reportiori.ge - ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ...
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 03:46


 

გასულ კვირას საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 20 წელია მღვდელმოქმედება აქვს შეჩერებული. “ალია’ დაინტერესდა ამ საკითხით და დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტეთ. ინტერნეტში მამა ილია ვაშაკიძის ფეისბუკ სტატუსს წავაწყდი, რომელიც ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილზე გარკვეულ განცხადებებს ავრცელებდა და ვთხოვეთ “ალიასთან” კომენტარს გაკეთება.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ რიგითი მოქალაქეები, სასულიერო პირები,ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობენ ბერ ნიკოლოზ მაქარარაშვილს.

რედაქციაში რამდენიმე ადამიანი გვესტუმრა, რომლებიც სქემიღუმენ ილია ვაშაკიძის მიერ სტატიაში გამოქვეყნებულ განცხადებას დაუპირისპირდნენ.

გიორგი ბარდაძე:   (“სიმართლეს როდესაც დაიცავ” წიგნის ავტორი)

-მონაზონი ილია ვაშაკიძე არის პიროვნება, რომელიც არასოდეს გამოდის კონტაქტზე, როდესაც იგებს, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის ახლობელი ხარ-თუნდაც ინტერნეტით. არადა არათუ იცნობს, არამედ ახლოსაც კი არ ჰყავს ნახახი მამა ნიკოლოზი. აქიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამხილო ის, ვისაც არ იცნობ? როგორ შეიძლება მამა ნიკოლოზზე თქვა, ვითომ მდუმარებაშიაო, როდესაც 2005 წლიდან მდუმარებს და არის განდეგილად,  ცხოვრობს ისე, რომ მისმა ახლობლებმაც  არ ვიცით ზუსტად რას ჭამს, რას სვამს… სულ მუდამ დასუსტებულია ფიზიკურად. წლებია ფეხები უსივდება, იმიტომ რომ საწოლზე  არ წევს ხშირად და სავარძელში იძინებს, ანუ ისვენებს…. მაპატიოს მამა ნიკოლოზმა ესეც არ ვიცი ზუსტად…

-უშუალო ურთიერთობა გაქვთ?

-დიახ… დაახლოებით 20 წელია ვიცნობ…

-რამდენად ხშირად ნახულობთ მამა ნიკოლოზს?

– რამოდენიმე კვირაში ერთხელ გამოდის თავის სახლიდან, ამიტომ ყოველ დღიურად არ მაქვს ურთიერთობა. ის ხშირად იცვლის ადგილ-სამყოფელს.

-ამჟამად სად ცხოვრობს?

-ამჟამად ცხოვრობს საბურთალოზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ოთახში. მას არ აქვს სახლი, არ ჰყავს მანქანა, არ აქვს მობილური და არ სარგებლობს ინტერნეტით-მე პირადად ვიყავი შესული მამა ნიკოლოზის ოთახში და ფანჯრებზეც კი ჩამოფარებული აქვს ფარდები და ჭიკარტებით აქვს მიმაგრებული კედელზე, რომ გარეთაც არ გაიხედოს. მეტი რაღა უნდა ქნას ამ ადამიანმა?!  მეტი რა ღვაწლი უნდა აიღოს მამა ნიკოლოზმა საკუთარ თავზე, რომ ილია ვაშაკიძის შეხედულებები დააკმაყოფილოს?

-ილია ვაშაკიძე ფეისბუქის საშუალებით საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც ამ თემის შესახებ გვეკითხა მისთვის. საპატრიარქოს რაში დასჭირდა მსგავსი განცხადების გაკეთება?

-იცით როგორი მდგომარეობაა? 1994 წელს მამა ნიკოლოზი იყო მღვდელ-მონაზონი და საპატრიარქომ ილია მეორის მითითებით დააყენა მღვდელ-მონაზვნობიდან. დაყენება ნიშნავდა იმას, რომ ჩამოართვეს მღვდლობა დროებით,  მას არ აქვს შვიდი საიდუმლოს შესრულების უფლება და ის ამას ემორჩილება, მაგრამ მამა გაბრიელისავით ის არის სიმართლის მთქმელი.

-როგორ ამბობს ამ სიმართლეს?

-ზოგჯერ წერილობით, ზოგჯერ თავისი ცხოვრების წესით.. ზუსტად სიმართლეს როგორ გადმოგვცემს, ადამიანები ძალიან სუსტები ვართ და გვინდა, რომ ერთბაშად გავიგოთ ყველაფერი, ტანჯვის გადატანა არ გვინდა. სიმართლის თქმის უფლება უნდა გქონდეს. როგორც მამა გაბრიელი ამბობდა,– ბერი ქრისტეს წინაშე უნდა იყოს როგორც მოღრიალე ლომიო, მაგრამ ამას დამსახურება უნდაო!!  შეიძლება მე აქ სიმართლისთვის გულანთებულმა ვისაუბრო, მაგრამ გამომეპაროს რაღაც, ან საქმით არ გავაკეთო,  იმიტომ რომ ჩემი სულიერების დონე არ შეესაბამება ამ სიმართლეს, ეს ჩემი აზრით. ის, რომ მამა ნიკოლოზი მამა გაბრიელის სულიერი შვილი არ ყოფილა, ილია ვაშაკიძის მხრიდან არის ამ ინფორმაციის უცოდინარობა, რადგან ვაშაკიძემ აბსოლუტურად არ იცის  მამა გაბიელსა და მამა ნიკოლოზის შორის რა სულიერი კავშირი და ურთიერთობა იყო 1990 წლიდან 1995 წლამდე

-მამა ილია ვაშაკიძემ დარწმუნებით ამბობდა, რომ ეს მას დედა პარასკევამ უთხრა…

-დედა პარასკევას დაუკავშირდა მორჩილი თეონა სარჩიმელიდა და დედა პარასკევამ უთხრა, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს მისთვისო…


11111



(ბერი ნიკოლოზი და წმიდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი)

-თუ დაგიდასტურათ საპირისპირო დედა პარასკევამ, რომ ნამდვილად იყო მამა ნიკოლოზი ბერი გაბრიელის სულიერი შვილი?

