reportiori.ge - თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:40
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 15:42

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა  თედო ჯაფარიძემ  მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების კონფერენციაში თემაზე „ევროპის თანამშრომლობასა და ერთიანობაზე დაფუძნებული დემოკრატიული უსაფრთხოება" .


აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილემ  გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ, ბულგარეთის სახალხო კრების სპიკერმა- ცეცკა ცაჩევამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  მოქმედმა მინისტრმა და  ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დანიელ მიტოვმა, ბულგარეთის ვიცე- პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა რუმიანა ბაჩვაროვამ და სხვა გამოჩენილმა პოლიტიკოსებმა.


კონფერენციის დღის წესრიგში შედიოდა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ევროპის უსაფრთხოება, მიგრაციული კრიზისი-როგორც ევროპული საზოგადოების წევრი ქვეყნების  თანამედროვე გამოწვევა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და  ეკონომიკური პრობლემები.


თედო ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა 2008 წლის ომის შემდგომ უსაფრთხოების პოლიტიკის  შეცვლილ კონტექსტზე  და აღნიშნა, რომ ევროპის არცერთი  ქვეყანა თავს მშვიდად ვერ იგრძნობს, როცა მისი მეზობელ ქვეყნებში სერიოზული პრობლემებია. 


„რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში არიან განლაგებულნი",- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო თანაუგრძნობს უკრაინას რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. თედო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში განპირობებულია უსაფრთხოების სურვილით და იმ მისწრაფებებით, რომელიც ავტორიტეტული საერთაშირისო სტრუქტურების დახმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის საშუალებას მისცემს.


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ თედო ჯაფარიძის გამოსვლის პასუხად განაცხადა, რომ მომავალში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის  საკითხებს.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კონფერენციის როლსა და მის შესაძლებლობაზე, რომელიც    უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპის მშენებლობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, ევროპა ეძებს პასუხებს არსებულ გამოწვევების გასამკლავებლად. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ  მიტოვმა აღნიშნა, რომ ევროპის ყველა ქვეყანას სჭირდება ურთიერთმხარდაჭერა და ეროვნულ ინტერესებსა და საერთო ევროპული ღირებულებების დაცვაში სწორი ბალანსის პოვნა.


ყველა ეს საკითხი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში იქნა განხილული, შემდგომში წარედგინება  სახელმწიფოს მეთაურებს და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს. ამ მხრივ, სოფიაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ევროპის საბჭოს პოტენციალსა და მის საპარლამენტო ასამბლეას. „ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების გამოცდილება ინსტიტუციონალური დემოკრატიის მყარი საფუძვლების მშენებლობისთვის",- განუცხადა ფორუმის მონაწილეებს თედო ჯაფარიძემ, - „მსოფლიოს ჩვენს ნაწილში, რომელიც ამჟამად მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, არ არსებობს ისეთი მდიდარი გამოცდილება, როგორიც  აქვს ევროპას. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც ღირსეული, ძლიერი, უსაფრთხო და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოს შექმნაში დაგვეხმარება". ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არ უნდა იყოს საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ადგილი, პირიქით, ჩვენი ურთიერთობა ამ სტრუქტურებთან მიზნად  უნდა ისახავდეს მათ ჩართულობას ქვეყანაში საერთო ევროპული ღირებულებების  განვითარებასა და გაძლიერებაში. თედო ჯაფარიძის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა პედრო აგრამუნტმა, აგრეთვე ბულგარეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯემი გროჟდანოვამ და ეროვნული დელეგაციების სხვა თავმჯდომარეებმა, მათ შორის უკრაინიდანაც.


თედო ჯაფარიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის, რუმინეთის, სომხეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის,  ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე გადაწყდა, ჩატარდეს საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შეხვედრა, სადაც შემუშავებულ იქნება საერთო წინადადებები  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება, რომ საქართველოში გაიმართოს ერთობლივი კონსულტაციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის  საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებს შორის, აგრეთვე ჩატარდეს საქართველოსა და სომხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი  სხდომა. თედო ჯაფარიძემ  თბილისში მოიწვია  ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და დეპუტატი კარლ შვარცენბერგი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016