საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს არ ეხება. განცხადება დეპუტატმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და განმარტა, რომ პროექტი ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს ეხება.
„საქართველოში ეს არ ეხება მარტო მართლმადიდებლობას. ეს ეხება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოება უნდა დავაწყნაროთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ამისთვის უნდა დაისაჯოს. ჩვენ კანონპროექტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დავხვეწოთ და თუ ლოგიკით ერთმანეთს დავარწმუნებთ, ალბათ შევჯერდებით", - აღნიშნა მან.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომლის ავტორიც „დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ამასთანავე, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.