-თუნდაც რომ ეთქვა დედა პარასკევას ეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა პარასკევამდე მამა ნიკოლოზი იყო მამა გაბრიელის მორჩილი და სულიერი შვილი. მამა ნიკოლოზი სამი წელი იყო მორჩილებაში მამა გაბრიელთან. შეიძლება ვინმემ თქვას 3 წელი დიდი დრო არააო, მაგრამ 3 წელიწადი მორჩილებაში ყოფნა, მამა გაბრიელთან უდრიდა ძალიან დიდ დროს, ჩემი აზრით.

-ვაშაკიძე იმასაც ამბობს, რომ არ გაუგია, ბერი ნიკოლოზის სასწაულების შესახებ. ამის შესახებ არც მე მსმენია, თუმცა წმინდა ბერი გაბრიელის მიერ მოხდენილ სასწაულებზე ბევრი წამიკითხავს. თქვენ, როგორც მამა ნიკოლოზთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანი, რას იტყოდით ამის შესახებ?

-ბერი ნიკოლოზის ერთ ერთი სასწაული თუნდაც ისაა, რომ ადამიანის 360 გრადუსით შეცვლა შეუძლია. იმიტომაა, რომ აქ გულანთებულები მოვედით. ამიტომაცაა, რომ როცა სხვა ბერი ხედავს, მაგალითად ილია ვაშაკიძე, რომ ვერასოდეს მიაღწევს ბერი ნიკოლოზის დონეს, სხვადასხვა ხერხებით დევნიან მას. უდიდესი წმინდანი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველიც ამას წერდა 1000 წლის უკან.

ზეინაბ ხინთიბიძე:

-ჩემთვის სასწაული ის იყო მაგალითად ის, რომ ომის პერიოდში მივედი მამა გაბრიელთან. მაშინ მეგონა, რომ ზვიად გამსახურდია გადაარჩენდა საქართველოს. ტყვიების წვიმაში ვიყავით, შევარდნაძის გამო. მითხრეს, ერთი მართალი კაციაო და მიმასწავლეს მამა გაბრიელი. როცა მივედი მასთან, 15 კაცი იჯდა სულ… მან მარტო მე მომმართა ხმამაღლა:- ზეინაბ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმება საქართველოო!.. მოულოდნელობისაგან წამოვარდი და წასვლა დავაპირე,მამა გაბრიელ-წავალ მეთქი. ქუჩა-ქუჩა ხალხი მხვდებოდა ტირილით და ვანუგეშებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ისე მჯეროდა მამა გაბრიელის სიტყვები. 10-15 წლის შემდეგ მამა ნიკოლოზმა დაუდო ჯვარი პატრიარქს და თქვა:- წმინდა უნდა იყოს ბერი, თორემ არ შეიძლება ისე, მე კი წმინდანი არ ვარო. იქ რამდენიმე ვიყავით და მამა ნიკოლოზი მაინცდამაინც ჩემთან მოვიდა და მითხრა:- ზეინაბ, დავით აღმაშენებელი დაბადებული ჰყავს საქართველოსო!… მაშინვე მამა გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ვუთხარი, ეს მამა გაბრიელმა მითხრა და თქვენ იქ არ იყავით-მეთქი. მიმტკიცებდა-ვიყავიო. შემდეგ მივხვდი, ის სულიერად იმყოფებოდა იქ.რასაც მამა გაბრიელი მეუბნებოდა, წლების შემდეგ მამა ნიკოლოზი მეუბნებოდა… დამიჯერეთ რაა…როცა მამა გაბრიელთან მივედი, მანდ იჯდა ახალგაზრდა ბერი. მაშინ ეკლესიური არ ვიყავი. ნიკოლოზო,- დაუძახა და ყველამ თავი ავწიეთ და ამ ახალგაზრდა ბერს შევხედეთ… ნიკოლოზ, მე და შენ ერთი ვართო! ერთნი კი არ უთხრა, ერთი ვართო, ასე მიმართა მას მამა გაბრიელმა. ამ ამბავს მე თავად შევესწარი!.. მსგავსი ფრაზების მოწმე ბევრია, რომლებმაც თავიანთი ყურით გაიგონეს როგორ მიმართავდა მამა ნიკოლოზს მამა გაბრიელი.


2



მალხაზ ჯინორია: (მამა გაბრიელზე წიგნის ავტორი)

-მანანა მერკვილაძე შეესწრო ამ ფაქტს, იქვე იჯდა და ეს სიტყვები სწორედ მან მოისმინა: ნიკოლოზ შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, მამათ-მავალობასაცო,ხიბლში ყოფნასაც მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო. ხოლო ფრაზა-„ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნებაო“-, ეს ჩემთან აქვს ნათქვამი და კიდევ ,,ტრუბაში გაგაძვრენენ ნიკოლოზო” ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ,,ეკლესიის წმენდა რომ დაიწყებაო, ნიკოლოზი მთავარ როლს ითამაშებსო. ის რომ ჭრის ხმელ ტოტებს, ისე ვერავინ ჭრისო”, „მისი სიმდაბლე უფლის ტახტამდე ავიდა “, მე შენ გაკურთხებ მალხაზ, წადი ნიკოლოზს დაემორჩილეო, აი ღვთისმსახური, რომელმაც სჯულის კანონი არ შეცვალაო.“ მანანა ხორბალაძეს უთხრა: “ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრაძნებას ნიკოლოზი წინ წარუძღვებაო“.

