ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მთავარ ამოცანად „მაესტროს" გადარჩენას ასახელებს.
„ჩემთვის უმნიშვნელოვანესი „მაესტროს" გადარჩენაა. მინდა, ტელევიზია ინტელექტუალური, ცივილური და თანამედროვე გახდეს, - ჩემი მიზანია გუნდურობისა და კოლექტივის ერთიანი სულისკვეთების შექმნა, სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო რესურსის გაერთიანება და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, რეიტინგის ზრდა და სხვა ტელევიზიებთან ჯანსაღ კონკურენციაში შესვლა. ყველაზე მეტად - „რუსთავი 2"-თან, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით, მის მიერ შექმნილი სტერეოტიპები დავანგრიო. ახალ „მაესტრომდე" ყველაფერი შენარჩუნდება. მერე კი, ტრანზაქცია ახალ ფორმატში მოხდება",- განაცხადა გაჩეჩილაძემ გადაცემა 2030-ში.
მისივე თქმით, ირაკლი რუხაძემ, რომელსაც დიდი ხანია, იცნობს, ფული ასესხა და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.
„ეს კერძო სესხია და კონფიდენციალურია. ვიღაც-ვიღაცების მარჩიელობაზე, ეს თანხა რატომ გვასესხა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. როცა ბაია გადაბაძე „მაესტროსთვის" სესხს იღებდა, რატომღაც, მისი უკან დაბრუნების ვალდებულებაზე არ ფიქრობდა. საერთოდ, ეს ნონსენსია, როცა ადამიანი ორგანიზაციის გაკოტრებაზე ხელს აწერს და მერე, თავისი უფლებამოსილების შეწყვეტა უკვირს"- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმი, ფინანსური თვალსაზრისით, „მაესტროში" ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ.
„ჯერჯერობით, ბევრი გაურკვევლობაა. მათ „მაესტროს" გაკოტრება გადაწყვიტეს, რომ ძმები გაჩეჩილაძეები თამაშგარე მდგომარეობაში დაეტოვებინათ და ჩვენ ტელევიზიის გადარჩენისთვის ბრძოლა დავიწყეთ. მინდა, „მაესტროს" თანამშრომლები და საზოგადოება დავამშვიდო და ვთქვა, რომ არავითარ დაძაბულობას და კანონიერი გზიდან გადახვევას არ ვაპირებ, მაგრამ კანონზე მაღლა დგომას, არავის მხრიდან არ დავუშვებ",- აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ 2030-ში.