reportiori.ge - ნიკუშა ნატროშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:35
პრეს-დაიჯესტი
ნიკუშა ნატროშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას აპირებს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 16:54

 

 

მედიცინა თავდაყირა დააყენა, ყველაზე რთული ოპერაცია ამერიკაში გაუკეთეს, 23 საათი გაგრძელდა. სულ 25 ოპერაციაა. წელიწად-ნახევარი იმკურნალა და რამდენიმე თვეა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. დაივიწყა კიკეთი და დღე, როდესაც მეგობარმა დაცხრილა და გადარჩენის მთავარ მოტივატორთან, შვილთან ერთად, დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობს.


ნიკუშა ნატროშვილი,რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებას გეგმავს. დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ორგანიზაციის მთავარ მიზანს გვიმხელს - მადლობა გადაუხადოს ხალხს, რომელმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.


ნიკუშა ნატროშვილი „პრაიმტაიმს" საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაციასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება.


ნიკუშა ნატროშივლი: - ჩემი ცხოვრების წელიწად-ნახევარი დავკარგე, იმიტომ რომ ლოგინზე მიჯაჭვული ვიწექი. დავკარგე წელიწად-ნახევარი შვილთან ურთიერობის, ჩემს მეგობრებთან, მშობლებთან ურთიერთობის. ეს ამბავი დავიწყებული მაქვს და არც ვაპირებ გახსენებას. რაც შეეხება შურისძიებას, არ ვაპირებ, ამ ამბის გამო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი კიდევ დავკარგო. რაც შეეხება პატიებასა და არპატიებას, ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვისაც როგორც ეკუთვნის. მე ღმერთმა გადამარჩინა, ღმერთმა მაჩუქა სიცოცხლე და ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ რისი ღირსია. მე შურისძიების არანაირი უფლება არ მაქვს.

 

- რა ემოცია დაგეუფლა, როდესაც დიდი ხნის შემდეგ პირველად დადექი ფეხზე?

 

- ამ ემოციას, ალბათ, ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს, ადამიანი ამ ემოციას ვერ გადმოსცემს, იმიტომ რომ, ეს არის არარეალურად სასიამოვნო შეგრძნება. როცა შენ 50/50-ზე გაქვს გადარჩენის შანსი, როცა შენ ყოველ წამს სიკვდილს ელოდები, უცებ გეუბნებიან, რომ გამოჯანმრთელდი და შეგიძლია, წახვიდე. თითქოს თავიდან დავიბადე, მომეცა ცხოვრების სტიმული, მომავლის იმედი. ეს იყო საოცარი შეგრძნება, რომელიც აღარასდროს განმეორდება.


- შენ თქვი, რომ მეორედ დაიბადე, იყო თუ არა ეს დაბადება განსხვავებული ცხოვრების დასაწყისი? შეიცვალა რამე?

 

- ძალიან ხშირად მეკითხებიან - შეიცვალე? ადამიანი არ იცვლება, უბრალოდ, დროთა განმავლობაში, სიტუაციიდან გამომდინარე, მასში ხდება ფასეულობების გადაფასება, რაღაც ნიუანსები მაღალ საფეხურზე ადის, რაღაცებს უფრო ყურადღებას აქცევ, რაღაცების გამოსწორებას ცდილობ. თორემ ისე, მთლიანობაში, არ შევცვლილვარ. ცხოვრება, რა თქმა უნდა, 180 გრადუსით შეიცვალა. ბევრი რამ დავაფასე. მივხვდი, რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვნად არ მიმაჩნდა.


- კონკრეტულად რას გულისხმობ?

 

- მთელი ჩემი ცხოვრება ჯანმრთელობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. სულ მქონდა ისეთი შეხედულება, რომ ახალგაზრდა ვარ, მე რა უნდა მომივიდეს... ახლა ყველაზე მეტად ჯანმრთელობას ვაფასებ, იმიტომ რომ მივხვდი - ჯანმრთელობას ვერ იყიდი. თუნდაც იგივე ოჯახისადმი სითბოს გამოხატვა. არასოდეს არ ყოფილა, რომ ჩავხუტებოდი მშობლებს და მეთქვა,რომ ძალიან მიყვარს. ამ ამბის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მნიშვნელოვანია.


- რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი რეალობის წინაშე არ დამდგარან, თუმცა აქვთ ისეთი შეხედულებები, როგორიც შენ გქონდა?

 

- დააფასონ ის მეგობრები, რომლებიც გვერდში უდგანან. რომ არა ჩემი მეგობრების ძალიან დიდი არმია, რომლებმაც პირველი წამიდან უკანასკნელ წამამდე იბრძოლეს ჩემი გამოჯანმრთელებისთვის, მე თქვენ ინტერვიუს ვერ მოგცემდით. ვეტყოდი, დააფასონ ის სიყვარული, რაც აქვთ, იმიტომ რომ ადამიანს რაღაც რომ აქვს, ყოველთვის მეტი და მეტი უნდა და ის, რაც აქვს, არ არის საკმარისი. მეტი სიყვარული უნდა გასცე.


- იბრძოდნენ მშობლები, მეგობრები, ექიმები, შენ თუ იბრძოდი სიცოცხლისთვის?

 

- რომ არ მოგატყუოთ, მე მქონია მომენტები, როცა მიფიქრია, რომ მოდი, არ ვიბრძოლებ, დავნებდები, შევეშვები. ჩემი ბრძოლა იყო ფსიქოლოგიური. როცა ფსიქოლოგიურად ვეცემოდი, იმედი მერთმეოდა და მეგონა, რომ არაფერი აღარ გამოვიდოდა, ჩემი მდგომარეობა უარესდებოდა. მე მყავს ბავშვობის მეგობარი - გიორგი ჯინჯალია. ერთხელ, ძალიან მძიმე დღე მქონდა, საავადმყოფოში ვიწექი, დედა იყო მოსული და ვეჩხუბე, საერთოდ ნუ მოხვალ-მეთქი, მოვკვდე, შემეშვით... დედაჩემი ტირილით გავიდა პალატიდან და ამ დროს დაურეკა გიორგიმ, როგორაა ნიკუშაო. დედაჩემმა ყველაფერი უთხრა და მახსოვს, ღამის 12 საათია, რესპუბლიკურში 9 საათის შემდეგ მნახველებს აღარ უშვებენ. იღება პალატის კარი, შემოდის გიორგი, ექთანს ეუბნება, თუ შეიძლება დაგვტოვეო, ჩაკეტა კარი და დაახლოებით საათ-ნახევარი, სამი წლის ბავშვს რომ ტუქსავენ და ეჩხუბებიან, ასე მედგა თავთან და მეჩხუბებოდა: „როგორ ბედავ შენ ხელის ჩაქნევას, ეს მარტო შენი სიცოცხლე აღარ არის, ბევრი ადამიანია ჩართული და, უბრალოდ, უფლება არ გაქვს". საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი და ცრემლი იყო, მაგრამ მაინც გავედი ბოლოში და შევძელი გამოჯანმრთელება.


- იყო თუ არა ვინმე, ვისთვისაც სიკვდილი არ გეპატიებოდა?

 

- უპირველეს ყოვლისა, ჩემი შვილი, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი სამეგობრო, რომელთანაც ვალდებული ვიყავი, თავი არ ჩამეხარა. ალბათ, მთავარი მაინც ჩემი შვილი იყო, ყველაზე დიდ სტიმულს ნიცა მაძლევდა.


- ნიცა მოდიოდა ხოლმე შენთან?

 

- არა, არ მოდიოდა. მე ვთხოვე, რომ არ მოეყვანათ, იმიტომ, რომ ნიცა მაშინ სამწლინახევრის იყო და არ მინდოდა, ისეთ მდგომარეობაში ვენახე, როგორშიც ვიყავი. თვითონ რომ ვნახე ჩემი თავი პირველად, ძალიან არ მესიამოვნა და შემეშინდა ჩემი თავის. ძალიან პატარა იყო და არ მინდოდა, ისეთი დავმახსოვრებოდი. ერთადერთხელ ვნახე, ამერიკაში გაფრენის წინ. არ ვიცოდი, ამერიკიდან როდის ჩამოვიდოდი, რამდენი ხანი დამჭირდებოდა სამკურნალოდ და საერთოდ, გადავრჩებოდი თუ არა. დღეში ერთხელ თითო საათი ინვალიდის ეტლით მასეირნებდნენ ეზოში. დედას ვთხოვე, რომ ნიცა მოეყვანა, უბრალოდ, შორიდან რომ დამენახა. ვიცოდი ახლოს არ მოვიდოდა, შეეშინდებოდა. რესპუბლიკურის ეზოში მომიყვანეს. არ დამავიწყდება ის ემოცია, რაც ჰქონდა. დედაჩემს ხელი მოუჭირა ხელზე, ტირილი დაიწყო და უთხრა, წამიყვანე აქედანო. შემდეგ წავედი ამერიკაში, სამი თვე ვიყავი ამერიკაში და ახლა ვუბრუნდები ურთიერთობის ძველ რეჟიმს ნიცასთან მიმართებით.