რაც შეეხება დედა პარასკევას, მამა ნიკოლოზი მემგონი შეიძლება ჰყავს ნანახი. ერთხელ იყო, როცა მამა ნიკოლოზი მადლობის სათქმელად მოვიდა მამა გაბრიელის საფლავზე და ცისარტყელა დაეშვა ნიშნად. დედა პარასკევა მაშინ მოვიდა მამა გაბრიელთან, როცა ნიკოლოზი უკვე ერში გამოუშვა მამა გაბრიელმა, ასე რომ უშუალო ურთიერთობა არ ჰქონია!.. მამა ნიკოლოზს სულ ვეუბნებოდი, რატომ არ ამოდიხარ საფლავზე-მეთქი და მიპასუხა, როგორც მაკურხთხა მამა გაბრიელმა-ისე ვიქცევი, თორემ წყალში ჩამეყრება ყველაფერიო-ეს კიდევ სხვა თემაა…

-ხელნაწერების შესახებ რას იტყოდით, რომელსაც ბერი ნიკოლოზი ავრცელებდა?

-მამა ნიკოლოზს ამის შესახებ აქვს ნათქვამი:-ჩემი ხელნაწერები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთო…გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს ამ ხელნაწერებში. მან რომ პირდაპირ სიმართლე წეროს, ბევრი მტერი ეყოლება. მაგალითად ასეთი რამე თქვა-ჩემი მეზობელი უკრაინელი კირილე გამოვიდა, ის ხომ არ ხდება პატრიარქიო? შემდეგ კი სწორედ კირილე გახდა რუსეთის პატრიარქი.  როგორც ქრისტე ლაპარაკობდა იგავებით, ისე საუბრობს იგავებით ბერი ნიკოლოზიც-ამ ხელნაწერების მეშვეობით. მე მითხრა პირადად-ჩემი ნაწერები პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგო, თორემ ღმერთი დაგსჯისო! ტვინი გაანძრიე რატომ და რისთვის ვამბობ-პირდაპირ არ მიიღოო… ამას სამწუხაროდ ხალხი ვერ გებულობს.

500-მდე მამა ნიკოლოზის  ხელნაწერი არსებობს. რამდენიმე ხელნაწერის წაკითხვა, თან თუ სულიერად არ გაიაზრე და პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე, დააბნევს ადამიანს. მე და დათო გიორგობიანს გვითხრა ერთხელ, რა კარგია იოგას ვარჯიშები, სულიერად ისვენებ და ჩიტივით ხარ მერეო. მე და დათომ გაოცებულმა შევხედეთ ერთმანეთს, გამიკვირდა-არიქა რაებს ლაპარაკობს ეს კაცითქო… დათო გიორგობიანმა კი სჯულის კანონები მოუყვანა მაგალითად, მამაო რაებს ამბობო… მამა ნიკოლოზი კი მაინც თავისას ამბობდა, იოგას ვარჯიშები კარგიაო-ვერაფერი გავაგებინეთ. წამოვედით მისგან და მეორე დღეს სპეციალურად მივედი, რომ მეკითხა, ასე რატომ ამბობდა. მამა ნიკოლოზმ აქით დამასწრო კითხვა, სანამ მე რამეს ვკითხავდი: რა მაცვიაო? კაბა მეთქი-ვუპასუხე… როგორი კაბაო? -მართლმადიდებლური სასულიერო პირის კაბამეთქი… მერე შე კაი ადამიანო, იოგა რომ ამაზე კარგი ყოფილიყო, ეს კაბა მეცმეოდაო? აზროვნებას ასწავლიდა ამით…


3



რაც შეეხება სასწაულებს და წინასწარმეტყველებებს- ხუთშაბათს, ბორჯომის ბაზარში დაწერა ფურცელზე-ხვალ იაპონია დაინგრევაო და პარასკევს იაპონიაში ცნობილი წყალდიდობა მოხდა. თუნდაც ციხის კადრებზე, ჩვენ დაგვიწერა  ორი კვირით ადრე „18 რიცხვიდან  ციხიდან დაიწყება ყველაფერიო.“ მე ვკითხე, მამაო, ვინმეს იჭერენ-მეთქი და ხელი ჩაიქნია გაბრაზებულმა, რომ ვერ მივხვდი… რუსეთის პატრიარქის გარდაცვალებაზე მითხრა 2 კვირით ადრე-ბორჯომში ვიყავით. მდელოზე წამოწვა, გულზე ხელები დაიკრიფა-ასე იქნებაო.ზუსტად 2 კვირაში პატრიარქის გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ…მე და დიმიტრი წიკლაური ვიყავით მასთან ერთად წაღვერში-მთებზე მიგვანიშნა-მალე დაიწვებაო და ჭურვები როგორ ჩამოიყრებოდა, ხელით გვიჩვენებდა, ასევე რომ რუსები შემოვლენო და შემდგომ მიიმალებიანო… გახსოვთ ალბათ რუსმა ოკუპანტებმა ბორჯომის ტყეში ჭურვები რომ ჩამოყარეს…  მან იწინასწარმეტყველა ასევე თბილისის მიწისძვრაც…

გიორგი ბარდაძე:

