reportiori.ge - „ფარისეველო... ნაგვისა მყრელო... რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო!“ - 8 თებერვალს აკაკი წერეთელი გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:39
კულტურა
„ფარისეველო... ნაგვისა მყრელო... რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო!“ - 8 თებერვალს აკაკი წერეთელი გარდაიცვალა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 12:02

 

 

ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი როსტომის ძე წერეთელი დაიბადა 1840 წლის 21 ივნისს (ახალი სტილით), სოფელ სხვიტორში.


დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.


ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა - „საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.


მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით.


იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.


ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად.


აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.



გთავაზობთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სერგო ვარდოსანიძის facebook-პოსტს:



„99 წლის წინ, 8 თებერვალს, თავის მშობლიურ სოფელ სხვიტორში ღვთივ განისვენა აკაკი წერეთელმა...


აკაკი წერეთლის შემოქმედებას დრო-ჟამი ვერაფერს დააკლებს, ის მუდამ ჩვენი თანამედროვეა. დღესაც აქტუალურია მისი მიმართვა ახალგაზრდობისადმი


„გამარჯობა თქვენი, ახლად მომავალნო, მე, უკვე მიმავალი, გეთხოვებით და ვწუხვარ, საგულისხმო ანდერძად ვერას გიტოვებთ, გარდა მარტო ხვეწნა-ვედრებისა: გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა, მაგრამ იმისთანა სიყვარულით, რომელსაც სარჩულად გულწრფელობა უდევს, უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა და ისე მთხოვნელს არ აქვს უფლება თქვას: უფალი ჩვენთან არს, ალილუია"...


აკაკი წერეთელი მკაცრად აკრიტიკებდა იმ თანამემამულეებს, რომელნიც ემსახურებოდნენ კოსმოპოლიტ-ნიჰილისტურ იდეებს და ებრძოდნენ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს.


„ის არ მაშინებს და არ მაწუხებს, გარს რომ მტრები შემოგვხვევია, გარეშე მტრებთან დავა და ბრძოლა იმავ თავითვე ქართველთ ჩვევია, მე ის უფრო მკლავს და ის მაშინებს, ძველი ანდერძი რომ გვავიწყდება და ეროვნული ქართული ციხე შეუგნებლობით შიგნიდან ტყდება"...


აკაკი წერეთელი ამგვარ „პატრიოტთა" სამხელად წერდა: „ფარისეველო, გაუტანელო, სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგვისა მყრელო, შე ჭრელო გველო, რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო".


საოცარია, თითქოს დღეს დაიწერა ეს სტრიქონები..." - წერს სერგო ვარდოსანიძე. 




მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016