის („ერთიანი კალენდრის შესახებ", „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების" და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში") წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებელია.


პატრიარქის მიმართვის ტექსტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამჯერად თავს იკავებს, აღნიშნული საკითხის განხილვა წმინდა კრებაზე კატეგორიულად დააყენოს. ამასთან, იმედს გამოთქვამს, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დადებითად გადაწყდება.


პატრიარქის მიმართვის ტექსტს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, გთავაზობთ.

 

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიაქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმიდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, მეუფენო, მამანო და ძმანო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლში შევიკრიბეთ და დავსახეთ ძირითადი მიმართულებები წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად. მაშინ გადაწყდა მთავარი პრინციპიც ჩვენი მუშაობისა, რომ როგორც კრების წინარე შეხვედრები, ისე თვით კრება კონსენსუსის პრინციპით უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას კრებაზე და ყველას თანხმობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მაშინაც აღვნიშნეთ და კვლავ გავიმეორებთ, რომ წმინდა და დიდი კრება, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვემზადებით, განსხვავებულია ადრე ჩატარებული მსოფლიო კრებებისგან იმით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ დოგმატურ საკითხებს და არ ვემიჯნებით ამა თუ იმ სწავლებას, არამედ გვსურს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წარმოჩენა და ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე საკრებო ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება. და რადგან კრების მთავარი მიზანი ჩვენი ერთობის გამოხატვაა, ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის თემები უნდა იქნას განხილული, რომელთა შესახებ ყველა ეკლესიამ დადებითი პოზიცია დააფიქსირა. ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა.

 

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, კარგად გვესმის, რომ კრების მომზადებასთან დაკავშირებული ძირითადი ტვირთი თქვენ გაწევთ, მაგრამ არსებითი საკითხების გადაწყვეტისას ადგილობრივი ეკლესიების პოზიციების გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) საბოლოოდ განსაზღვრა, ძმობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულები, ჩვენ ამჯერად თავს ვიკავებთ აღნიშნული თემის კრებაზე განხილვის კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. მაგრამ ვერაფრით დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ბოლო დროის შეხვედრებზე, როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიების მიერ უარყოფილი თემები წმინდა და დიდ კრებაზე 30 წელზე მეტი ხნის წინ მიღებული სახით გავიდეს. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 1998 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ მიუღებლად მიიჩნია წმინდა და დიდი კრების იმდროინდელი წინამოსამზადებელი შეხვედრების რიგი დადგენილებები (მათ შორის ქორწინების და კალენდრის საკითხიც). რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსაგვსი ქმედებები განხორციელდა სხვა ეკლესიებშიც. წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელი კომისიის მუშაობის შედეგებს ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდი რეგულარულად ეცნობოდა, თუმცა, ვიცავდით დოკუმენტების არგასაჯაროების შეთანხმებას; რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ვეთანხმებოდით ამ პოზიციას. პირიქით, ყოველთვის ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ შეთანხმებული საკითხები უნდა გასაჯაროვდეს, ამით ეკლესიებსაც და კრებასაც დავიცავთ გავრცელებული უსაფუძვლო ეჭვებისა და ბრალდებებისგან. რაც შეეხება ეკლესიებისთვის კრების შედეგების სავალდებულოებას, მიგვაჩნია, რომ დიდმა და წმინდა კრებამ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, თუ იგი ეკლესიის სისავსემაც არ აღიარა, ეს დადგენილებები არათუ სავალდებულო და მისაღები გახდება ეკლესიებისთვის, არამედ იქცევა დაბრკოლების მიზეზად და შეიძლება განხეთქილებამდე მიგვიყვანოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია ამის არაერთ მაგალითს იცნობს. ჩვენ ვცხოვრობთ 2000-წლოვანი განუყოფელი ეკლესიის ტრადიციით. ამ წიაღმა მსოფლიოს მისცა ათასობით წმინდანი. მათ მიერ განჩინებული და აღიარებული წესების შეცვლა ძალიან საშიშია. გავიმეორებ იმ აზრსაც, რომ ვინაიდან, დიდი და წმინდა კრების გადაწყვეტილებები არ ეხება სწავლებით-სამოძღვრო (დოგმატურ) საკითხებს, მისი დადგენილებები ადგილობრივი ეკლესიებისთვის სავალდებულო შეიძლება გახდეს მხოლოდ კონსენსუსის წესით ყველას მიერ მათი მიღების შემთხვევაში.

 

უწმინდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელნო, საქართველოს ეკლესიის მხრიდან ორი წერილი დაგეგზავნათ (ჩემი და მიტროპოლიტ გერასიმეს სახელით), სადაც დაფიქსირებული იყო ის აზრები, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიციას.

 

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის (როგორც ადრე ჩატარებულის, ისე ბოლოდროინდელთა) გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, კვლავ ვაცხადებთ, რომ სამი თემის („ერთიანი კალენდრის შესახებ", „ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების" და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში") წარმოდგენილი სახით წმინდა და დიდ კრებაზე გატანა მიუღებლად მიგვაჩნია. მაგრამ, თუ იქნება მოთხოვნა იმისა, რომ აღნიშნული საკითხები კრების დღის წესრიგში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაშინ წმინდა და დიდი კრება უნდა გადაიდოს, ვიდრე მათთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება არ მიიღწევა.

 

შევნიშნავთ იმასაც, რომ წმინდა და დიდ კრებაზე არ შეიძლება, უკვე შეჯერებული თემების გარდა, რომელიმე სხვა საკითხის შემოთავაზება განსახილველად. ეს პრინციპულად მიუღებელია. წმინდა და დიდ კრებას უნდა ესწრებოდნენ მართლმადიდებელი სამღვდელოების, ბერ-მონაზვნების, ღვთისმეტყველების წარმომადგენლები, რაც იყო მსოფლიო კრებების ტრადიცია. ბოლოს აღვნიშნავთ იმასაც, რომ შამბეზის ამჟამინდელი გადაწყვეტილებებიც გატანილი იქნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე.

 

განვლილია დიდი გზა, გაწეულია დიდი შრომა, მაგრამ, როგორც კრების წინა შეხვედრებმა აჩვენა, ერთსულოვნების მისაღწევად კვლავაც მოგვიწევს მუშაობა. ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვმოწმოთ ჭეშმარიტი. დაე, იყოს ეს შეხვედრაც და წმინდა დიდი კრებაც გაცხადება ყოვლადწმინდა სამების ნებისა და ჩვენზეც აღსრულდეს მოციქულის სიტყვები: „გიხაროდეთ ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშცემულნი იყავით და ერთსულოვანნი, მშვიდობა გქონდეთ; და ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან" (II კორინ.13.11), ამინ!", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვის ტექსტში.


საპატრიარქოს ინფორმაციით, ყველა ეკლესიის დელეგაციის რამდენიმე დღის დაუღალავი საქმიანობის შედეგად ამ ეტაპისთვის წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა -  საკითხი „ერთიანი კალენდრის" შესახებ აღარ განიხილება. ამოღებულია ავტოკეფალიის და დიპტიქის თემა; ჩასწორდა ტექსტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია მსოფლიოში"; წმინდა და დიდ კრებაზე არ იქნება გატანილი ისეთი საკითხი, რომელიც წინამოსამზადებელ შეხვედრებზე არ იყო განხილული და შეთანხმებულ; ნება დაირთო, ყველასთან შეჯერებული საკითხები გასაჯაროვდეს; სხვა ეკლესიებთან მიმართებაში წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათი კრების ყველა წევრისთვის გადაწყვეტილებების საყოველთაო მართლმადიდებლური ავტორიტეტით შეიცვალა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016