reportiori.ge - კაცი, რომელიც დღეში 30 მილიონს შოულობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:54
საზოგადოება
კაცი, რომელიც დღეში 30 მილიონს შოულობს
ავტორი:
14 თებერვალი, 2016. 03:56

 

 

ბოლო 40 წელია მოკრძალებულ, ექვსი საძინებლისგან შემდგარ სახლში ცხოვრობს. არ ჰყავს მძღოლი და ყოველთვის თავად მართავს საჭეს. იშვიათად დადის პირად მცველებთან ერთად, უარს ამბობს მდიდრულ იახტებზე, თითქმის არასდროს იყენებს კომპიუტერს, პერსონალური ლეპტოპის ნაცვლად კი მნიშვნელოვან ჩანაწერებს ისევ ბლოკნოტში აკეთებს. ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრებზეც კი მაჯას უბრალო, ელექტრონული საათი უმშვენებს, რომელშიც კალკულატორია ჩამონტაჟებული. დღეში დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შოულობს, მომავალი 100 წლის განმავლობაში კი საკუთარ თავს შეუძლია წუთში 200 ათასის დახარჯვის უფლება მისცეს.


პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი ამბობს, რომ ფულის შოვნა არასდროს ყოფილა მისთვის მთავარი მიზანი. უბრალოდ უნდა, რომ კარგი ბიზნესმენი იყოს.


ჟურნალმა "ფორბსმა" მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატის ქონება 79,6 მილიარდ დოლარად შეაფასა და ამ მაჩვენებლით, კარლოს სლიმმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგებში კიდევ ერთხელ ჩამოიტოვა რეიტინგის ლიდერი ბილ გეიტსი.


"ფორბსის" მიერ დასახელებულ ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მექსიკელი პირველად 2002 წელს აღმოჩნდა, რამდენიმე წელიწადში კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სამეულში მოხვდა უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის შემდეგ. 2010 წელს კი ის ლიდერობას არავის უთმობდა. ბილ გეიტსმა მექსიკელი მაგნატი უკან მხოლოდ "ფორბსის" 2014 წლის რეიტინგში ჩამოიტოვა, თუმცა ისიც მხოლოდ სამი თვით, რადგან ივლისში კარლოს სლიმმა თავისი შემოსავლებით კვლავ გადაასწრო ამერიკელ მილიარდერს.


74 წლის კარლოს სლიმ ელუ მექსიკაში გადაბარგებული, ლიბანელი დევნილების მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილი იყო. მამამისმა - ჯულიან სლიმმა მექსიკას არმიაში გაწვევისგან თავდასაღწევად შეაფარა თავი. თუმცა, ახალგაზრდა ლიბანელს ახალ ქვეყანაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია. ოჯახის რჩენა უძრავის ქონების ვაჭრობით დაიწყო, მალე კი თავად იქცა წარმატებულ ბიზნესმენად.


პირველი ბიზნესგაკვეთილები პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯერ კიდევ ბავშვობაში, სწორედ მამისგან მიიღო. უკვე წარმატებულმა და გამდიდრებულმა ჯულიან სლიმმა შვილები საკუთარ ბიზნესში ადრეული ასაკიდანვე ჩართო, გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ "ჯიბის ფულს" აძლევდა, თან ავალებდა, საკუთარი ხარჯი და შემოსავლები რვეულში ჩაენიშნათ. ყოველი დღის ბოლოს კი მამა-შვილები ერთად აანალიზებენ ხარჯებსა და შემოსავლებს. სწორედ ასე ისწავლა საკუთარი ფინანსების განკარგვა კარლოსმა. ამბობენ, და-ძმებს შორის კარლოსი ყველაზე ნიჭიერი,


გონებაგამჭრიახი და მიზანსწრაფული იყო. გარდა ამისა, პატარა კარლოსი მათემატიკის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდა. მათემატიკის მოყვარულმა და ნიჭიერმა კარლოსმა პირველი ბიზნეს-ინვესტიცია 12 წლის ასაკში გააკეთა და მექსიკის ეროვნული ბანკის აქციები შეძინა. 17 წლისას კი ანგარიშზე უკვე პირველი მილიონი ედო.