მამა ნიკოლოზს შეკვეთით არ გადაუღია ბერ გაბრიელთან ფოტოსურათები. მრავალი  სურათი არსებობს… ვაშაკიძე როგორ ადარებს ბი-ბი ქინგთან გადაღებულ ფოტოს, მამა გაბრიელთან გადაღებულ ფოტოს?! აქედანაც ჩანს მისი სულიერი დონე. არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო ვაშაკიძეს,  მამა ნიკოლოზს არ ესიამოვნება. შური ალაპარაკებს…მამა ნიკოლოზზე ბროშურები რომ გამოსცეს, ამაზე მე პირადად ხმა არ ამომიღია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონაზონი ილია ვაშაკიძის და არქიმანდრიტი იერომიელ ფილიშვილის გამოცემული ბროშურაში დიდი სიბრძნე იყოს. თან ცილს გვწამებს, რეკლამას უკეთებენო მამა ნიკოლოზსო მისი ხალხიო. არანაირ რეკლამას არ ვუკეთებ და არანაირი მიმდევარი არ ვარ! ეს არის შეურაცყოფა! დავინახე, რომ მასთან არის სიწმინდე, სიმართლე, პატიოსნება, ცოდნა და ძალა ამიტომ ვარ მასთან. ჩვენ ყველა საქართველოს ამოციქულო  ეკლესიის შვილები ვართ!.. წლებია ამაზე ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ არავის ეგონოს ის, რომ აქ დიდი სიძულვილია მე პირადად არიმანდრიტი იერომიელთან მაკავშირებს პატივისცემაც და სიყვარულიც და საერთოდ ეკლესიის პრობლემა ჩვენი საკუთარი პრობლემაა და ღვთის ძალით ამას გადავლახავთ როგორმე…


A1



(ბერი ნიკოლოზი)

-ყველაზე ცუდი ფაქტი, რაც მოხდა წაღვერში, როდესაც 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო იმავე საცხოვრებელ სახლში, სადაც ბერი ნიკოლოზი ცხოვრობდა… რა მოხდა სინამდვილეში-თუ იცით?

მალხაზ ჯინორია: ( “მამა გაბრიელი” წიგნის ავტორი)

-ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა, ამაზე საუბარი არ მინდა…  მაშინ იბადება კითხვა, როდესაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს,  რატომ არ დაეხმარა ქრისტე?! ასე ქრისტესთან იყო იუდაც და თავი ჩამოიხრჩო და უფალსაც ვუსაყვედუროთ, შენმა მოციქულმა როგორ ჩამოიხრჩო თავი და რატომ არ იხსენი ისინიო?! მამა გაბრიელი მეუბნებოდა: „ვერც მე შეგიწყალო და ვერც ქრისტე ღმერთმა შეგიწყალოს თუ შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალეო“… ღმერთი ადამიანის თავისუფალ ნებაში არ ერევა“. მამაოს შემდეგ წელი სტკიოდა და ჰკითხეს, მამაო, რატომ გტკივა წელიო? და უთქვამს, რომ გვანცა ნახევრად ამოვიყვანე და ცოტა დამრჩაო… (იგულისხმა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში)…

-როგორც მამა ილია ვაშაკიძე ამბობს, მამა ნიკოლოზის გავლენის ქვეშ მოექცა ეს გოგო, მოწყდა ეკლესიას და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ეს უბედურებაო…

-სიცრუეა, მამა ნიკოლოზი ყველას ტაძარში სიარულისკენ მოგვიწოდებს.

-მამა ილია ვაშაკიძე ასევე ამბობს იმასაც, რომ მამა ნიკოლოზმა ხალხი ეკლესიას მოწყვიტა,რადგან არ დადიან ტაძარში და მას დაჰყვებიანო… თქვენ გყავთ მოძღვრები და დადიხართ ეკლესიაში?

მალხაზ ჯინორია:

-მე პირადად რამდენიმე დღის წინ ვეზიარე. აქ ყველას გვყავს მოძღვარი, დავდივართ ეკლესიაში და ვეზიარებით. ასე რომ ის, თითქოს მამა ნიკოლოზმა ეკლესიას მოგვწყვიტა, არის სისულელე და ცილისწამება! პირიქით, ადრე 2 თვე არ დავდიოდი ეკლესიაში. ამის შესახებ არავინ იცოდა. მამა ნიკოლოზმა კი მითხრა-რატომ არ დადიხარ ეკლესიაშიო?! პირიქით, მამა ნიკოლოზი კი არ წყვეტს ხალხს ეკლესიას, ეკლესიისკენ უკვალავს გზას.


A2



-ისე ფაქტია,ხალხის უმრევლესობა ყველაფერში სასწაულს ეძებს…

გიორგი ბარდაძე:

-მთლიანად გაყვითლებული ვიყავი დაავადებისაგან, ვკვდებოდი დღე – დღეზე და პირადად მე განმკურნა, მაგრამ ამაზე რა საჭიროა საუბარი, ეზიზღება  მამა ნიკოლოზს ქება- დიდება  და შეიძლება ამის შემდეგ ისეთი რამ ჩაიდინოს რაც მის სახელს შეურაცხყოფს, და ამავე დროს სახარებაში მშვენივრად წერია-სასწაულსო ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებსო და რად გვინდე სასწაულები ან მათზე საუბარი?!  რაც შეეხება შესაწირს-ჩვენ და სხვაც, როდესაც ფულს ვწირავთ მამა ნიკოლოზს, მიდის და სხვადასხვა ტაძრების შესაწირის ყუთში ყრის. არაფერს არ იხმარს თავისთვის…

ლევან ფირცხალავა:- (ფაზისისა და ქალდეის აკადემიკოსი)

