reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე დავით უსუფაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:22
პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე დავით უსუფაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს
10 თებერვალი, 2016. 18:31

მოძრაობა  „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს. ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ უსუფაშვილი ყოყმანობს და ვერ გადაუწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მხარი ინიციატივას, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. ბრეგაძე 76 ხმის შეგროვებისთვის უსუფაშვილს ორშაბათამდე აძლევს დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა „ეროვნულები" აპირებს,  შეაგროვონ მინიმუმ 200 000 ხმა, რათა საკონსტიტუციო შესწორება დარეგისტრირდეს:


„მინდა, მივმართო საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ბატონი დავითი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ადეკვატურად გაიგებს ჩემს მიმართვას. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, დავით უსუფაშვილი ყოყმანობს და ვერ გადაუწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მხარი ჩვენს ინიატივას. მინდა, უსუფაშვილს მეგობრულად მოვუწოდო, რომ ორშაბათამდე თავად, როგორც პარლამენტის თავჯდომარე შემოვიდეს ინიციატივით საკონსტიტუციო შესწორებასთან დაკავშირებით, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. პირობას ვდებ, საერთოდ აღარ ვახსენებ, რომ ჩვენი ინიციატივაა და განვაცხადებ, რომ ეს დავით უსუფაშვილის ან ნებისმიერი სხვა პარლამენტარის ინიციატივაა.

 

მინდა, ყველას განვუმარტო, ეს არის უდიდესი სახელმწიფოებრივი საკითხი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის, როგორც მთავრობის წევრისთვის და „ეროვნულების", როგორც „ქართული ოცნების" პარტნიორი ორგანიზაციისთვის უცნაურია, რომ  ინიციატივა 2012 წლიდან   პარლამენტშია და ხელმოწერების ნაცვლად გაუგებარ, ანალოგიურ ინიციატივებს ვისმენთ. გასაკეთებელია დიდი სახელმწიფოებრივი საქმე და იმაზე ფიქრი, თუ ვის ჩაეწერება ინიციატივა, აბსოლუტურად უადგილოა. პირიქით, ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი კოლეგა „რესპუბლიკელები" შეისმენენ ქართველი ერის თხოვნას, ამ შესწორების მხარდამჭერები, თუნდაც ინიციატორები გახდებიან. აღარ გვინდა ჩვენს მიერ შეტანილ დოკუმენტზე ხელმოწერები, თავად შექმნან იმავე სახის დოკუმენტი, ოღონდ სასწრაფო წესით დაფიქსირდეს 76 ხელმოწერა. ხელმოწერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პარლამენტში შესაბამისი პროცედურები დაიწყოს.

 

ასევე მინდა მივმართო პარლამენტის დეპუტაციას (განსაკუთრებით „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს), ვიცი  რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი სული აქვთ, როდის მოაწერენ ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, რადგან ისინი მორალურად და ზნეობრივად მზად არიან, მხარი დაუჭირონ ინიციატივას.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უსუფაშვილს, ორ-სამ დღეში ან თუნდაც დღესვე ეს ხელმოწერები მოაგროვოს. ოღონდ საქმე გაკეთდეს და სათითაოდ ვეტყვი ყველას, რომ მათია ეს შესწორება.

 

რაც შეეხება მოძრაობა „ეროვნულებს", ზეგიდან გადავდივართ ახალ რეჟიმზე. დროის გაწელვის გამო, თუნდაც 76 ხელმოწერა მოგროვდეს, საკონსტიტუციო შესწორების გაკეთება იურიდიულად საპარლამენტო არჩევნებამდე გამორიცხულია. ამას დასჭირდება საგაზაფხულო და საშემოდგომო სესია. მაგრამ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შესწორება აუცილებლად მისაღებია. ჩვენ ვიწყებთ და უკვე გამოვაცხადეთ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორების საკითხის დაყენება რეფერენდუმზე. ჩვენს პარტნიორებთან და ადამიანებთან ერთად, რომლებიც მონდომებულები არიან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში. უახლოეს ხანებში შევიტანთ იურიდიულად გამართულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოვითხოვთ, რეფერენდუმზე დაისვას შემდეგი სახის კითხვა: „ემხრობით თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1 პუნქტში ჩაიწეროს - ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი?!"

 

უახლოეს პერიოდში ამ მიზნით დაიწყება 200 000 ხმის შეგროვება, რაც მინიმუმია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო შესწორება დარეგისტრირდეს. დარწმუნებული ვარ, საჭირო ოდენობის ხელმოწერა ძალიან მალე შეგროვდება და რეფერენდუმის შედეგები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო მალე იქნას მიღებული აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორება.

 

მინდა, გავაფრთხილო ქართული საზოგადოება, ეს არ არის რიგითი საკითხი. მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობილი პირი, რომელიც მომხრეა, რომ საქართველოში არ მოხდეს ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინების დაკანონება, მოქცეულია გარკვეული მარგინალურ-ექსტრემისტული, ქართველოფობიური ძალების მაქსიმალური ყურადღების ქვეშ. ჩემთვის ცნობილია, რომ ჟურნალისტების გარკვეულ ნაწილს გადაუხადეს გარკვეული ოდენობის თანხა, რათა დაიწყონ რეფერენდუმზე ამ საკითხის დამსმელი ადამიანების კომპრომეტაციის კამპანია, რათა მოხდეს ამ საკითხის დისკრედიტაცია. ამ ადამიანებს არ ვურჩევ ასეთი ბინძური ხერხებით ბრძოლას, რადგან ეს ქმედება თავიდანვე განწირულია.

 

ახლა უნდა დაიწყოს კამპანია, თითქოს ეს რუსეთის გეგმაა და რუსები საპატრიარქოს მეშვეობით ცდილობენ, რუსეთში დაგვაბრუნონ და ევროპას დაგვაცილონ. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა.

 

მინდა, საქვეყნოდ განვაცხადო, რომ ეს პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე. რეფერენდუმზე საკითხი აუცილებლად გავა. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016