მიუხედავად თინეიჯერობის ასაკში გამდიდრებისა, სკოლის დამთავრების შემდეგ კარლოსმა მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობა არ შეუწყვეტია. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლის პარალელურად, მექსიკელმა მაგნატმა ფულის შოვნის კიდევ ერთ ხერხს მიაგნო - დაბალკურსელებს ალგებრასა და პროგრამირებაში ამეცადინებდა.


უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 25 წლის ინჟინერ-მშენებელის დიპლომის მქონე კარლოს სლიმმა სასმელების მწარმოებელი კომპანია შეიძინა და უძრავი ქონების კომპანია Inmobiliaria Carso დააფუძნა.


გამჭრიახ ბიზნესმენს ალღომ არც თავისი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში უმტყუნა - მექსიკაში მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც ქვეყანას 1982 წელს საგარეო ვალის გადაუხდელობის გამო დაატყდა თავს, მომავალმა მილიარდერმა შესანიშნავად ისარგებლა და ძალიან დაბალ ფასად შეიძინა ათასობით აქტივი და ჩიხში მოქცეული ბევრი გაკოტრებული, თუმცა პერსპექტიული კომპანია. სწორედ იმ ხანებში დააფუძნა მექსიკელმა ბიზნესმენმა თავისი პირველი საინვესტიციო ჰოლდინგი Carso Group, რომლის სახელწოდებაც კარლოსისა და მისი მეუღლის სომაიას სახელების ინიციალების გაერთიანებისგან შედგება (Carlos-Soumaya).

მილიონებთან ერთად, მექსიკელმა მილიონერმა თანდათან შეიძინა გავლენიანი მეგობრები და გააფართოვა პოლიტიკური კავშირები. ქვეყნის პირველ პირთან, მექსიკის მაშინდელ პრეზიდენტთან, კარლოს სალინას დე გორტართან მეგობრობის წყალობით, კარლოს სლიმმა სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანია Telmex (Telefonos de Mexico)-ის ტენდერში გაიმარჯვა - მექსიკის პრეზიდენტის ბიზნესმენ მეგობარს Telmex-ი სულ რაღაც 2 მილიარდ დოლარად ერგო, როცა მისი რეალური ღირებულება 12 მილიარდ დოლარს აღწევდა. თუმცა, თავად კარლოს სალინასს ეს ტენდერი ძალიან ძვირი დაუჯდა - კარლოს სლიმის მიერ ტენდერში გამარჯვებას ქვეყანაში პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა, ქვეყნის პრეზიდენტს კი ლამის თანამდებობიდან გადადგომამდე, თითქმის ყოველდღიურად უწევდა თავის მართლება მთავრობისა და საზოგადოების წინაშე.


რაც შეეხება თავად კარლოსს, გამოცდილ ბიზნესმენს დიდი ყურადღება არ მიუქცევია მის გარშემო ატეხილი სკანდალისთვის და კომპანიის მოდერნიზებას შეუდგა. შედეგად Telmex-ი არა მხოლოდ მექსიკის, არამედ მთელი ლათინური ამერიკის მონოპოლიურ კომპანიად იქცა, მისი მფლობელი კი "ფორბსის" ყველაზე მდიდარი რეიტინგის სათავეში სწორედ ამ კომპანიიდან შემოსული მილიარდების წყალობით მოექცა.


სწორედ მონოპოლიაა ის თემა, რის გამოც სხვა მილიარდერების მაგავსად, კარლოს სლიმიც ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. თუმცა მექსიკელი მაგნატი მშვიდად პასუხობს კრიტიკას: "იფიქრე მოგებაზე და არა - რეპუტაციაზე. საკუთარი რეპუტაცია დიდად არ მაღელვებს. სხვების აზრით ცხოვრება, ცოცხალ გვამად გაქცევს. არ მინდა ცხოვრების დარჩენილი ნაწილი იმაზე ფიქრებში გავატარო, რას იტყვიან მერე ჩემზე".