-ერთ ამბავს გავიხსენებ… როდესაც მამა ნიკოლოზი ბრძანდებოდა ზემო ვერაზე, კარის მეზობელი მივიდა მასთან, 17 წლის გოგონა და ჰკითხა: მამა ნიკოლოზ ბებია ცუდად მყავს და ეშველება რამეო? ერთი აიხედა მაღლა მამაომ და ხელით ანიშნა-ყველაფერი კარგად იქნებაო. სახლში დაბრუნებულს 8 წელი ლოგინად ჩავარდნილი ბებია ფეხზე დაუხვდა. მთელი ოჯახი გრეგორიანელები იყვნენ და მართლმადიდებლებად მოინათლნენ. ერთ-ერთი პირადად მე მოვნათლე. რამდენი განუკურნავს მამა ნიკოლოზს… რომელი ერთი ჩამოვთვალო… უბრალოდ ჩაგვიარა და განვიკურნეთო,- ბევრს უთქვამს. რომ ჰკიხთხეს ერთ ადამიანს, რომელიც კოჭლობდა- როგორ განიკურნეო, მან თქვა, რომ ბერ ნიკოლოზს მძიმე “პარკი’ ჰქონდა და რომ ასწია, დავიძახე-მიეხმარეთო… სწორედ ამის შემდეგ განვიკურნეო. ეს უბრალო სიტყვები მას ასმაგად გადაუხადა მამაომ…



A3



მალხაზ ჯინორია:

-გინდ მილიონი ადამიანი დაჰყვებოდეს მამა ნიკოლოზს, გინდ ერთი სულ არ აინტერესებს ეს… მასთან უფალია და უბრალოდ ხალხს აქვს სურვილი მასთან უფრო ახლოს იყოს, თორემ არავის ეგონოს მამაო ეძახის ხალხს, გინდათ თუ არა ჩემთან ერთად იარეთო… ასეთი რამე არ ყოფილა! როცა ბროშურები გამოსცეს მამა ნიკოლოზის საწინააღმდეგო, ბორჯომის ბაზრობაზე მოვიდა 4 სასულიერო პირი მანქანით, მათ დაინახეს, რომ მამა ნიკოლოზს ხალხი დასდევდა და ასეთი რამე თქვეს-ამდენი ხალხი რომ დაჰყვება მას, მერე ჩვენთან ვინ უნდა იაროსო?! მამა ნიკოლოზი წერდა, რომ ეკლესიაში იარეთო და საიდან მოიტანა ვაშაკიძემ, რომ ეკლესიას წყვეტს ხალხს?!

გიორგი ბარდაძე:

ჩვენ დაკარგული გვაქვს ნამდვილი სარწმუნოება. ადრე ბერები ერთმანეთს მიმართავდნენ ,,წმინდაო მამაო” და ამაში არაფერი იყო გასაოცარი, რადგან ისინი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ…

ლევან ფირცხალავა:

-თავად მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტიაო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან და მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი სახლის ახლოს ქირაობენ ბინებს, რომ ახლოს იყვნენ მასთან.მამა ნიკოლოზთან რუმინელი ბერები ჩამოვიდნენ და ამბობდნენ, არ წავალთ სამშობლოში, მანამ სანამ წმინდანს არ ვიხილავთო. საპატრიარქოდან პირდაპირ მამა ნიკოლოზთან გამოაგზავნეს.

-ეს როდის მოხდა?

-სულ რამდენიმე თვის წინ…

-მაშინ რატომ გამოქვეყნდა მსგავსი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან?

-ადრე მამა გაბრიელსაც ეწინააღმდეგებოდნენ და ესეც გაუგებარია ჩვენთვის…

მალხაზ ჯინორია:

-ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა თვითნებურად, მამა ნიკოლოზის კურთხევის გარეშე გაავრცელა ბუკლეტები წარწერით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“. პირადად ვკითხე მისი კურთხევა იყო თუ არა ბუკლეტებზე, რაზეც მამა ნიკოლოზმა დამიდასტურა რომ მისი კურთხევის გარეშე მოხდა ამ ბუკლეტების დაბეჭდვა და გარვცელება.

-საპატრიარქომ განაცხადა რომ მღვდელმსახურება ჯანმრთელობის გამო შეუჩერა მამა ნიკოლოზს-რას იტყვით ამის შესახებ?

მალხაზ ჯინორია:

