reportiori.ge - ლია მუხაშავრია: მეჩვენება, რომ სასამართლო სისტემაში აფეთქდა ბომბი, რომელმაც შეიძლება გადაიყოლოს მთელი სახელმწიფო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:26
პრეს-დაიჯესტი
ლია მუხაშავრია: მეჩვენება, რომ სასამართლო სისტემაში აფეთქდა ბომბი, რომელმაც შეიძლება გადაიყოლოს მთელი სახელმწიფო
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 14:35


იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებსა და მოსამართლეთა კორპუსში არსებულ ვითარებაზე „ინტერპრესნიუსი" უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელ დირექტორს ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

 

- ქალბატონო ლია, მოსამართლეთა რიგით მე-16 კონფერენციის გადაწყვეტილებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მურუსიძის არჩევამ, რიგი მოსამართლეების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა - „მე მურუსიძე ვარ" და იმის მტკიცებამ, რომ გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე მურუსიძეს „სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო", რბილად რომ ვთქვათ, მოსამართლეთა კორპუსის საკმაოდ დიდი ნაწილის მიმართ არათუ კრიტიკული, უნდობლობის განწყობაც კი გააჩინა, რაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ, საკმაოდ სახიფათოა. გასაგებია, რომ მართლმსაჯულების საკითხის წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით განხილვა არც მთლად მართებული და არც იოლი საქმეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხს საზოგადოების მაღალი ინტერესი არ აკლია, როგორ შეაფასებდით მომხდარს? რას შეიძლება ნიშნავდეს მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან საზოგადოების თვალში როგორც მინიმუმ დისკრედიტებული მურუსიძის დასაცავად უპრეცედენტო გამოსარჩლება?



- მართლმსაჯულების ხელისუფლების შტოში ძალიან რთული ვითარება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს პროცესი სისტემაში ახლა არ დაწყებულა - 10 წელზე მეტია, რაც ეს პრობლემა წარმოიშვა. ეს იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება სასამართლო ხელისუფლებას უმცირებდა უფლებამოსილებას, ცვლიდა საპროცესო კანონმდებლობას. მაგალითად, სისხლის სამართლის პროცესში დაცვასა და თვით სასამართლოსთან შედარებითაც მეტი უპირატესობა ჰქონდა პროკურატურას. ასეთ ვითარებაში სასამართლოები გადაიქცნენ პოლიტიკური დაკვეთის აღმსრულებლებად. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩემი კოლეგების წრეებში მათ ნოტარიუსებსაც ეძახდნენ. ისინი საბოლოოდ აკანონებდნენ იმ უკანონობას, რაც იწყებოდა პოლიციასა და პროკურატურაში. სასამართლო დარბაზებში ამის „ლეგიტიმაცია" სწორედ მოსამართლეთა მიერ ხდებოდა. ეს პროცესი მიდიოდა ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად იმათთვის, ვინც უშუალოდ არ იყო ამ პროცესში მონაწილე, მხარე ან მსხვერპლი.



ახლა მეჩვენება, რომ ბომბი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ფრთხილად და ასევე ჩუმად ამზადებდნენ, აფეთქდა. ამ აფეთქებამ შეიძლება გადაიყოლოს მთელი სახელმწიფო. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ მე ძალიან საშიშ ვითარებას ვხედავ. სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების სხვა შტოებთან შედარებით სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილურობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. სასამართლო იმისთვის კი არ იქმნება, რომ თქვენსა და ჩემს შორის მტყუან-მართალი გაარჩიოს, სახელმწიფოში სასამართლო და მოსამართლე პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება გადავა კონსტიტუციით და კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს, ანუ, თუ უმაღლესი თანამდებობის პირები კანონს თვითნებურად მოექცევიან და გამოიყენებენ, მათ თავისი ადგილი მიუჩინოს და არ მისცეს უფლება, კანონი დაარღვიონ. ჩვენ ასეთი სასამართლოსკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ახლა კი ჩვენ მივიღეთ სასამართლო, რომელიც თქვენსა და ჩვენს შორის მტყუან-მართალს ვერ არჩევს.



