ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ არ უნახავს, თუმცა სოციალურ ქსელში ნახა ის განწყობები, რაც ამასთან მიმართებაში იყო.
„გულწრფელად გეტყვით, ინტერვიუსთვის არ მომისმენია, თუმცა სოციალურ ქსელში როდესაც ვნახე, თუ რა განწყობები იყო ამ ინტერვიუსთან მიმართებაში, მივხვდი, თუ რა ფორმატით იყო ინტერვიუ წარმართული. სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ ინტერვიუსთან დაკავშირებით, თუმცა დასანანია, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპონდენტს და არ აძლევს შესაძლებლობას, დასმულ კითხვაზე დაამთავროს პასუხი და შემდეგ დაუსვას კითხვა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარვეზსა და პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, როდესაც პოლემიკა იმართება, ეს ნორმალურია. მე ბატონი ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ მომისმენია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყოველთვის მზადაა, უპასუხოს ყველაზე მწვავე კითხვებსაც კი და თუ ჩვენ გადავხედავთ მის შეხვედრებს, აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის მაქსიმალურად ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც აწუხებს და რომელიც არის საზოგადეობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.