-გეტყვით რა მოხდა სინამდვილეში და რატომ შეუჩერეს მღვდელმსახურება მამა ნიკოლოზს. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჯანმრთელობის მდგომარების გამო არ აქვს მღვდელმსახურება შეჩერებული. მას მსახურება შეჩერებული აქვს პატრიარქის „ურჩობის გამო“ ამასთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ-ერთ  მიზეზს…მამა ნიკოლოზმა თქვა: პირველად ერთმა ქალმა ჩამაბარა აღსარებაო. ისეთი ცოდვა მითხრაო, რომ უცებ რომ ვაპატიე-ცუდად გავხდიო. მამა გაბრიელმა მისაყვედურა:-“ასე უცებ როგორ აპატიე ნიკოლოზ, ჯერ ცოდვილთან ერთად უნდა ჩახვიდე ჯოჯოხეთში, იქ უნდა გამოიტირო და უფალს უნდა შეავედროო! ჯერ მღვდელი უნდა იყოს წმინდა, ეს ტყუილად არ წერია სახარებაში, რომ ცოდვების მიტევება შეეძლოსო!”.. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალა არ შემწევდაო და სწორედ ამ ამბავს დაემთხვაო, რომ პატრიარქმა მაკურთხა-წინამძღვრად უნდა წახვიდე მღვიმეთის დედათა მონასტერში, რომელიც ჭიათურაში მდებარეობს. ავდექი და მამა გაბრიელთან მივედი-მამაო, მაკურთხეთ, რომ წავიდე მღვიმეთის დედათა მონასტერშიო. მამა გაბრიელმა კი მიპასუხა, შენ არ გაკურთხებ ამაზეო. მე გავიკვირვე, როგორ მამა გაბრიელ, მე ხომ უწმინდესი მგზავნისო? ამ საუბარს შეესწრო მედავითნე თინათინ მ., რომელსაც მამა ნიკოლოზი მიუბრუნდა და ეკითხება: -თინათინ, პატრიარქი რომ ერთ რამეს გეტყვის და მოძღვარი მეორეს, რომელს დაუჯერებო?  -ალბათ მოძღვარს მამა ნიკოლოზო,-უპასუხა თინათინმა.  -ჰო და მეც ასე მოვიქცევი, თუმცა პატრიარქი ისე მიყვარს, ასე მგონია ჩემი მამააო. ამიტომ მე დამიჯერე, იშიმშილე, წადი ერში, ის გზა გამოიარე-რაც მე გამოვიარეო. მე 25 წელი სასაფლაოებზე მეძინა, 15 წელი ვმათხოვრობდი, 5 პატრიარქი გამოვიცვალე და მათთვის უნდა დამეჯერებინაო?!-მითხრაო მამა გაბრიელმა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი კელიაში იყო და როგორც მამა გაბრიელმა აკურთხა, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ნახეს, რომ ბერები მარხულობდნენ პატრიარქის კურთხევით, მამა ნიკოლოზი კი შიმშილობდა და გააგებინეს პატრიარქს-არ გვემორჩილებაო… ეს რომ პატრიარქმა გაიგო ჩამოვიდა, სტაფილოს წვენი გაუწურა და საკუთარი ხელით მიართვა-დალიე ნიკოლოზ, გაახსნილეო. მამა ნიკოლოხმა კი იუარა. პატრიარქს გაუკვირდა, როგორც პატრიარქი გეუბნები, დალიე ეს წვენიო…

-არაო, მამა გაბრიელმა მითხრას და მხოლოდ მაშინ დავლევო-უპასუხა მამა ნიკოლოზმა.

ამის შემდეგ იყო, რომ ურჩობის გამო ბერ ნიკოლოზს მღვდელმოქმედება შეუჩერეს… არ ვიცი პატრიარქმა იცოდა თუ არა, რომ მამა გაბრიელისგან ჰქონდა მიღებული კურთხევა, ეს კიდევ სხვა საკითხია… მოკლედ ამ ამბის შემდეგ გადარეულები ვართ, მეორე დღესვე ჩავედი მამა ნიკოლოზთან და ვეუბნები-ეს როგორ გააკეთეთ მამა ნიკოლოზ, პატრიარქს როგორ ეურჩე მეთქი? იქ ორი მონაზონიც იყო, რომლებიც ეხვეწებოდნენ-არ გინდა მამა ნიკოლოზ, ერთი ამბავია ატეხილი ამაზე, არ ეურჩოთო პატრიარქს. არაო, მამა გაბრიელმა მითხრას და მაშინ გავახსნილებო-ჩვენც იგივე გაგვიმეორა მამა ნიკოლოზმა… მე კი გაბრაზებული გავვარდი მამა გაბრიელთან-მამა გაბრიელ, უშველე მამა ნიკოლოზს, გეხვეწები დაეხმარე, ხომ ხედავ რა დღეშია, პატრიარქს ეურჩათქო! მამა გაბრიელმა კი მშვიდად შემომხედა და მითხრა: ნიკოლოზი სწორად მოიქცაო…რატომ თქო? -გაოცებულმა ვიკითხე. იმიტომ რომ მე ვაკურთხეო-მიპასუხა და იქვე დამიმთავრა სათქმელი…


4



ბევრმა არ იცის ისიც, რომ არსებობს ორი ეკლესია – ზეციური, რომელიც არის მოზეიმე და მიწიერი, რომელიც არის მებრძოლი. და აგრეთვე არხსებობს ორი იერარქია – სამღვდელო და სამეფო, ჯვრის ორი ფრთაც ამას განასახიერებს. სამღვდელო, სასულიეროც იყოფა ორად – ამქვეყნიური იერარქია, რომლებიც მათზე ზემდგომს ემორჩილებიან პატრიარქი, ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები და ა.შ. და სულიწმინდით იერარქია, რომელიც ამქვეყნიურ სასულიერო იერარქიას არ ემორჩილება და ამის უფლება აქვს. მაგალითად: სალოსები,ბერები, „სტარეცები“ რატომ იყო, რომ სალოსებს უფლება ჰქონდათ პატრიარქი ემხილებინათ? ეს თვითნებური გადაწყვეტილებით კი არ ხდება, სალოსობას უფალი მოგიწოდებს. ბერისა და მონაზვნის სტატუსის გარჩევაც ბევრმა არ იცის. – ბერი ნიშნავს სულიერებაში დაბერებულს , „სტარეცობა“ რომ ჰქვია, ხოლო მონაზონი არის დამწყები, მგლოვიარე, როგორც ამას სულხან-საბა განმარტავს. ეს ბევრმა არ იცის და უნდა დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე…


J



– მამა ილია ვაშაკიძემ ასევე თქვა, რომ სალოსები ბოლო დროს არ იქნებიანო…

თეონა სარჩიმელია:- (მორჩილი)

-საიდან მოიტანა? პირიქით, მომრავლდებიანო…

-მამა ნიკოლოზმა და ყოფილმა ქორეპისკოპოსმა

მალხაზ ჯინორია:

-მამა გაბრიელი ამბობდა 40 წლის ბერი ვარ, მორჩილი არ მღირსებია და შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარო… ამას ნიკოლოზს ეუბნებოდა და ეს ესმოდა იქ მყოფ ხალხს, ტყუილია, რომ მამა ნიკოლოზმა თავი თვითონ გამოაცხადა მამა გაბრიელის ერთადერთ სულიერ შვილად.

