reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: ისინი ცეცხლს ეთამაშებიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:04
ინტერვიუ
დემურ გიორხელიძე: ისინი ცეცხლს ეთამაშებიან!
12 თებერვალი, 2016. 13:25

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორთან“ ინტერვიუში საქართველოს გარე საფრთხეებზე საუბრობს:

 

– ბატონო დემურ, როგორ შეაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ მეწილეებს შორის დავას უკავშირდება თუ პოლიტიკური ინტერესებიც იკვეთება?

 

– ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბუნებრივია, ეს არ არის წმინდა ქონებრივი დავა, მითუმეტეს, საარჩევნო წელს. აქ აშკარად იკვეთება გარკვეული პოლიტიკური ინტერესები. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ, რომ შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში, წინასამუშაოები აქვთ და ადგილების დაკავებას ცდილობენ. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მუდმივი დავები, რომლებსაც თითქოსდა ქონებრივი დავები უდევს საფუძვლად, რეალურად, შეფარული პოლიტიკური ბრძოლებია და ეს მიანიშნებს, რომ არჩევნებზე საკმაოდ სერიოზული რყევებია მოსალოდნელი. კლიპერმა მიგვანიშნა ამის თაობაზე. სიმართლე გითხრათ, ეს ცუდი მინიშნებაა. ისეთი არაფერი ხდება, რომ სერიოზულ დაპირისპირებასა და სისხლისღვრაზე ვისაუბროთ. „მაესტროსთან“ დაკავშირებული საკითხები უფრო ღრმად არის დასანახი და მიმაჩნია, რომ ახალი ჯგუფი აპირებს პოლიტიკურ არენაზე გამოსვლას.

 

– აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეიმს კლიპერი, ასევე, საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე საუბრობს. ეთანხმებით თუ არა მის განცხადებას?

 

– კლეპერის მინიშნებაში არის თითქოსდა რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბარი, მაგრამ ვერცერთი გონიერი ადამიანი საქართველოში ვერ იტყვის, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდეს ან რუსული პროპაგანდა იყოს მოძალებული. საქართველოში არ არსებობენ სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ქვეყანაში საკმარისი გავლენა, რათა რუსულ ორიენტაციას გაუწიონ პროპაგანდა. უფრო მაშინებს ის, რომ პრორუსობა აქ შეიძლება იყოს გამოყენებული პროვოკაციად, როდესაც შეიძლება თითქოსდა ორიენტაციის შეცვლის შიშით გარკვეულმა ძალებმა ხელისუფლების დამხობა მოისურვონ. ის, რომ გარკვეული ადამიანები რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე საუბრობენ, პრორუსულობა არ არის, ეს საღი აზრია. საქართველოს განვითარება არ უწერია, თუ საფრთხე ჩრდილოეთიდან არ მოეხსნა. ამიტომ, რუსეთზე საუბარს როდესაც პრორუსობას არქმევ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოქტომბერში, საარჩევნო ვითარების ასარევად, რომ თითქოსდა საქართველო რუსეთისკენ გარბის და პროდასავლურმა ძალამ ხელისუფლების დამხობა მოინდომოს.

 

ეს ყველაფერი არის მომზადება გაცილებით სხვა მიზნისათვის, ვიდრე ის, რომ დღეს რაიმე რეალური პრორუსული ორიენტაცია არსებობდეს ქვეყანაში. საქართველო ორიენტირებული იყო დასავლეთზე. ეს იყო ხალხის განწყობა და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა. ასე იყო 90-იან წლებში. ამას უდიდეს მოლოდინს უკავშირებდა ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, გადის წლები და შედეგი არ დგება. რაზეც ჩვენ გვეუბნებიან, რომ არის დიდი მიღწევა, იგივე ვიზა-ლიბერალიზაცია, ეს არის ზღვაში წვეთი, რომელიც ქვეყანაში არაფერს ცვლის. ამიტომ, ტოტალურ უმუშევრობასა და სიღარიბეში ჩაფლულ ქვეყანაში დასავლეთის მიმართ სკეპტიკური განწყობების გაჩენა ბუნებრივია. მაგრამ, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ დასავლეთის ბრალია, რომელსაც ვერ გაუგია ვერც ქართველის მენტალობა და ვერც ქართველის კულტურა და ამიტომ ახვევს მას თავს ისეთ რაღაცეებს, რაც ქართველისთვის ორგანულად მიუღებელია.

 

– ქართველებისთვის ორგანულად მიუღებელ საკითხებში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც მოიაზრებთ? დღესდღეობით ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მიდის საუბრები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე.

 

– დიახ, ამ იდეის პროპაგანდისტები, რომლებსაც მხარდამჭერები გარედან ჰყავდათ, ცეცხლს ეთამაშებიან, მათ წარმოდგენა არ აქვთ ქართულ კულტურასა და მენტალიტეტზე. მართლაც რომ სერიოზული მცდელობები გატარდეს საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა, ამას მოჰყვება ახალგაზრდების ძალიან აგრესიული გამოსვლები. ეს არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება საქართველოში პოლიტიკის დონეზე აიყვანო.

 

საქართველოში ეს თემა ახალი არ არის. ჩვენმა წინაპარმა შესანიშნავად მოუძებნა ამ თემას ადგილი და არ გახადა იგი დისკუსიის საგანი. გაიხსენეთ კინტოები, ყარაჩოღელები. ამიტომ, დღეს ყველას შეუძლია იცხოვროს ისე როგორც უნდა, არავინ არავის დასდევს. მაგრამ, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენს სახლებში. გარეთ კი, პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ერთმანეთს და ჩვენი ორიენტაცია ცხვირში არავის უნდა ვატენოთ. ამიტომ, დასავლეთში ამაზე ორიენტირებულ ადამიანებს ვეუბნები, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან და თუკი ასე გაგრძელდება, ისინი დასავლეთის სახელს საქართველოში უდიდეს დარტყმას მიაყენებენ. დღეს არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში გაიტანონ.  

 

– ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას როგორ შეაფასებთ?

 

 

– ეს არ არის ურიგო საქციელი. არ იყო აკრძალვები საჭირო, რამდენიმე მიზეზის გამო. მაშინაც, როცა დასავლეთის სანქციები ძალიან მძიმე იყო ირანისთვის, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ირანი ძალიან პერსპექტიული სახელმწიფოა საქართველოსთვის. გარდა ეკონომიკური თვალსაზრისისა, არსებობს გარკვეული პოლიტიკური მოტივები, რის გამოც ირანთან კარგი ურთიერთობა მომგებიანია. ჩვენ ირანი არც ტერიტორიებს გვედავება და მასთან რთული ურთიერთობაც დავასრულეთ. ირანი ძალიან სერიოზული ქვეყანაა, პოლიტკურ ასპექტში, თურქეთის საპირწონედ. თურქეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა და საქართველოსთან მიმართებაში გაცილებით აგრესიული მიზნები გააჩნია. ჩვენი გრანტსაყოლილი ჯგუფების მიერ, თურქების აღიქმა როგორც უალტერნატივოდ საქართველოსთვის, პოლიტიკური სიბეცეა. ამდენად, წმინდა ბალანსის თვალსაზრისით, ირანთან მჭიდრო ურთიერთობები აუცილებელია. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016