„ბევრი წინააღმდეგობის, დაპირისპირებისა და კონფლიქტის შემდეგ, კოლეგიალური შეთანხმებით, ჩემი ფუნქციების შესრულებას ნამდვილად ვახერხებ",-ამის შესახებ გადაცემა 2030-ში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
„ჩემს პოზიციას ვაცნობიერებ და საბჭოს წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის ყველაფერს ვაკეთებ. საერთო სასამართლოების სისტემაში ყველა ძირეული ცვლილება იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ჩვენი სფერო სპეციფიურია და ყველა მოსამართლის პოზიციის გათვალისწინება საჭიროა. ვთვლი, რომ ჩემსა და სასამართლო კორპუსს შორის თანამშრომლობა ნამდვილად შედგა"- აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესითაც უკმაყოფილო არ არის.
„საბჭოს მოსამართლე წევრებს მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. დანარჩენ წევრებთან მიმართებაში, პრეზიდენტს და პარლამენტს თავისი კვოტები აქვთ, მაგრამ საბჭოს წევრთა რაოდენობა რაც უფრო ბევრი იქნება, მით უკეთესია. მოსამართლე წევრთა არჩევა რომ მოსამართლეთა კონფერენციას ეკუთვნის, დემოკრატიულია. თუმცა, გაუმჯობესებაზე მუდმივად უნდა ვიფიქროთ",- განაცხადა გვენეტაძემ.