-40 წირვაზე დასწრებას უდრის ერთი საათი წმინდანთან ყოფნასო-ეს ვისი სიტყვებია?

თეონა სარჩიმელია:

-ეს მამა გაბრიელის სიტყვებია. ჩემს გვერდით ერთი საათი ჯდომა 40 წირვაზე დასწრებას უდრის, რადგან ლოცვა სწორედ წმინდანების მიერ იწირებაო. როცა ვინმეს რამეს ვთხოვთ, წმინდანებს ვთხოვთო…

-მამა ილია ვაშაკიძემ თქვა, რომ შეიძლება აღსარება ჰქონდა მამა გაბრიელთან ნათქვამი მამა ნიკოლოზს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთადერთი სულიერი შვილი იყოო…

გიორგი ბარდაძე:

-მამა გაბრიელს ილია ვაშაკიძისთვის უნდა ჩაებარებინა დღის განრიგი და ეკითხა-თუ ვინ აეყვანა მოწაფედ?  მამა ნიკოლოზმა მითხრა,- მამა გაბრიელს  კი არ ეშინოდა ხმამაღლა ქადაგებდა სულ, სხვები კი მონასტერში იყვნენ ჩაკეტილებიო და ლოცულობდნენო , თავს იმიტო არ აკლავდა კომუნისტებს, რომ გამგრძელებელი და მოწაფე რომ დაეტოვებინაო…

–მემკვიდრედ გამოაცხადა თავი და არ ყოფილა მემკვიდრეო, ვაშაკიძე რომ იძახის- ჩვენ მომსწრე ვართ როგორ ეუბნებოდა მამა გაბრიელი ნიკოლოზს, მე მხოლოდ შენ გენდობიო… ასეთი ბერი საქართველოს არ ეყოლებაო დამემკვიდრეობაც მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, არავის სხვას და ამას ყველა  აქ მყოფნი ვადასტურებთ და არა მარტო აქ მყოფნი..

-მამა ილია ვაშაკიძემ თქვა, რომ ყოფილმა ეპისკოპოსმა ილარიონ სამხარაძემ და ნიკოლოზ მაქარაშვილმა ერთმანეთი ცოცხალ წმიდანებად გამოაცხადესო და ამის ვიდეო მტკიცებულებაც არსებობსო,რას იტყოდით ამის შესახებ?

გიორგი ბარდაძე:

-მე პირადად არ მყავს ცოცხალ წმინდანად გამოცხადებული მამა ნიკოლოზი! ჩვენ დაკარგული გვაქვს ნამდვილი სარწმუნოება. ადრე ბერები ერთმანეთს მიმართავდნენ ,,წმინდაო მამაო” და ამაში არაფერი იყო გასაოცარი, რადგან ისინი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

ლევან ფირცხალავა:

-თავად მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი უწყვეტიაო.

თეონა სარჩიმელია:

-არცერთი საეკლესიო კანონი არ აქვს მამა ნიკოლოზს დარღვეული.

მალხაზ ჯინორია:

-ასე რომ ყოფილიყო საკუთარ ეკლესიას ააშენებდა, აღსარებასაც მიიღებდა და ხალხსაც აზრიარებდა. იგი სრულიად დაემორჩილა სინოდის გადაწყვეტილებას.

-კიდევ ერთი, რასაც ვერც სასულიერო პირები და ვერც ხალხი ვერ იგებს, არის ის, რომ მამა ნიკოლოზმა უარი განუცხადა მეუფე სერაფიმე ჯოჯუას, რომელმაც კელია შესთავაზა…

-მან უარი იმიტომ განაცხადა, რომ მამა გაბრიელისგან ჰქონდა კურთხევა, მიდი და კარდაკარ იარეო. იქ ვიყავი მე, ეს რომ უთხრა! 30 სახლი აქვს გამოცვლილი მამა ნიკოლოზს!.. იოანე ოქროპირი ამბობს: ბერები ყველგან ეძებენ დასაკკვიდრებელ ადგილს და ვერსად პოულობენ, ხოლო წმინდანები არსად ეძებენ დასამკვიდრებელ ადგილს და ყველგან პოულობენო. სიმონ ახალღვთისმეტყველი კი ამბობს, რომ მონასტერზე მაღლა განდეგილობა დგას! ხოლო ცალკე კიდევ აქვს ნათქვამი, რომ განდეგილობაზე მაღლა ბერის კარდა-კარ სიარული დგასო! ცოდვა ისაა, ბერი რომ ერს დაუბრუნდება და წუთისოფლის სიამენი რომ შეუყვარდება, თორემ კურთხევით რომ აგზავნიან ერში, ეს ყველაზე მძიმეა… მამა ნიკოლოზი ამბობდა- ბერი მონასტერში, ეს არის ოთხიანი, ბერი ქალაქში, ეს არის ორიანი და სულის დაღუპვა, მაგრამ როცა მას კურთხევით აგზავნიან ერში, ეს ყველაზე მძიმეა და ეს არის ხუთიანიო!..

მონაზონი ტიმოთე ნოზაძე:

თვენახევარია რაც ძამის ხეობის მონასტრიდან მოვედი მამა ნიკოლოზთან და ვაპირებ მასთან დავრჩე. ვნახე ბევრი კურნება, როგორ განიკურნა ხალხი. იყო შემთხვევები, უბრალოდ მოსვლითაც იკურნებოდნენ. ჩანაწერებსაც ტოვებდნენ, რომ ვერსად განიკურნენ და მამა ნიკოლოზმა განკურნა ისინი. დღემდე მოდიან ასევე სასულიერო პირები, მღვდლები მონაზვნები, დედაოები… იმ იმედით რომ მამა ნიკოლოზი გვიშველის ყველას…

მონაზონი ილარიონ სვანიძე:

მე ვიყავი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. მეც და ჩემი მოძღვარიც ერთი წელი ვიტანჯებოდით იმიტომ, რომ მოძღვარს არ დავემორჩილე,როცა მითხრა დროა მონასტრიდან წახვიდეო, შენ აქ ამოწურე ყველაფერიო… აი როგორც მამა გაბრიელმა გამოუშვა ნიკოლოზი ერში, ასეთი რაღაცა გამიკეთა ჩემმა მოძღვარმა.ერთი წელი არ დავემორჩილე, ვიფიქრე მცდის და ამიტომ მეუბნება ამასთქო, მაგრამ კიდევ რომ გამიმეორა,წამოვედი მონასტრიდან…

-რამდენი ხანია რაც წამოხვედით?

-სამი თვეა. როცა წამოვედი, მივედი მამა გაბრიელის სიწმინდეებთან და იქ გავიცანი მისი სულიერი შვილი მამა ნიკოლოზის სახით. ვინაიდან მამა გაბრიელი ძალიან მიყვარდა,მისმა სიყვარულმა მომიყვანა მამა ნიკოლოზთან. წაკითხულიც მქონდა მის მიერ ნათქვამი სიტყვები-ნიკოლოზ, ჩვენ ერთი ვართო!” მას შემდეგ ვარ ერში…

-როგორც ვიცი, დეკემბერში გამოიცა მამა ნიკოლოზზე წიგნი, ვინ გამოსცა ეს წიგნი?


W



გიორგი ბარდაძე: მამა ნიკოლოზზე წიგნი “სიმართლეს როდესაც დაიცავ” პირადად მე გამოვეცი. მე ვკითხე მამა ნიკოლოზს დაახლოებით სამი წლის წინ-შეიძლება მამა ნიკოლოზ, თქვენზე გამოვცე წიგნი, სადაც მდუმარებამდე რასაც საუბრობდით, რაც ნათქვამი გაქვთ ჩემთვის, მალხაზისთვის და ა.შ ამ ნათქვამებს შევკრიბავ და ერთად გამოვცემ-მეთქი… კი, დაწერეო, დამეთანხმა, მაგრამ ჩემზე კარგი არაფერი დაწერო, არ შემაქოო- მანიშნა მდუმარედ და თითით მანახა-მეო ცუდი ვარო… როცა მსგავს წიგნებს გამოვცემთ, რა თანხასაც მასში ვდებთ, იმ თანხასაც ვერ ვიღებთ უკან, ეს სიმართლეა უბრალოდ და სწორად გამიგეთ… ამ წიგნების უმეტესობას უფასოდ ვაძლევთ მათ, ვისაც უჭირთ…და ესაც ცილისწამებაა, რომ ამით ვშოულობ ფულს და საპატრიარქოს  ,,ჯიბეს“ ვაკლებ თურმე-ვაშაკიძის აზრით…

მალხაზ ჯინორია:

ერთხელ მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზის გასაგონად ხმამაღლა იძახდა პატრიარქზე ცუდ რაღაცეებს, მამა ნიკოლოზმა კი უთხრა, არ მჯერაო. -არც უნდა დაიჯეროო, უპასუხა მამა გაბრიელმა. ეს სწავლებაა, ამას ყველა ვერ გაიგებს. არ მოგცემდა მამა გაბრიელი უფლებას პატრიარქზე ერთი სიტყვა მაინც გეთქვა-თვითონ კი ამხელდა. ერთხელ ეკლესიაში არ შეუშვა, წინ გადაეღობა. ამას ვინ გაბედავდა? მერე კი მოდიოდა და აქებდა, ასეთი პატრიარქი არავის ჰყავსო! მამა გაბრიელი ასეთ რაღაცას აკეთებდა კიდევ- ვისაც პატრიარქი ძალიან უყვარდა და ფანატიზმში ვარდებოდა, იმათ პატრიარქზე ცუდ რაღაცეებს ეუბნებოდა, ვისაც პატრიარქი არ უყვარდა, იმათ უქებდა. ხალხმა ზომიერება არ იცის და ზომიერებას ასწავლიდა ხალხს, როგორც ბერი ნიკოლოზი გვასწავლის… ამას გაგება სჭირდება, ზოგან ცუდს რომ ამბობდა და ზოგან კარგს. ეს სწორედ იმიტომ, რომ ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. მამა ნიკოლოზს სულიერი განათლებაც იმხელა აქვს, დიდი წიგნი გადაშალა და აქ შეცდომააო, არც უყურებდა წიგნს, ისე ამბობდა. მამა ნიკოლოზი ხშირად ხაზს უსმევდა, რომ არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის წევრი.

ლევან ფირცხალავა: 

-უდიდესი ძალა, განათლება და მადლმოსილება აქვს…

მალხაზ ჯინორია:

-მამა ნიკოლოზი ამბობდა, ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი მღვდლისაც კი მეშინია, რადგან არ ვიცი რატომ ჩააცვა ღმერთმა მას კაბაო… ასეთი მოწიწება და თავმდაბლობა გააჩნია ბერ ნიკოლოზს და მოდით დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე…  არ ვისაუბროთ იმ ადამიანზე ვისაც არ ვიცნობთ პირადად და არაფერი ვიცით მისი ცხოვრების შესახებ…

როცა გკითხავენ ვინ არისო ბერი ნიკოლოზიო, უნდა უპასუხო-“არ ვიცი”…




https://axaliambebi888.wordpress.com/


 



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016