„შეურაცხმყოფელი" უწოდა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის შესახებ გადაწყვეტილება უკვეა დაწერილია.
მოსამართლემ ნიკა გვარამიას ტესტის ჩატარება შესთავაზა. კერძოდ კი, დალუქული პაკეტით იმ გადაწყვეტილების მოტანა მოითხოვა, რომელიც თითქოს იუსტიციის მინისტრის დავალებით უკვე დაწერილია. თუმცა თანხმობა ვერ მიიღო.
„წინა პროცესზე თქვით, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისიც თქვით, რომ იცით ნიუანსები. წაკითხული გაქვთ?! მე გთავაზობთ ასეთ რამეს, ღია საჯარო სხდომაზე, როდესაც მოვა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ჩვენ გამოვაცხადებთ „რუსთავი 2"-ზე გადაწყვეტილებას, თქვენ (ნიკა გვარამიას მიმართავს) პარკში, დალუქული იქონიეთ ის გადაწყვეტილება, ვიღაცის დაწერილი და საჯაროდ გახსენით და თუ დაემთხვევა ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, თქვენი სასარგებლო იქნება თუ საწინააღმდეგო, საჯაროდ ვაცხადებ, გავიხდი მანტიას და დავტოვებ ჩემს თანამდებობას და თქვენ სრული უფლება გექნებათ, აღძრათ ჩემს მიმართ საქმე. ჩავატაროთ ეს ტესტი. გავხსნათ საჯაროდ ის გადაწყვეტილება, რომელიც „დაწერილია", - განაცხადა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ სასამართლო პროცესზე.
ნიკა გვარამიამ მოსამართლის საპასუხოდ განაცხადა: „ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ ვაპირებ თამაშებს, მითუმეტეს მანტიის გახდაზე", რასაც მოსამართლის რეპლიკა მოჰყვა. გვარამიამ ნათია გუჯაბიძეს არ მისცა საუბრის საშუალება, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.