logo_geo
eng_logo
„მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის „რუსულ ფულს“ რამდენჯერაც ახსენებს, ზუსტად იმდენი მეტრით იღრმავებს თავის პოლიტიკურ სამარეს!“
- +

7 ნოემბერი. 2019. 17:53

 

„ივანიშვილი რუსეთში ნაშოვნ ფულს საქართველოში ხარჯავს და ქველმოქმედებაში 3 მილიარდამდე დოლარი აქვს ჩადებული“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს.

 

„კაცი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ფულით საქვეყნო საქმე გააკეთოს, ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ადგილი, რომლის აყვავებასა და აღორძინებასაც აპირებს-წყალტუბო.

 

კერძოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა გასულ კვირას განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მზად არის, სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, რაც არა მხოლოდ გაჩანაგებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ობიექტების აშენებასაც გულისხმობს.

 

„ვინაიდან სახელმწიფოს არა აქვს საშუალება, წყალტუბოს განვითარებაში რამდენიმე ასეული მილიონი ჩადოს და ამ მხრივ ბიზნესმენებიც არ აქტიურობენ, მზად ვარ, კურორტის აყვავება საკუთარ თავზე ავიღო!“ - ამბობს ივანიშვილი, რომელიც წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას აპირებს.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საკუთარ განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია მისთვის ბიზნესპროექტი და ფინანსური მოგების წყარო არ არის. მეტიც, ივანიშვილი მზად, არის, საკუთარი ფულით აღორძინებული კურორტი სახელმწიფოს ან ნებისმიერ ბიზნესმენს თვითღირებულების ფასად გადასცეს.

 

მისივე განცხადებით, წყალტუბოს განვითარებას შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანიის მიერ შემუშავებული კონცეფციით აპირებს, რაც ძველი ობიექტების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის კვალდაკვალ ახალ ბავშვთა მოედნების, წყლის პარკის, ტროპიკული ბაღის, ჩოგბურთისა და გოლფის მოედნების, სავაჭრო ცენტრის, კაფე-ბარებისა და რესტორნების აშენებას ითვალისწინებს.

 

გარდა ამისა, წყალტუბოში დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები პროფილურ სპეციალობებში გადამზადდებიან.

 

„რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში სულ მალე შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ!“- აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის თქმითაც, წყალტუბოს განვითარება სარგებელს არამარტო იმერეთის რეგიონს, არამედ რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაც მოუტანს.

 

მოკლედ, ივანიშვილი კიდევ ერთხელ აპირებს, საკუთარი ფული სახალხო საქმეში დახარჯოს და ვინ შეიძლება, ამას ეწინააღმდეგებოდეს, თუ არა ბოღმით გასიებული პოლიტიკური შარლატანები, რომლებიც მზად არიან, ივანიშვილთან პაექრობას ქვეყანა გადააყოლონ.

 

აკი, თავშივე გითხარით, საქვეყნო საქმეებში საკუთარი ფულის დამხარჯავ ივანიშვილს ის უთოფო ყაჩაღები ებრძვიან, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის ხარჯზე საკუთარი ჯიბეების გასქელების მეტი არაფერი უკეთებიათ-მეთქი.

 

ერთი ასეთი ყაჩაღ-ბანკირი მამუკა ხაზარაძეა, რომელმაც წყალტუბოს განვითარების შესახებ ივანიშვილის ინიციატივას „ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება“ უწოდა. პოლიტიკას თავშეფარებული მევახშის თქმით, ივანიშვილმა სახელმწიფო სტრუქტურები დაისაკუთრა და ახლა კერძო სტრუქტურების ჯიბეში ჩადებასაც შეუდგა, ამას კი „რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობის ფულით“ აკეთებს.

 

ხაზარაძე ივანიშვილის „რუსულ ფულზე რომ ლაპარაკობს, ეს უკვე ერთი ანეკდოტია და მეორე ანეკდოტი კიდევ ის არის, ხაზარაძეს რომ ჰგონია, ივანიშვილის „რუსულ ფულზე“ ლაპარაკით მის დისკრედიტაციას მოახდენს.

 

არადა, სულ პირიქით არის ეს ამბავი - როცა ხაზარაძე ივანიშვილის რუსულ ფულზე ლაპარაკობს, ხალხს უმალ ახსენდება, რომ ივანიშვილი რუსეთში ნაშოვნ ფულს საქართველოში ხარჯავს და ქველმოქმედებაში 3 მილიარდამდე დოლარი აქვს ჩადებული, ხაზარაძემ კი ფული საქართველოში ქართველი ხალხის გაყვლეფით იშოვა.

 

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ველური „პრიხვატიზაცია“ და სახელმწიფო ქონების კაპიკებად დატაცება რომ იყო გაჩაღებული, ხაზარაძე და მისნაირები სწორედ მაშინ იქცნენ „წარმატებულ ბიზნესმენებად“, ბიძინა ივანიშვილი კი ბიზნესს რუსეთში აკეთებდა და ქართველი ხალხის ძარცვაში მისი ხელი არ ურევია.

 

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში პირველი 100 ათასი დოლარი რომ იშოვა, საქართველოს საჩუქრად ტრაქტორები გამოუგზავნა, ხაზარაძე კი „საქართველოს სახალხო საინვესტიციო კორპორაციაში“ აკუმულირებული ხალხის ანაბრების მითვისებით იყო დაკავებული, რაღა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძის ხელდასხმითა და ლოცვა-კურთხევით.

 

ჰოდა, ხაზარაძე ივანიშვილის „რუსულ ფულს“ რამდენჯერაც ახსენებს, ზუსტად იმდენი მეტრით იღრმავებს თავის პოლიტიკურ სამარეს!

 

ფულის გათეთრებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ხაზარაძე ივანიშვილს „ქვეყნის მითვისებაში“ რამდენჯერაც დაადანაშაულებს, საზოგადოებასაც ზუსტად იმდენჯერ გაახსენდება, რომ ხაზარაძე ერთ-ერთი გამორჩეული ყაჩაღია იმ კოსტიუმიან ყაჩაღებს შორის, რომლებმაც საქართველოს სიმდიდრეების მითვისება შევარდნაძის დროს დაიწყეს, სააკაშვილის დროს გააგრძელეს და  დღეს ნაძარცვ-ნაალაფარის შესანარჩუნებლად პოლიტიკაში მიძვრებიან“, - აღნიშნავს ჯაბა ხუბუა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner