reportiori.ge - ირაკლი კორძახია: ლევან გაჩეჩილაძე თითოეული ჟურნალისტის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:30
ინტერვიუ
ირაკლი კორძახია: ლევან გაჩეჩილაძე თითოეული ჟურნალისტის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება!
06 თებერვალი, 2016. 14:48


ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებზე „რეპორტიორთან" ინტერვიუში ტელეკომპანიის წილების 55%-ის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია საუბრობს:

 

- ბატონო ირაკლი, რა პროცესებთან გვაქვს საქმე „მაესტროსთან" მიმართებაში და გამორიცხავთ თუ არა აღნიშნულ საქმეში რაიმე პოლიტიკურ ინტერესს?


- აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ნამდვილად არ არის. ერთ პარტნიორს უნდა „მაესტროს" გაკოტრება. შესაბამისად, გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის ყველანაირად აღუდგებოდა წინ „მაესტროს" გაკოტრების პროცესს. დღეს მან შეცვალა დირექტორი, რათა ახალმა დირექტორმა შეიტანოს სასამართლოში განცხადება, რომ „მაესტრო" არ გაკოტრდეს. არანაირი პოლიტიკა ამის უკან არ დგას. გია და ლევან გაჩეჩილაძეები არ წარმოადგენენ ამჟამად პოლიტიკურ ფიგურებს. ჩვენი სურვილია, რომ „მაესტრო" გადარჩეს, მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს და აღარ მოხდეს ისე, როგორც ბაია გადაბაძის მმართველობის პირობებში ხდებოდა, რომ ერთ დღეში ორმა ათეულმა ჟურნალისტმა დატოვა „მაესტრო". ლევან გაჩეჩილაძე იძლევა გარანტიას, რომ მსგავსი რაღაცები აღარ განმეორდება. ლევან გაჩეჩილაძე თითოეული ჟურნალისტის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.

 

- რამდენად კანონიერია ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილება?


- ბაია გადაბაძე დღეს აღარ არის დირექტორი, რადგან პარტნიორებმა ხმათა უმრავლესობით, ნოტარიუსის თანდასწრებით, მიიღეს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. მის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება ვერ იქნება „მაესტროს" სახელით გაკეთებული განცხადება. მის მიერ დავალებული ნებისმიერი საქმე თანამშრომლების მიმართ, იქნება უკანონო.


ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნა არის კანონიერი. ლევან გაჩეჩილაძე რომ დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში, უნდა გაიაროს რამდენიმე ინსტანცია. ნოტარიუსი უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა, მეურვემ უნდა მისცეს თანხმობა ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია.


- ამ შემთხვევაში, მეურვე ვინ არის?


- მეურვე არის სასამართლოს მიერ დანიშნული თბილისის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელი. კანონის თანახმად ასეა.


პარტნიორებს შორის ურთიერთობებსა და „მაესტროს" თანამშრომლებთან ურთიერთობებში ლევან გაჩეჩილაძე უკვე დირექტორია. მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორიც არის ბანკი, საგადასახადო ინსპექცია და ა.შ. ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია.

 

- როდის დაიწყებს ლევან გაჩეჩილაძე მოვალეობებისა და უფლებების შესრულებას?


- მას შემდეგ, რაც ის დარეგისტრირდება სამეწარმეო რეესტრში. ჩვენ ძალიან გვეჩქარება, რადგან 17 თებერვალს არის დანიშნული „მაესტროს" კრედიტორთა კრება. გაკოტრების პროცესს აქვს თავის პროცედურები. შესაძლოა, ისეთი რაღაცები მოხდეს ამ პროცესში, რომ შეუქცევადი მოქმედებები დაიწყოს. გვინდა, 17 თებერვლამდე მივმართოთ სასამართლოს, რომ შეწყვიტოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ეს არის ჩვენი მიზანი. მხოლოდ იმის გამო გვეჩქარება, რომ „მაესტრო" გადავარჩინოთ.


ეს პროცესები, სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში უნდა მოგვარდეს. არარეალურია მოლოდინი, რომ დღესვე მოხდება ამ სამი ინსტანციის გავლა. ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალურ დირექტორად ოფიციალურად, მომავალ კვირას დარეგისტრირდება და ამაში ბაია გადაბაძის განცხადება ხელს ვერ შეუშლის.


- მანამ სანამ მიმდინარეობს საქმის წარმოება გია გაჩეჩილაძის მიმართ, წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით, ის მაინც ითვლება „მაესტროს" წილების 55 %-ის მფლობელად?


- სასამართლო გადაწყვეტილებას დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება, რომ ყველა ინსტანცია გაიაროს. 2-3 წლის განმავლობაში რომ შეეზღუდოს პირს საკუთრების უფლება, ამისთვის საჭიროა ისევ სასამართლოს განჩინება. სასამართლოს მიმართა მამუკა ღლონტმა, რათა გია გაჩეჩილაძის წილი დაყადაღებულიყო. სასამართლომ მამუკა ღლონტს აღნიშნულზე უარი უთხრა. შესაბამისად, რადგან საკუთრების უფლება არ არის შეზღუდული, პარტნიორს აქვს შესაძლებლობა, საკუთრების უფლებით სრულად ისარგებლოს.


- გამომდინარე იქიდან, რომ შენობა არ ეკუთვნის „მაესტროს", ლევან გაჩეჩილაძეს შეექმნება თუ არა შენობაში შესვლის პრობლემა?


- შენობა „მაესტროს" ნამდვილად არ ეკუთვნის. მას ეკუთვნის აპარატურა. ის, რომ შენობა ამჟამად არ ეკუთვნის „მაესტროს", ეს ხელს არ უშლის „მაესტროს" მფლობელობას. „მაესტროს" აქვს ეს შენობა იჯარით აღებული და უფლება აქვს დაიცვას თავისი კეთილსინდისიერი მფლობელობა ნებისმიერი პირისგან, მათ შორის მესაკუთრისგან. სანამ მესაკუთრე არ გამოასახლებს „მაესტროს" იმ შენობიდან, და ამის უფლება მას არ აქვს, გადახდისუუნარობის პროცესი სანამ მიმდინარეობს, მანამდე „მაესტროს" აქვს თავისი საქმიანობის განხორციელების უფლება იქ, სადაც ის იმყოფება.

 

- ანუ, მაკა ასათიანმა უნდა გამოასახლოს „მაესტრო" შენობიდან?


- დიახ, მაკა ასათიანმა უნდა გამოასახლოს „მაესტრო" შენობიდან, თავისი ყველა თანამშრომლიანად, მათ შორის დირექტორიანად. მხოლოდ ამის შემდეგ აღარ ექნება ლევან გაჩეჩილაძეს და სხვა თანამშრომლებს იმ შენობაში შესვლის უფლება. ამისთვის საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება.


- „მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებითაც გარკვეული პრობლემები არსებობს...


- წელიწადნახევრის წინ „მაესტროს" ყველაზე ძვირფასი აქტივი, ლოგოტიპი, ბაია გადაბაძემ, გია გაჩეჩილაძის ზურგს უკან, გააჩუქა ილია კიკაბიძეზე. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა ამ სახელის დასაბრუნებლად. დღეს ტელეკომპანიის მიერ „მაესტროს" სახელის გამოყენება უკანონოდ ხდება, რადგან ის ეკუთვნის სხვა კომპანიას. ეს კომპანია, „ტელეკომპანია მაესტრო" კი კიკაბიძემ ორი კვირით ადრე დაარეგისტრირა, სანამ ლოგოს აჩუქებდნენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016