reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი: გიორგი კვირიკაშვილს ვენდობი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:00
ინტერვიუ
სოსო ცისკარიშვილი: გიორგი კვირიკაშვილს ვენდობი!
12 თებერვალი, 2016. 13:37

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე საუბრობს:

 

– ბატონო სოსო, როგორ აფასებთ ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე პროცესებს? და ხომ არ ხედავთ რომელიმე პოლიტიკური ძალის დაინტერესებას ამ საქმეში?

 

– სატელევიზიო ეთერი არის სერიოზული ინსტრუმენტი პოლიტიკური პროცესების შესაფასებლად და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი. ამიტომ, შეუძლებელია, ნებისმიერი ტელევიზიის მიმართ ვიყოთ სრულიად გულგრილნი და ვისაუბროთ, რომ არანაირი პოლიტიკური შემადგენელი არ არსებობს. „მაესტროსთან“ დაკავშირებით, რასაკვირველია, აზრთა სხვადასხვაობა იქნება. მარტივია ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ ის არის მხარე ამ დაპირისპირებაში. მაგრამ, ამის დასაბუთება არც ისე მარტივია. მახსოვს ერთი საინტერესო ფაქტი – ერთი და იმავე თემაზე იყო „მაესტროსა“ და „რუსთავი 2“-ის მაყურებლების გამოკითხვა. შეკითხვა ეხებოდა რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირებას. მივიღეთ დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგები. 90%-მდე რუსეთს უჭერდა მხარს „მაესტროზე“ და პირიქით იყო „რუსთავი 2“-ზე. ეს არის გარკვეული გამოვლინება და ლუსტრაცია თავად სარედაქციო პოლიტიკის.

 

თუ ვისაუბრებთ, რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს „მაესტროს“ მფლობელებს, აქაც განსხვავებული სურათია. ყოველ შემთხვევაში ბატონი გოგელიასა და ქალბატონი ასათიანის პოლიტიკოსობაზე არავის არაფერი სმენია და დარწმუნებული ვარ, ეს მათი სურვილი არც ყოფილა. ბატონი რუხაძე, რომელიც გამოვლინდა, როგორც ძირითადი ფინანსური წყარო ამ ცვლილებებისა, არ ვიცი, რა პერსპექტივას უმზადებს საკუთარ თავს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ რომ აქვს ინტერესი, ეს არცთუ ძნელად მისახვედრია. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს, გახდეს გენერალური დირექტორი,  8 წლის წინ თბილისმა აირჩია საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა მისი შემოსვლა მედიასივრცეში, ოღონდ ცხადია, მხოლოდ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. არ გამოვრიცხავ, რომ პრობლემას სრულიად მშვიდი დასასრული ჰქონდეს, თუ ნაკლები ეჭვი იქნება ერთმანეთის მიმართ და არ მოინდომებენ მხოლოდ შფოთი და გაუგებრობა სუფევდეს „მაესტროში“. შევეჩვიეთ, რომ მშვიდი მედია ნაკლებად ყურებადია.

 

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა „კავკასუს ონლაინის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელი „ვიმპელკომზე“ გაიყიდოს. რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს საქართველოსთვის აღნიშნული ფაქტი და უნდა ჩაერიოს თუ არა მთავრობა სიტუაციაში?

 

– საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფალთა ის ნაწილი, რომელიც არ თაკილობდა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები გასხვისებულიყო. არც ის იყო ძნელად გამოსაცნობი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ახალი მფლობელი. საუბარი იქნება მაგისტრალურ გაზსადენზე თუ რკინიგზაზე, დაინტერესებული მხარე გახლავთ მხოლოდ რუსეთი. რაც შეეხება ზღვის ფსკერზე გადებულ ბოჭკოვან კაბელს, აქ შეიძლება სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ მისი ხელში ჩაგდების შანსები აქვს მხოლოდ რუსეთს. ეს იქნება საფრთხე, თუკი ჩვენ გვეყოლება ლაშა თორდიას მსგავსი პოლიტიკოსები, რომელიც 2010-2011 წლებში ამაყად ამბობდა, რომ ის იყო ინიციატორი იმ კანონისა, რომლის საფუძველზეც საქართველოში აღარ იქნებოდა სტრატეგიული ობიექტები. მაშინ ამერიკელებმა გადაგვარჩინეს და დაადუმეს „ნაციონალები“. ახლა, თუ მსგავსი რამ გაჟღერდება ახალ ხელისუფლებაში, რასაკვირველია, მათაც „ნაციონალების“ მსგავსი პოლიტიკური პერსპექტივა მოელით. ამიტომ, პირადად მე ვენდობი ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. ის ჩემთვის გახლავთ ბოლოს და ბოლოს გამოჩენილი სიმშვიდის საფუძველი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა უკონტროლოდ არ დარჩება და როგორც კი რუსული ძალა მოისურვებს საინფორმაციო ველის ხელში ჩაგდებას, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

– ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო MAP-ს არ მიიღებს. როგორ ახსნით აღნიშნულ განცხადებას?

 

ვფიქრობ, სრულიად იგივე მიდგომები აქვს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რადგან აპატურაიმ პრაქტიკულად MAP, როგორც ასეთი, ჩათვალა ზედმეტ ინსტრუმენტად საქართველოსთვის. ეს ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. MAP ნიშნავს დამატებით რამდენიმეწლიან შფოთს ქართულ-რუსულ ურთიერთობაში. თუ უნდა NATO-ს საქართველოს მიღება, ყოველგვარი MAP-ებისა და ანონსების გარეშე ეს შეიძლება მოხდეს როგორც ვარშავის სამიტზე, ისე მომდევნო სამიტებზე. ხანგრძლივი მოლოდინი რუსეთს კიდევ უფრო აღაგზნებს და იმდენად გაველურებულია რუსული ხელისუფლება და გაურბის თვალი და თითი ბირთვული ღილაკებისკენ, რომ ზედმეტი შფოთის შემოტანა არ არის არც საქართველოს და არც NATO-ს ინტერესებში. ამიტომ, რაიმე გაუგებრობას ჩემთვის ადგილი არ აქვს და მაკვირვებს ბევრი კომენტარი, რომელიც გამოიყენება ანტი-NATO-ური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. აპატურაის გამონათქვამი სწორედ საქართველოს მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

– რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება შესაძლოა დასჯადი გახდეს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე განიხილება. ემხრობით თუ არა ამ ინიციატივას?

 

 

– თუ რელიგიური ნიშნით შეიძლება რაიმე შეურაცხყოფა იყოს დასჯადი, მაშინ რატომ არ უნდა იყოს დასჯადი პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფა, ცხოვრების წესის მიმართ შეურაცხყოფა?! ნებისმიერი შეურაცხყოფა თუ იქნება დასჯადი, მაშინ შეიძლება იყოს რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფაც დასჯადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ რელიგიის წარმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ეს არის ანტირელიგიური ნაბიჯი და საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა. ამიტომ ამ იდეის ავტორმაც და იმ პარლამენტმაც, რომელიც ამ საკითხის განხილვას აპირებს, ცოტა მეტი უნდა იფიქრონ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016