reportiori.ge - ღარიბაშვილის გაფრთხილება თავდაცვის მინისტრს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:40
პრეს-დაიჯესტი
ღარიბაშვილის გაფრთხილება თავდაცვის მინისტრს
ავტორი:
20 ნოემბერი, 2013. 21:02

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ირაკლი ალასანიასა და მომავალ პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ უთანხმოებაზეა საუბარი.

„ირაკლი ალასანია ისევ სკანდალში ეხვევა. მართალია, თავდაცვის მინისტრი პოსტზეა და ჯერჯერობით იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ, როგორც ინფორმირებული პირები ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილმა მას ამჯერად ბოლო გაფრთხილება და «ყვითელი ბარათი» მისცა: თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს მიხედე, ჯარისკაცების კვებას ახლობელ-მეგობრების კომპანიებს ნუ გადააყოლებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრის პორტფელს დაემშვიდობებიო.  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ალასანია ღარიბაშვილს შს მინისტრობისას რამდენიმეჯერ დაუპირისპირდა, ღარიბაშვილმა, შესაძლოა,  ძველი წყენებიც გაუხსენოს. არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ციხეებისა და ჯარის საკვებით მომარაგება ბაჩო ახალაიასა და «დელტას» ხელმძღვანელის, რევაზ ჭარბაძის, სახელს უკავშირდებოდა. 2011 წლის 19 ივლისს პრემიერმა ნიკა გილაურმა დადგენილებაც კი გამოსცა შპს «კვების კომპანიისთვის» საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების თაობაზე. ამჯერად კი ალასანიას უწყებას ადანაშაულებენ ასეთივე მიდგომებში.


ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში ამ რამდენიმე დღის წინ 61 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა, თუმცა ეს არც პირველი და არც უკანასკნელი ფაქტია თავდაცვაში მომხდარი მოწამვლების ქრონოლოგიიდან. ამ კონკრეტულ ფაქტს მზარეულის დაუდევრობით ხსნიან შპს «ქართული კვების კომპანიაში». ცნობილია, რომ შეუძლოდ გამხდარმა სამხედრო მოსამსახურეებმა «მაკარონი ფლოტურად» დააგემოვნეს. არსებული ინფორმაციით, მზარეულმა რეცეპტი თვითნებურად შეცვალა, რადგან ივარაუდა, რომ მომზადებული კერძი ზედმეტად მშრალი იყო. მან გადაწყვიტა, ძროხის ხორცით გამზადებული მაკარონისთვის ქათმის ბულიონიც დაემატებინა. შედეგად, კერძში ცხიმიანობამ ზომაზე მეტად მოიმატა _ ასეთია კომპანიის ვერსია.


ბოლო პერიოდში სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცთა მოწამვლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომლებსაც პროკურატურა სწავლობს. პროკურატურა სწავლობს იმ 320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტსაც, რომელიც 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ბრიგადაში, მე-11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში 16-22 სექტემბრის შუალედში მოხდა. 

320 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი «ახალგაზრდა ადვოკატებმა» გაასაჯაროეს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ალასანიამ აღნიშნულ ფაქტებს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.

თუმცა ალასანიას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ადანაშაულებენ გაუმჭვირვალე ტენდერებსა და ახლობლების სამინისტროში საკვანძო პოსტებზე მიყვანაში. 


«საქართველო და მსოფლიომ» მოიძია ფაქტები და კონკრეტული შემთხვევები, როცა ალასანიას უწყებაში ტენდერებს დეპუტატების ქმრების კომპანიები იგებენ, ასევე ახლობელ-მეგობრები საქმდებიან და ისიც ცნობილია, რომ აღნიშნული საკვები ჯარში სწორედ მინისტრის ახლობლების ფირმებიდან შეჰქონდათ.


თავდაცვის სამინისტროში კვების ტენდერში 19 და 39-მილიონლარიანი ლოტები მოიგო შპს-მ, რომლის სახელწოდებაა «ელექტრომონტაჟ სერვისი». ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ  განაცხადა. გივი თარგამაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრსა და სამინისტროს აფრთხილებდნენ ირანულ კვერცხთან დაკავშირებით, რომ ის შეიცავს მოწამვლის საფრთხეს.


«თუმცა, როგორც ჩანს, მაინც გაუწია ალასანიამ ანგარიში გია ხუხაშვილს. პოლიტიკური რევერანსი გაუკეთა ამ ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე და შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ხუხაშვილის რიტორიკა ალასანიას მიმართ შეიცვალა და საკმაოდ შერბილდა», - განაცხადა თარგამაძემ.


