„ათი წლის შემდეგაც ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა - დასაჯეთ თაკო სალაყაია, გურამ დონაძე, ვასილ სანოძე და სუფრის ყველა წევრი, ვინც ჩემს შვილს ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანა!" - აცხადებს მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც გირგვლიანმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, ოლეგ მელნიკოვის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა „შარდენ ბარში" სუფრასთან დაიგეგმა. სწორედ ამ ჩვენების გამო ითხოვს გურამ გირგვლიანი სალაყაიას, დონაძისა და სანოძის პასუხისგებაში მიცემას.
„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მეგონა, საქმე წინ წაიწევდა. ვითომ დაისაჯნენ მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. სანდროს საქმეზე მანამდე არ დადგება სამართალი, ვიდრე თაკო სალაყაია, გურამ დონაძე, ვასილ სანოძე და „შარდენ ბარის" სუფრის სხვა წევრები არ დაისჯებიან!
ამ დანაშაულის ერთ-ერთმა მოწმემ ოლეგ მელნიკოვმა აღიარა, რომ ყველაფერი „შარდენ ბარში" დაიწყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მკვლელობის დაკვეთა თაკო სალაყაიამ გასცა. ამაზე მეტი ფაქტი და მტკიცებულება რაღა უნდათ?! თუ მელნიკოვის სიტყვები მტკიცებულებად არ გამოდგება?! სააკაშვილის ხელისუფლების დროს თანამდებობის პირს კი არა, მეეზოვეს რომ დაედო ხელი ვინმესთვის, მაშინვე დაიჭერდნენ.
სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ „შარდენ ბარის" სუფრის წევრები დაესაჯათ, მოსამართლე მურუსიძე დააწინაურეს",- განაცხადა გურამ გირგვლიანმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"