- მადლობა, რომ ამ ურთულესი თემის წინაისტორია გაგვახსენეთ, მაგრამ რაც შეეხება პირველი კითხვის ძირითად ნაწილს, მასზე რას იტყოდით...



- პროცესებს, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე, თავისი შინაგანი დანაშაულებრივი ლოგიკა აქვს. ადამიანები, რომლებსაც დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ვგულისხმობ მოსამართლეებს, პროკურორებს, დაუსჯელი დარჩნენ. აღიარებული ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ მცირე 215 ადამიანი გვყავდა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი, მაგრამ ვინც ეს ადამიანები უკანონოდ დევნა, მათ წინააღმდეგ საქმეები შეთითხნა და რაც მთავარია, ვინც მათ წინააღმდეგ უკანონო განაჩენებს მოაწერა ხელი, ეს ის მოსამართლეები არიან, ახლა კანონის ენით რომ ესაუბრებიან ყველას - საზოგადოებას და მათ შორის პრეზიდენტს.



ეს ადამიანები, ანუ მოსამართლეთა კორპუსის საკმაოდ დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხვდება, რა კატეგორიის დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური და იმავდროულად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან კარგად გაქექილი მოსამართლეთა ის ჯგუფი, რომელიც თავის გადასარჩენად ყველაფერზე მიდის. ამიტომ, მათი მხრიდან მურუსიძის ირგვლივ დარაზმვა და მისი მხარდაჭერა დასრულდა მათივე განცხადებით, რომ მურუსიძეები არიან.



სახელმწიფოს განსაკუთრებული რეგულირება სჭირდება იარაღით შეარაღებული ადამიანების, სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ, იმიტომ რომ ისინი სახელმწიფოს სახელით მოქმედი ადამიანები არიან. თუ იარაღიანი ადამიანი კანონის ჩარჩოებიდან გამოდის, ძალიან საშიშია. მე ვამტკიცებ, რომ ამ თვალსაზრისით სასამართლო და მოსამართლე გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ჩვენი მთელი შეიარაღებული ძალები და პოლიცია, იმიტომ რომ ისინი კანონს ძალიან კარგად ირგებენ, ასევე ოსტატურად არღვევენ და ამას კარგადაც მალავენ. ახლა მოსამართლეთა კორპუსი ძალიან კარგადაა ორგანიზებული, რომ ჩადენილი დანაშაულები დამალონ.



- ჩვენთვის, უბრალო მოქალაქეებისთის, ძნელია მოსამართლეებთან იურიდიულ კამათში შესვლა. ეს არც იქნებოდა მართებული, მაგრამ თუ ჩვენმა მოსამართლეთა კორპუსმა არ იცის, რა არის ზნეობრივი და ღირსეული და უზნეო და უღირსი საქციელი, მათ მოსამართლეობას საერთოდ რა აზრი აქვს? და კიდევ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა: „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის დაუყოვნებლივ გასატარებელი". გამოდის, რომ მოსამართლეთა კორპუსი მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმებს ეწინააღმდეგება?



- კონსტიტუციით და კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც ახორციელებს მოსამართლეთა შერჩევას, მოსამართლეთა დანიშვნას მოსამართლის თანამდებობაზე და მის გათავისუფლებასაც დაკავებული თანამდებობიდან, ანუ, ეს არის საკვანძო ორგანო, ქვაკუთხედი იმისთვის, რომ მურუსიძე და მის ირგვლივ გაერთიანებული მრავალი მურუსიძე მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. რეალურად კი, ახლა ჩვენ სულ სხვა რამ მივიღეთ - ერთთავიანი ურჩხული გადაიქცა მრავალთავიან ურჩხულად. იუსტიციის საბჭო არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. ამ ორგანოს მხრიდან ჩვენ უკვე დავინახეთ ამავე ორგანოს საკუთარი მიზნებისთვის მორგება. ამიტომ, თუ ამ ორგანოს ძირეული რეფორმა არ მოხდა, ჩვენი ვერანაირი კრიტიკა, მთელი ქვეყანა რომ დავაქციოთ, ქუჩაში გამოვიდეთ და პროტესტი გამოვხატოთ, ვერაფერს ვერ შეცვლის, თუ საკანონმდებლო ხელისუფლებამ არ მიიღო ცვლილებები, რომელიც ამ ორგანოს რადიკალურად და ძირეულად შეცვლის.



ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან გამოცდილ, ძალიან კვალიფიციურ და ერთმანეთთან ძალიან კარგად შეკრულ, ორგანიზებულ და შეიძლება ითქვას, შედუღაბებულ იურისტთა, ყოფილ მოსამართლეთა და ამჟამინდელ მოსამართლეთა კორპუსთან.



- თქვენ იმ მოსამართლეებს გულისხმობთ, რომელთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართვას?



- დიახ, რა თქმა უნდა. მე როცა ვამბობ, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია, ეს ფაქტი პირველ რიგში ამას ადასტურებს. ამ ჯგუფს ახლა არ ეშინია, დაუპირისპირდეს საქართველოს პრეზიდენტს. როდესაც ეს კასტა თავს ამის უფლებას აძლევს, წარმოგიდგენიათ, რიგით მოქალაქეს და დანარჩენ საზოგადოებას რას უზამს? ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე.



ამ ორგანოს, ანუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ვერაფერს აკეთებს. ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ძალიან კარგად უპირისპირდება და მურუსიძის დანიშვნით უკვე დაამარცხა იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალბატონი გვენეტაძე არის ძალიან ღირსეული და გამოცდილი იურისტი. ახლა ისინი მიუბრუნდნენ პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციით და ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის წესით მართლმსაჯულების სისტემის წინამძღოლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი გახლავთ პირი, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას.


 

- იმან, რომ ნინო გვენეტაძეს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობაში მონაწილოება არ მიუღია, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სავსებით სწორად შენიშნა - „ასე შემთხვევით მივლინებას არ იგრძელებენ". მისივე ნათქვამი - „სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული" სწორედ იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ 10 წლის ვადით შარშან დანიშნული სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა კორპუსს იგნორირების რეჟიმში ჰყავს ჩაყენებული. გვენეტაძის უკან რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი დგას, ცხადია, ვინაიდან მან წარადგინა ქალბატონი გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. ვინ შეიძლება იდგეს მოსამართლე მურუსიძის უკან? - „ნაცმოძრაობა" (რომელსაც მის წინააღმდეგ შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები, როგორც ბევრი ამტკიცებს), ბატონი ივანიშვილი (რომელსაც შეხვედრა ჰქონდა მურუსიძესთან) თუ მოსამართლეთა კორპუსი მართლაც თავის თამაშს თამაშობს?



- ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. მურუსიძის ფენომენი წარმოიშვა კომპლექსური, მრავალი ფაქტორის ერთიანობის შედეგად. გვახსოვს, რომ იგი თანამდებობაზე წინა ხელისუფლებამ წარადგინა. მე კარგად ვიცი, თუ როგორ ხდებოდა მაშინ მოსამართლეთა დაწინაურება და პრინციპულ და კარგ მოსამართლეებს რას უშვრებოდნენ. მურუსიძე „ნაცმოძრაობასთან" ძალიან მჭიდრო და ახლოსმდგომი პირია. მე ეჭვი და ვარაუდი გამოვთქვი, რომ ახალ ხელისუფლებასაც სჭირდებოდა მურუსიძე თავისი უკანონობების „დასაკანონებლად" და სასამართლოს მიერ ნოტარიუსის ფუნქციის შესასრულებლად.