Telmex-ის წარმატებით ამუშავების შემდეგ, ტელეკომუნიკაციების მაგნატმა კვლავაც განაგრძო სატელეკომუნიკაციო ბაზრის ათვისება. 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყიში, მექსიკის უმდიდრესმა ადამიანმა მობილური ოპერატორების ლათინოამერიკული კონსორციუმი America Movil შეიძინა. რამდენიმე წლის წინ "ნიუ იორკ თაიმსისა" და "სიტიბანკის" წილის მფლობელი გახდა, სამი წლის წინ კი ესპანური მედიაკომპანია Prisa შეიძინა.


ექსპერტები ამბობენ, რომ კარლოს სლიმი თითქმის ყოველთვის სწორედ იმ მომენტში ახორციელებდა ინვესტიციებს, როდესაც კომპანიები რთულ პერიოდს განიცდიდნენ და კრიზისის ზღვარზე იყვნენ. ამას თვითონაც არ მალავს და ხშირად აღნიშნავს - აქტივებს მაშინ ვყიდულობდი, როცა კრიზისის დროს სხვები ყიდდნენო.


და მაინც, ბიზნესი მისთვის მხოლოდ "სამსახურია", მთავარი კი ოჯახი და ოჯახური ფასეულობებია. ლიბანური წარმოშობის მექსიკელმა ბიზნესმნემა 32 წელი გაატარა მეუღლე, სომაია დომიტ გემაელთან თანაცხოვრებაში, რომლის გარდაცვალების შემდეგაც აღარ უქორწინია. სომაიასა და კარლოსის ექვსი შვილიდან სამი მამის კვალს გაჰყვა და აქტიურად არის ჩართული ოჯახურ ბიზნესში. ექვსივე მათგანს განათლება მეხიკოს უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული და არა - რომელიმე ძვირადღირებულ ევროპულ სასწავლებელში.


"ბევრი ადამიანი ისწრაფვის, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი შვილებისთვის. მე კი მინდა ჩემი შვილები შევცვალო, რათა მსოფლიოს ემსახურონ", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში კარლოს სლიმმა.


მიუხედავად იმისა, რომ მექსიკელ მაგნატს ოფიციალურად არ დაუასახელებია თავისი მემკვიდრე, უფროსი ვაჟი, კარლოს სლიმ-უმცროსი, მამის მერე მეორე პირია სლიმების ოჯახურ იერარქიაში - სწორედ ის განკარგავს Grupo Carso-ს ფინანსებს.


ბევრი სხვა ფილანტროპი მილიარდერისგან განსხვავებით, კარლოსს სლიმს ქველმოქმედების თავისი წესები აქვს. ამბობს, რომ ხალხისთვის ფულის დარიგებას, ინვესტიციების განათლებაში განხორციელება სჯობს - "სიმდიდრე ხეხილის ბაღს ჰგავს, ნაყოფი უნდა გაანაწილო და არა - ხეები".


ამიტომ არასდროს იშურებს მილიონებს განათლებისა და სოციალური სფეროსთვის. მექსიკაში გაჭირვებულებისთვის, რომელთაც ნოუთბუქების შეძენის საშუალება არ აქვთ, უფასო ციფრული ბიბლიოთეკა შექმნა, ასევე ერთ-ერთი მთავარი სპონსორია პროგრამის "ლეპტოპი ყველა ბავშვს". 100 მილიონი გაიღო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ლათინურ ამერიკაში სიღარიბეს ებრძვის.


მისი ყველაზე დიდი გატაცება ხელოვნებაა და აღმერთებს ფრანგ მოქანდაკე ოგიუსტ როდენს, რომლის ყველაზე დიდი კერძო კოლექციის მფლობელიცაა. ამბობს, რომ ხელოვნების, კერძოდ კი ფერწერისა და სკულპტურის სიყვარულით მეუღლემ "დააავადა". რამდენიმე წლის წინ მეხიკოში ხელოვნების მუზეუმიც კი დააარსა, რომელსაც გარდაცვლილი მეუღლის პატივსაცემად "სომაიას მუზეუმი" (Museo Soumaya) უწოდა და საკუთარი კერძო კოლექციიდან როდენის ქანდაკებები განათავსა.


როცა წარმატებული ბიზნესის რეცეპტზე ეკითხებიან, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლება: "კომპრომისი და პასუხისმგებლობა - აი, წარმატებული ბიზნესის მთავარი წესი".





წყარო: ambebi.ge



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016