მისივე თქმით, ეჭვს იწვევს ოთხი ტენდერის გაუქმება-არგაუქმების თემაც. «ჩვენ გვახსოვს, როდესაც გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი ლოტი, 35 მილიონილარის, მოიგო შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიამ», ქალბატონი ირინე იმერლიშვილის მეუღლის ფირმამ.  შემდეგ ვნახეთ განცხადება, რომ ეს ტენდერი გაუქმდა და ხელახლა ჩატარდება, მაგრამ დღემდე შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ საიტზე ჩვენ გამარჯვებულად სწორედ ამ კომპანიას ვხედავთ. როგორც ჩანს, ეს არის ასეთი პოლიტიკა - სიტყვით ითქმება, რომ ეს გაუქმდა, დაწყნარდება ხალხი და ის მიიღებს მაინც თავის 35 მილიონს საბოლოო ჯამში», - განაცხადა თარგამაძემ. 


«საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ» აღნიშნული ტენდერის შესახებ ინფორმაცია მოიძია და საკუთარი მოსაზრება  გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის 18 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ორი ელექტრონული ტენდერი (SPA130004297, SPA130004296), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა შესყიდვის საერთო ღირებულება შეადგენდა შესაბამისად 73მილიონ 932 ათას 200 და 34 მილიონ 739 ათას 500 ლარს. ორივე ტენდერში შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიამ» მიიღო მონაწილეობა. კომპანიის გენერალური დირექტორი ირინე იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილია.


«სამეწარმეო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შალვა ბებოშვილი შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიას» დირექტორად 2013 წლის 4 აპრილს დაინიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. იმავე დღეს «ფუდ ლაინ ჯორჯიას» 100% წილის მფლობელმა, კონსტანტინე მანაგაძემ, კომპანია ვინმე არჩილ ტუღუშზე გაასხვისა. აღსანიშნავია, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შპს «ფუდ ლაინ ჯორჯია» ვერ გაიმარჯვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის (ჩPV 55500000 _ სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებები) შესყიდვის ელექტონულ ტენდერში, რომელიც ტარდება 2013 წლის 15 აპრილამდე. 


რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 10 აპრილს ვაჭრობის შედეგად პირველ ტენდერში გამარჯვებულად შპს «ფუდ ლაინ ჯორჯია» (ს.კ. 205289463)გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით დისკვალიფიცირებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტების წარუდგენლობის გამო. კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისიამ კომპანიას დაავალა კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი შენიშვნების აღმოფხვრა არაუგვიანეს ამა წლის 15 აპრილისა. კომპანიამ შენიშვნები აღმოფხვრა, თუმცა _ მოგვიანებით და არა დადგენილ ვადებში. კომისიის ოქმში წერია, რომ შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიას» მიერ შესაბამისი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) უმეტესი ნაწილი სისტემაში აიტვირთა 2013 წლის 16 აპრილს, 00 საათსა და 01 წუთიდან 2 საათსა და 49 წუთამდე, რაც კომისიამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევად ჩათვალა. ამ მიზეზით, 16 აპრილს სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიას» დისკვალიფიკაციის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს 34 მილიონ 739 ათას 500ლარის ღირებულების მეორე ტენდერშიც (SPA130004296) «ფუდ ლაინ ჯორჯია» გამოცხადდა გამარჯვებულად, რომელმაც დისკვალიფიცირებული შპს «ლამპარი 2008» ჩაანაცვლა.


თავდაპირველად ტენდერში შპს «ლამპარი 2008»-მ გაიმარჯვა, თუმცა 2013 წლის 16 აპრილს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდა მისი დისკვალიფიკაცია, სატენდერო დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო. ამავე სხდომაზე სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა სატენდერო წინადადების მომდევნო დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტისთვის - შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიასთვის». ამასობაში, «ფუდ ლაინ ჯორჯიას» მფლობელთა მონაცემებში კვლავ განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, 2013 წლის 16 აპრილს კომპანიის 50% 1 ლარად გასხვისდა ისრაელის მოქალაქე მერაბ კიკოზაშვილზე იმ პირობით, რომ მყიდველი მოახდენს კომპანიაში 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას (გვ. 8).თუმცა ინვესტირება განხორციელდება ეტაპობრივად. ინვესტირების ეტაპები განისაზღვრება იმ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკით, რომელიც დადგინდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის (CPV 55500000 _ სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებები) შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და «ფუდ ლაინ ჯორჯიას» შორის დადებული ხელშეკრულებით.


კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს «ფუდ ლაინ ჯორჯიას» 2013 წლის 5 აპრილამდეარასოდეს მიუღია მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში. ასევე, უნდა ითქვას, რომ კომპანია «ფუდ ლაინ ჯორჯია» თავდაცვის სამინისტროს პირველი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ იქნა ამ საკითხის საჯაროდ გახმაურებამდე. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ან კორუფციულ გარიგებას, ცხადია, რომ ირინა იმერლიშვილის მეუღლის დირექტორად დანიშვნა აუქციონამდე ერთი დღით ადრე და კომპანიის გასხვისება იმ პირობით, რომ იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებდა, გონივრულ ეჭვს წარმოშობს, - გაცხადებული იყო «საერთაშორისო  გამჭირვალობა - საქართველოს» დასკვნაში.


