ტელეკომპანია „მაესტროს"დირექტორად არჩეულმა ლევან გაჩეჩილაძემ პარტნორთა კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე - რატომ დაიწყო „მაესტროში" მიმდინარე პროცესები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, განაცხადა, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული მოვლენები მოახლოებულ არჩევნებთან კავშირში არ არის.
მისი თქმით, იგი საერთოდ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და „პოლიტიკა სხვანაირადაც შეეძლო გაეკეთებინა".
„საქართველოში არჩევნების სერია არ მთავრდება. თუ ავიღებთ სამი სიბრტყის არჩევნებს - პრეზიდენტის, პარლამენტისა და მერის, ჟურნალისტებს თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ ყოველი წელი არჩევნების წელია. საერთოდ არ ვარ პოლიტიკურად მოტივირებული. პოლიტიკა სხვანაირადაც შემიძლია ვაკეთო ჩემი წარსულიდან გამომდინარე. მინდა, რომ შეიქმნას უაღრესად თავისუფალი, გამჭვირვალე და მოტივირებული ადამიანებისგან ძალიან კარგი ტელევიზია", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.