გურამ შარაძის საზოგადოების დამფუძნებელი რუსუდან შარაძე საზოგადოებაში მომრავლებურლი აგრესიის შესახებ წერს:
„დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ჩემსავით ხართ - იმედგაცრუებულ მდგომარეობაში (რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს), პირად საუბრებში, თავად არაერთხელ შემიკურთხებია რომელიმე უკუღმართად ჩამოყალიბებული ტრადიციისთვის, ან ქართველების დამახასიათებელი რაიმე ნიშან-თვისებისთვის... მიმიყოლებია და მიმიყოლებია მერე ათასნაირად, მაგრამ ამას რომ სხვა ქართველი მეუბნება, თუნდაც, გულისტკივილით, ჩემს თავს ვატყობ, რომ არ მსიამოვნებს და ვცდილობ, არგუმენტები დავუპირისპირო. არათუ ვინმე მეუბნება, როცა მარტო ვარ, ამას თავად ვაკეთებ... ანუ ზოგჯერ, ხდება, რომ ჩემს თავს ვუმტკიცებ ხოლმე - არ ვართ ცუდები, პირიქით... და ვიჭრები მერე ისტორია-ფილოსოფიაში...
ქეთი ლოლაძემ იცის თქმა და ავიტაცე - კარგ ქართველს არაფერი არ სჯობს დედამიწის ზურგზეო. რამდენი იყო და არის ასეთი? ვერც ჩამოთვლი კაცი. „კარგი ქართველი" რომ ბევრი დადიოდეს, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, განათლების მაღალი დონეა საჭირო. პირველს რას ურტყამენ? თუნდაც, აქვე, ჩვენს თვალწინ... გადავუხვიე... თუმცა, სულაც არა, რადგან ჩემი პოსტის ადრესატები, სწორედ, ის, საშუალო ნიჭის და უკეთეს შემთხვევაში, საშუალო განათლების ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი ხალხის ლანძღვით ცდილობენ ე.წ. პოპულარობის მოპოვებას ისე, რომ არც თავისი და არც სხვა ქვეყნების ისტორიის გაგებაში არ არიან, მხოლოდ, ზედაპირულად, ყურმოკრულად.
დიდი ხანია, საზოგადოება უკვე მიჩვეულია მსგავს იაფფასიან სვლებს. იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვიცი, სად გაიზარდა ეს ხალხი, ან ვისთან ჰქონდათ საქმე, რა დედ-მამა და ბებია-ბაბუები ჰყავდათ. ალბათ, თავიანთ გარემოს აღწერენ და აქედან გამომდინარე, ჰგონიათ, რომ ეს საერთო, სახალხო თვისებებია. იქნებ, აუხსნას ვინმემ ამ დეგენერატებს, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა და რომ თაობებს შორის ბრძოლა ყველაგან იყო, არის და იქნება, რომ ძველი თაობა, რაც არ უნდა აწყვეტილი იყოს, ყოველთვის უფრო კონსერვატორია შემდგომ თაობაზე და რომ მთა ყველგან მთაა და ბარი ყველგან ბარია...
P.S. სიტყვამ მოიტანა და 34 წელი ვუყურე და ვუსმინე გურამ შარაძეს. რა მდგომარეობაში არ მინახავს, რა თანადგომა, რა იმედგაცრუება არ ყოფილა... არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ მას ხალხზე ცუდი ეთქვას, საყვედური დაცდენოდეს, საჯაროდ კი არა, შინ, ჩვენთანაც კი. მიკვირდა და სულ ვეუბნებოდი, როგორ შეგიძლია, არ გეწყინოს, არ გაბრაზდე, როცა ქვეყნისთვის ყველა კრიტიკულ მომენტში, არ დაგიდგნენ გვერდზე... მაჩუმებდა. სიტყვამ მოიტანა ესეც და ანალოგიური ხდებოდა სამღვდელოებაზე. ჩემს კითხვაზე დუმდა. არ მახსოვს არცერთი საყვედური მისი პირდან თქმული. გულის კუნჭულში არ ვიცი, რას გრძნობდა..."- წერს შარაძე.