- ანუ გაუცხოება ჰქონდა...

 

- კი, ჰქონდა გაუცხოება. ახლაც, ბოლომდე „შემორიგებული" არ მყავს, მაგრამ რა შედარებაა. საერთოდ არ მეკარებოდა. რომ დამინახავდა, სხვა ოთახში გარბოდა და ახლა, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ძველი ურთიერთობისკენ.


- ნიცას დედაზე არ საუბრობ, არ ცხოვრობთ ერთად?

 

- მე და ჩემი მეუღლე დავშორდით, მაგრამ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა, გვყავს საერთო შვილი და გვინდა-არ გვინდა, მთელი ცხოვრება ურთიერთობა გვექნება. და მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მქონდეს კარგი ურთიერთობა, რათა ნიცამ არ ნახოს დედისა და მამის კონფლიქტი. როცა დედასა და მამას შორის დაძაბულობაა, ბავშვიც დაძაბულია.


- ახლა არის ვინმე შენს ცხოვრებაში?

 

- არა, არავინ არ არის. სერიოზული კი არა, არასერიოზულიც. არავინ არ ჩანს ჯერ, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება.


- ხშირად გაჩვენებდნენ ტელევიზიაში მკურნალობის დროს, ვრცელდებოდა ფოტოები... პროტესტი ხომ არ გქონია?

 

- სულ პირველი სიუჟეტი გავიდა ეკა ხოფერიას გადაცემაში. ამ სიუჟეტის გასვლამდე ჩემსა და დედაჩემს შორის იყო საუბარი, რომ ეს უნდა გაკეთდეს, იმიტომ, რომ ნელ-ნელა ყველა რესურსი იწურება. მოგეხსენებათ, რამხელა ხარჯებთან იყო დაკავშირებული მკურნალობა. სულ მქონდა პროტესტი, რომ ეს არ უნდა გავიდეს, მრცხვენოდა ხალხისთვის თანხის თხოვნა, არ შემიძლია და არ მიყვარს, თან ასე საჯაროდ. ბოლოს ასე დამიდგა საკითხი, რომ სიცოცხლის ჟინმა გადალახა ეს პროტესტი, მაგრამ იმდენად მრცხვენოდა და განვიცდიდი, რომ ეს გადაცემა დღემდე ნანახი არ მაქვს, სადმე ვიდეოს მსგავსს თუ მოვკრავ ხოლმე თვალს, ვცდილობ, არ ვუყურო.


- ერთსულოვნად გაერთიანდა შენს გარშემო ხალხი. თუ გიფიქრია, რამ გამოიწვია ეს ერთად დგომა?

 

- არ წარმომედგინა, თუ ქართველ ხალხს შეგვეძლო ასე ერთად დგომა ერთი მიზნისთვის. მიზეზი რა იყო, ვერ გეტყვით. ალბათ, თვითონ ფაქტი ხალხს იმდენად მოხვდა გულზე, რომ ყველა გვერდში დამიდგა. გაოცებული ვიყავი იმით, რომ სულ პატარა, 13-14 წლის ბავშვები სკოლაში ფულს აგროვებდნენ და პენსიონერები საკუთარი პენსიის ნაწილს მიტოვებდნენ პალატაში. განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ყველა გვერდში დამიდგა. თქვენ რომ ამონაწერი გენახათ ჩარიცხვების, შოკირებული ვიყავი, ჩარიცხვები იყო 50 თეთრით დაწყებული და საერთოდ, ყველა თანხა იყო. ძირითადი თანხა შეგროვდა ასეთი ჩარიცხვებით, დიდი გადმორიცხვა რამდენიმე იყო. დანარჩენი თანხა იყო შეგროვილი ჩვეულებრივი ხალხისგან, რომლებმაც საკუთარ პურის ფულს მოაკლო ორი თუ სამი ლარი და ჩამირიცხა.


- ამბობდნენ თუ არა ექიმები, რომ შენი გადარჩენა სასწაული იყო?