ამჯერად კი ჯარსა და პენიტენციალურ სისტემას კვებით უზრუნველყოფს «ქართული კვების კომპანია», რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი «დელტაა». თუმცა საპარლამენტო უმცირესობაში მიუთითებენ, რომ ესეც ერთგვარი ფანდია. მართალია «ქართული კვების კომპანია», რომელსაც ამჯერად ჯარის საკვებით უზრუნველყოფა ევალება, სახელმწიფო კომპანიაა, მაგრამ ის მუდმივად აცხადებს ტენდერებს და მხოლოდ დამკვეთია პროდუქციის შეძენაზე, რეალურად სხვა კომპანიებისგან იძენს მაკარონს, ხორცსა თუ სხვა საკვებს. ფულის კეთებისა და ახლობლების ფირმებისგან მათი შეძენის ალბათობა კი სწორედ აქ იმალება მოხერხებულად. ამის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო თავდაცვის სამინისტროს ჯარების კვებითი მომსახურების ტენდერი რამდენიმე ლოტად, დასავლეთის, აღმოსავლეთის და ა. შ. ტენდერის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღწევდა, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია აირია. თავდაცვის სამინისტროს კვებითი მომსახურების ტენდერში ისევ გამოჩნდა კომპანია «ჯიემემ»-ი, რომელმაც ორი საკმაოდ ძვირადღირებული ლოტი აიღო, თუმცა სხვადასხვა ფირმების სატენდერო საბჭოში შეტანილმა საჩივრებმა კვლავ გააჭიანურა ტენდერების საბოლოო შედეგის დადება. შპს G.M.M. სატენდერო კომისიას კერძო ინტერსების გატარებაში ადანაშაულებდა.


«მიგვაჩნია, რომ კომისიამ იმოქმედა კერძო ინტერესებით ნაკარნახევი მოტივებით. უპირველესად, ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ კომისიის ერთ-ერთი მოწვეული ექსპერტი, რევაზ გოგოლაშვილი, ამავე დროს აღმოჩნდა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის - შპს «ნიკა 2010»-ის წარმომადგენელი დამისი ჩV ატვირთულია ამ ფირმის დოკუმენტაციაში. ეს ფაქტი თავისთავად წარმოადგენს ინტერესთა კონფლიქტს და «საჯარო სამსახურის შესახებ» და «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» კანონების მოთხოვნის დარღვევას.» შპს «სამება 2011»-მა ასევე შეიტანა საჩივარი დავების საბჭოში. აღსანიშნავია, რომ შპს «სამება 2011» შპს G.M.M-საც უპირისპირდება.«ტენდერის მიმდინარეობის პირველივე დღიდან შპს «სამება 2011» მოხვდა ზეწოლის ქვეშ _ ტენდერში მონაწილე შპს «ნიკა 2010»-ის ხელმძღვანელობიდან ჩვენს თანამშრომლებზე ხორციელდებოდა ზეწოლა სატელეფონო საუბრებით, დაჟინებით გვთხოვდნენ, მოგვეხსნა ჩვენი კანდიდატურა ტენდერიდან, ვინაიდან ჩვენ არ გვყავდა ე. წ. ლობი, ტყუილად ვწვალობდით და ვერ შევძლებდით ტენდერში გამარჯვებას. თავად სატენდერო კომისიის წევრი რევაზ გოგოლაშვილი შპს «ნიკა 2010»-ის თანამშრომელია, ასევე იგი «ქართული კვების» კომპანიის კვების ორგანიზების დეპარტამენტის დირექტორია. ხოლო «ქართული კვების კომპანიის» აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გოჩა შუღლიაშვილი ტენდერშივე იღებდა მონაწილეობას შპს G.M.M.-ის სახელით», _ ნათქვამია კომპანიის საჩივარში.


მოკლედ, როგორც იტყვიან, ალასანიას უწყებაში «რაღაც აშკარად» ყარს.  ამასთან ერთად, ხშირად ისმის სხვადასხვა ნაწილში მომსახურე ჯარისკაცებისგან პრეტენზიები, რომ საკვებმა და დღიურმა ნორმებმა საგრძნობლად იკლო. თავდაპირველად ალასანიამ «ქართული კვების კომპანიაში»  დირექტორატი შეცვალა, მაგრამ საქმეს ამანაც ვერ უშველა, პირველი კატეგორიის ხორცის შეტანა და კვების სხვა პირობების გაუმჯობესება. ალასანიამ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ქართული ჯარის კვების მომსახურებაზე გამოყენებული ადგილობრივი საკვები პროდუქტების მთლიანი ღირებულება 15%-დან 45%-მდე გაიზრდებოდა. თუმცა, რეალურად ჯარისკაცების კვება არ გაუმჯობესებულა და დღემდე ალასანიას აქილევსის ქუსლად რჩება. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ღარიბაშვილმაც სწორედ ამის გამო მისცა შენიშვნა ალასანიას, თუ ჩემი პრემიერობის დროს აღნიშნული ისევ განმეორდება, პოსტს ვეღარ შეინარჩუნებო".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016