reportiori.ge - „ბეღურების გადაფრენა“ 30 წლის შემდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:49
კულტურა
„ბეღურების გადაფრენა“ 30 წლის შემდეგ
ავტორი:
05 თებერვალი, 2016. 11:30


„სწორედ ასეთი ვაჟკაცი კაცისგან იყო განსაკუთრებით სასიამოვნო იმის მოსმენა, რაც მოვისმინე", - გთავაზობთ არქიტექტორ-ურბანისტ ირაკლი ჟვანიას წერილს, რომელიც საფრანგეთში რეჟისორ თემურ ბაბლუანთან შეხვედრას შეეხება:

 

„პარიზში საოცარი ამინდი იყო. მზის და Cafe Creme სუნი რომ ტრიალებს გარშემო... რაღაცა აქვს ამ ქალაქს ისეთი, რაც სხვაგან არ მიგრძვნია არსად. არ ვიცი, ეს რა არის... თითქოს კაფეები და ადამიანები ისევე გამოიყურებიან, როგორც მილანში ან ნიუ-იორკში ... სხვაგანაც არის ბევრი სანახაობა, რომელიც არ დაგავიწყდება, მაგრამ... პარიზს აქვს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მას აქვს. იმ დღეს საგამოფენო დარბაზში, რომელსაც რატომღაც „ტოკიოს ცენტრი" ჰქვია, შევხვდი თემურ ბაბლუანს. მას არ ვიცნობდი. გავეცანით ერთმანეთს. საუბარში ვუთხარი, თქვენ მამას ალბათ იცნობდით-მეთქი. ვისი შვილი ხარო? გურამ ჟვანია რომ ვუხსენე, შეცბა, მომეხვია და მითხრა, კვირის ბოლოს დაგირეკავ აუცილებლადო. ჩვენი პარიზული დღეები ისევ გაგრძელდა. თემური აღარ რეკავდა და მეც მეგონა, რომ ეს ალბათ მორიგი არაფრისმთქმელი შეხვედრაც ასე დამთავრდებოდა. კვირის ბოლოს მობილურზე ზარი გაისმა. რეკავდა თემურ ბაბლუანი. საღამოს მეტრო „ვაგრამთან" გელოდებით 9 საათზე, ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში გეპატიჟებითო. ჩემთვის თემურ ბაბლუანი ეს არის ბავშვობის მოგონება - ეს არის „ბეღურების გადაფრენა", რომელმაც ძალიან იმოქმედა მაშინ და ამ ფილმის გამო სულ მქონდა შეკითხვები. მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. საღამოს 8 საათზე მე და ესმა სახლიდან გავედით და მეტროში  მაინცდამინც იმ დღეს დაგვემართა ის, რაც არასდროს მომსვლია არც მერე და არც მანამდე. მეტროში ორი მწვანე ხაზი აგვერია და სამჯერ გადაჯდომა მოგვიწია სხვადასხვა გაჩერებებზე... 40 წუთი დავაგვიანეთ. მიწისქვეშა გადასასვლელიდან რომ ამოვედით, მეგონა, თემური აღარ დამხვდებოდა. აღარ მოველოდი, ის მეტროს მოაჯირზე ჩამოყრდნობილი იდგა და გველოდებოდა აშკარად დაღლილი სახით. ჩვენს მაგიდაზე ალბათ სხვები დასვესო, ერთი კი თქვა და წავედით რესტორანში. რომ მივედით, ჩვენი ადგილები დაკავებული იყო და ვისკით დავიწყეთ ბარში ჩვენი საღამო...

 

სულ მაგონდებოდა ბუბა ხოტივარის ნაამბობი ბაბლუანზე. ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია, სისხლი ამოიღოს და გაჩუქოს,  ამ დროს კი რაღაც პატარა დეტალზე გაგიჟდეს და შემოგიტიოსო... მაგიდასთან დაგვსვეს როგორც იქნა და საღამოც ქართული ღვინით დავიწყეთ, რომელიც წაღებული მქონდა, ჩვენმა მეგობარმა საშა ხარებავამ გაგვატანა შესანიშნავი „ხარება საფერავი"...

 

თემურს რომ ვუყურებდი, ძალიან ღელავდა და თან ძალიან უხაროდა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. რამდენიმე ხანში თემურმა ჭიქა ასწია და მითხრა - შენ არ იცი, ჩემთვის რა სიხარულია ეს შეხვედრა, ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის შვილი რომ ვნახე აქ, საფრანგეთშიო. თურმე თემური და მამაჩემი დიდი მეგობრები ყოფილან, როდესაც მამა გარდაიცვალა 1983 წელს, თემური არ ყოფილა თბილისში. მე ჩემს გურამს მაშინ სვანურად შესანდობარი ვერ ვუთხარიო, ისეთი სადღეგრძელო დალია, ახლაც მაჟრიალებს, რომ მახსენდება... ამას დაემატა ისიც, რომ თურმე თემურის დედა გვარად ჟვანია ყოფილა... მოკლედ, ასეთი თბილი და ემოციური საღამო მე ცოტა მახსოვს ჩემს ცხოვრებაში... ჩვენი მაგიდა ქუჩაში იდგა, გარშემო მოძრაობდა ხალხი, მიქროდნენ ბუზებივით ფრანგი მოტოციკლისტები, ჩვენ კი სამი ქართველი ვისხედით და 30 წლის წინ გარდაცვლილი მამაჩემის სვანურად ნათქვამ მოსაგონარს ვისმენდით...