 

- ექიმები ამბობდნენ, რომ მე მედიცინა თავდაყირა დავაყენე, იმიტომ რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იმდენი პუნქტი მქონდა ამ ავადმყოფობის ისტორიაში, ამ დიდი ჩამონათვალიდან ადამიანს ერთი რომ ემართება, 80% ვერ არჩენენ. მე მქონდა 4-ჯერ სიკვდილის ეპიზოდი, დე-ვე-ეს სინდრომი ორჯერ. სამედიცინო ინსტიტუტში ისწავლება, რომ მამაკაცებში დე-ვე-ეს სინდრომი სრულდება სიკვდილით და მე ეს ორჯერ მაქვს გადატანილი რატომღაც. საერთოდ, ძალიან ბევრი საოცრება მოხდა. მე არანაირი ლოგიკით, არანაირი მედიცინის თვალსაზრისით ცოცხალი არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სასწაული ხდებოდა და ისე გადავიარე ეს ეტაპები რომ ყველას უკვირდა, რატომაა ეს ბავშვი ცოცხალიო. იმართებოდა კონსილიუმები, რატომ ვტანჯავთ ოჯახს, მაინც აზრი არ აქვსო.


- რაიმე შეზღუდვები გაქვს ახლა, თუ უკვე სრულიად სრულფასოვანი ცხოვრების ცხოვრობ?

 

- არაფერი შეზღუდვა არ მაქვს. ამერიკელი ექიმების მოთხოვნა იყო... გაოგნებული ვიყავი უსერიოზულესი ოპერაციის შემდეგ, რომელიც ამერიკაში გამიკეთდა, 23 საათი მიკეთებდა 18 ქირურგი, ეს იყო კლივლენდის კლინიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ოპერაცია, რომელსაც 30-40 კაცი ესწრებოდა, იმდენად რთული და საინტერესო იყო მათთვის ჩემი ეს მდგომარეობა. ეს ოპერაცია 13 აგვისტოს ჩატარდა, 5 სექტემბერს გამომწერეს. ჯერ იმდენად მალე გამომწერეს, რომ გაოგნებული ვიყავი. გამოწერის დღეს კი მოითხოვეს, შენ უნდა იცხოვრო ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეო. იმდენად მიჩვეული ვიყავი წოლას, რომ ვერ ვხვდებოდი, დილით რომ ვიღვიძებდი, რატომ უნდა ავმდგარიყავი ლოგინიდან. მოთხოვნა იყო ასეთი: დილით,  როგორც კი გაიღვიძებ, ადგები, აალაგებ ლოგინს და დაძინებამდე არ დაწვები. იცხოვრებ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, როგორც ცხოვრობდი დაჭრამდე. ორი თვე ვიყავი და გამოფრენამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ქირურგებს, დამათვალიერეს, ბოლო მითითებები მომცეს და რომ ვკითხე, რაში უნდა შემეზღუდა ჩემი თავი, ერთადერთი მითხრეს, მოვერიდო დიდი ოდენობით ღვინისა და ლუდის დალევას და მითხრეს, რომ რაც შეძლება მეტი ვიარო, ვიმოძრაო, რასაც ვასრულებ. ხანდახან მეუბნებიან ჩემი ახლობლები, რაც ეს წელიწად-ნახევარი იწექი, ამ 3-4 თვეში აინაზღაურეო. რამდენიმე სახის წამალი დამინიშნეს, ვიტამინები ძირითადად... ეს არის და ეს..


- ხომ არ აპირებ, საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვას, იმ ორგანიზაციების მსგავსად, რომლებიც დაგეხმარნენ?

 

- მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს გეგმა, საქველმოქმედო ფონდის შესახებ, მაგრამ პატარა ნიუანსებისა და მოსაგვარებელი საქმეების გამო გაგვეწელა ამ საქმის დაწყება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ჩემი საქველმოქმედო ორგანიზაციით, მინდა იმ ხალხს გადავუხადო მადლობა და დავუბრუნო ის სიკეთე, რაც ჩემდამი გამოიჩინა და ვფიქრობ, საინტერესო პროექტები გვექნება. უბრალოდ, დრო გვჭირდება ორგანიზებისთვის. ჩვენი გეგმის პირველი მთავარი ნაწილი არის ის, რომ დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ და ყველა საქმე ისეთ მაღალ დონეზე გაკეთდება, როგორც ჩემი საქმე გაკეთდა.

 

 

 

 

სალომე ჩადუნელი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016