ალბათ, მურუსიძე იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა გამოხატა მზაობა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ასეთი დანიშნულებითაც იმუშავებდა. ეს ჩემი ვარაუდი თავად ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა, როდესაც თქვა - მურუსიძე არის მსხვერპლი. როცა მე ეს პირველად მოვისმინე, გული ჩამწყდა. იმიტომ რომ, მურუსიძის მსხვერპლი მთელმა ქვეყანამ ვიცით, ვინაა - გირგვლიანების ოჯახი და ირინა ენუქიძე. როდესაც ივანიშვილმა თავს უფლება მისცა და მურუსიძეც მსხვერპლად მოიხსენია, ეს გახლდათ მურუსიძის ხელით უკვე გაწერილი გარიგების დადასტურება, იმიტომ რომ არც მურუსიძეს ეშინია არავისი ამ ქვეყანაზე და არც ივანიშვილს არ შეეშინდა, ეს ეთქვა. მან არა მარტო თქვა, რომ მურუსიძე მსხვერპლია, არამედ შემდეგ შეეცადა „დაესაბუთებინა", თუ რატომაა საწყალი მურუსიძე მსხვერპლი. ბატონი ივანიშვილისა და სხვათა გასაგონად უნდა ვთქვა - თუ ხელისუფლება მურუსიძის მსგავს ურჩხულებს გამოიყვანს, ბოლოს ეს ურჩხულები მათაც გადასანსლავენ. მაშინ მე ამისთვის არავინ დამენანება.



- ბრძანეთ, რომ პარლამენტმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები. თქვენი აზრით, ამისთვის პარლამენტმა დღეს რა უნდა გააკეთოს?



- ჩემი აზრით, პარლამენტს გასატარებელი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. პირველ რიგში ეს გახლავთ ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანა, რისთვისაც გაცილებით მეტი ქვორუმია საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ კანონში ცვლილებების შეტანა. ეს რომ მოხდეს, პარლამენტის შიგნით უნდა იყოს ამ საკითხზე ერთიანობა, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. თანაც ცვლილება უნდა შევიდეს არა ერთ და ორ მუხლში - უნდა შეიცვალოს ამ ორგანოს ფორმირების წესი და ახალი წესით და ახალი პროცედურით უნდა შეიქმნას იმავე ფუნქციებით ახალი ორგანო, რაც დღეს აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. როცა ახალი ორგანო შეიქმნება, მხოლოდ შემდეგ, კანონმდებლობა ასეთია, შეწყვეტს თავის უდღეურ არსებობას დღევანდელი საბჭო.



სხვაგვარად მისი გარეკვა, დათხოვნა ან სხვა პროცედურით შეცვლა, შეუძლებელია, ვინაიდან ყველა ამგვარი ქმედება არალეგიტიმური იქნება. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სხვა გზა აღნიშნულთან მიმართებაში, ძალიან ცუდი სამართლებრივი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის.



ორგანულ კანონში ცვლილებები რომ განხორციელდეს, „ოცნებას" და „ნაციონალებს" შორის შეთანხმება უნდა შედგეს. ამის მიღწევა დღეს დაუჯერებელი მეჩვენება. ჩემი აზრით, საზოგადოების პროგრესულ ნაწილს, რომელიც ამ პროცესს ხედავს და ღია ომს უცხადებს, ერთადერთი გამოსავალი აქვს - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რათა ვაიძულოთ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ პარლამენტში მოხვედრა, თავიანთ პროგრამაში ძალიან მკაფიოდ გვითხრან, რომ ამას გააკეთებენ და ასევე გვითხრან - როგორ. მე წელს არ მაქვს იმის იმედი, რომ იუსტიციის საბჭო წავა და მივიღებთ ახალს, რომელიც არსებულ უმსგავსობას შეაჩერებს. ამ პროცესს თუ თუნდაც ერთი წელი დასჭირდება, ეს იქნება დიდი უბედურება, ვინაიდან ამ პერიოდში გამოცხვებიან „სამიდღემჩიოდ" დანიშნული ახალგამომცხვარი მოსამართლეები, რომლებსაც შემდეგ ძვრასაც ვერ ვუზამთ.




წყარო: „ინტერპრესნიუსი", კობა ბენდელიანი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016