 

ბევრი ამბები რომ მოვყევით, ვუთხარი, რაღაც მინდა გკითხო, თუ არ გეწყინება-მეთქი. რაც გინდაო, მითხრა. სამი ათეული წელია, ამის კითხვა მინდოდა და რა საოცარია, რომ პარიზში, რესტორანში ვახერხებ, ერთი კითხვა დაგისვა-მეთქი - „ბეღურების გადაფრენა" რომ გადაიღე, ის კაცი გუჯა ბურდულს რატომ გაალახინე, ახლა რომ გადაგეღო, ისევ იმავეს იზამდი-მეთქი? რა დაგიშავა იმ საწყალმა „მალიარმა", ოპერის მომღერლად რომ ასაღებდა თავს, ცუდი ხომ არაფერი გაუკეთებია-მეთქი... ჩაფიქრდა თემური. მერე შემომხედა და მითხრა, საინტერესო რამეს მეკითხები, მამაშენივით გცოდნია რაღაცის დანახვა შენებურადო... რა გითხრა, სვან კაცს მთელი ახალგაზრდობა მეგონა, რომ ჩხუბი მაგარი ბიჭობაა, ყველა პიჟონი უნდა გალახულიყო... პარიზში პირველად რომ ჩამოვედი, ისევ მაგ ჭკუაზე ვიყავი... ერთხელ მეტროში ჩავედი და ამ დროს ორმა ბიჭმა ვიღაცა ქალს საყურეები ჩამოგლიჟეს, დავიჭირე და ორივე ისე ვცემე, კაფელზე სულ სისხლები ვასხმევინე. რომ დავყარე და გამოვიხედე, მეტროში ყველა მიყურებდა როგორც ნადირს, ცხოველს. არავის არ აინტერესებდა, რომ მართალი ვიყავი, რომ ისინი საცემი იყვნენ. თვალებით მეუბნებოდნენ - ადამიანო, ასე რამ გაგამხეცა? როგორ შეგიძლია, ასე ადამიანებს მოექცე? იმ დღის მერე ჩემში რაღაც პროცესი დაიწყო. მოთმინების, მიმტევებლობის სწავლის. ქართველი ხომ ფეთქებადია და უმალ შეუძლია, ჩხუბზე გადავიდეს ერთი სიტყვის გამო. აქ, საფრანგეთში სულ სხვანაირადაა. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონს ბოქსში  რომ ხელი გაარტყა, მოვა და გკითხავს - რამ გაგამწარა, ბიჭო, ესე? იმიტომ კი არა, რომ შეეშინდება, არა. უბრალოდ იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ხელების ქნევა და ჩხუბი პრიმატების ხვედრია და განვითარებულ ადამიანს უნდა შეგეძლოს შენს თავში პირველყოფილი ინსტინქტების მოოკება. ახლა პარიზში რომ ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს, გგონია, ხელს გავიქნევ? დაველაპარაკები. ვკითხავ, რას მერჩი, რატომ?...

 

ვუსმენდი თემურს და მსიამოვნებდა, რომ ამ კაცმა ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა, რომელიც ასე აკლია ქართველების უმრავლესობას. არსებობს ხელის ქნევის საშუალება და არსებობს თავშეკავების საშუალება.

 

ერთხელ თურმე კარატეს მეტრს ოიამას კითხეს - თქვენი ყველაზე დიდი მოგებული ბრძოლა რომელიაო. როდესაც ხელი არ გამინძრევიაო, უპასუხია ოიამას.

 

თემურ ბაბლუანს რაც ნაჩხუბი აქვს ცხოვრებაში, ათ კაცს ეყოფა. და სწორედ ასეთი ვაჟკაცი კაცისგან იყო განსაკუთრებით სასიამოვნო იმის მოსმენა, რაც მოვისმინე.

 

საოცარი საღამო იყო, ღამის 4 საათამდე ვისხედით. ძალიან ბევრი დავლიეთ, მაგრამ თითქოს არაფერი, ისე ვგრძობდით თავს... არ ვიცი, თემურმა რამდენი გადაიხადა, ვხვდები, რომ ძალიან ბევრი, რესტორნის სტატუსიდან გამომდინარე. რომ ავდექით, წამოდი, კარგ კაცთან მიგიყვანოო, მითხრა, შენ მოგეწონებაო. ღამის 4 საათია, ვისთან-მეთქი? წამოდი, წამოდიო... ათი წუთი ვიარეთ და აღმოვჩნდით დარტანიანის ულამაზეს ქანდაკებასთან. იდგა ჩემი ბავშვობის განუყრელი მეგობარი გასკონელი და გვიყურებდა ზემოდან ორ ქართველ კაცს და ერთ ქალს, რომლებმაც  იმ საღამოს საფრანგეთში ქართულად განვიცადეთ მეგობრობის და სიყვარულის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც თურმე პარიზში შეიძლება მოგიწყოს ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ქართველმა სვანმა კაცმა, თემურ ბაბლუანმა..." - წერს ირაკლი ჟვანია. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016