აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში" აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ატლანტიკური საბჭოს ანგარიში კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას ეყრდნობა.
ატლანტიკური საბჭოს ანგარიშს „დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავ ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ" ეკონომიკური პორტალი bpn.ge ავრცელებს.
აღნიშნული ანგარიშის ავტორი აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს.
ანგარიშის მიხედვით, დღეს საქართველო თურქეთსა და ევროპაში დღეში დაახლოებით, 2 მილიონ ბარელი ნავთობის ტრანზიტს უზრუნველყოფს. ხოლო, ენერგორესურსების ექსპორტისგან მიღებულ უზარმაზარ მოგებას შეუძლია აქციოს ეს ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ და უზრუნველყოს ფინანსური ბაზა ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისთვის და სოციალური დაცვის გაუმჯობესებული სისტემისთვის.
„ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დამოკიდებულია რუსულ გაზზე ან წარმოადგენს მთავარ სატრანზიტო კორიდორს რუსული და კასპიური გაზისთვის, სინამდვილეში ენერგორესურსების დიდი მარაგი აქვს. ამ თვალსაზრისით ამ ქვეყნებს შეუძლიათ გახდნენ დამოუკიდებელი ან თითქმის დამოუკიდებელი. მაგალითად, საქართველო ევროპისთვის ნახშირწყალბადის პოტენციურად მნიშვნელოვანი წყარო გახდა.
თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს, გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.
„სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი" შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმინალით, ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით.
საქართველოს მზარდი როლი აქვს როგორც ნავთობის და გაზის დასავლეთ-აღმოსავლეთის ტრანზიტულ ჰაბს, მწარმოებლისა და ექსპორტიორის სტატუსი ამ ქვეყანას უფრო მეტ რეგიონულ აქტუალურობას მისცემდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ახლა აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს საკუთარი მნიშვნელობა NATO-სთვის და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ამას ხელს უწყობს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა, სადაც ის ესაზღვრება NATO-ს ყველაზე დასავლელ წევრ თურქეთსა და ასევე რუსეთს.
სტრატეგიული ადგილმდებარეობით და რეზერვებით, ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალთან და თურქული ბაზრის სიახლოვესთან ერთად, საქართველო შეიძლება გახდეს ენერგერესურსების პერსპექტიული მიმწოდებელი არა მხოლოდ შავი ზღვის მთელ რეგიონში, არამედ მის გარეთაც", - წერს არიელ კოენი.