logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: მომავალი თაობები უნდა იცნობდნენ ბრიტანელი და-ძმის მარჯორი და ოლივერ უორდროპებს ღვაწლს...
- +

13 ნოემბერი. 2019. 10:53

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გახსნილ გამოფენაზე - „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა“ სიტყვით გამოვიდა.

 

„ყველასთვის კარგად არის ცნობილი როგორც დიპლომატიური, ასევე ლიტერატურული თვალსაზრისით რაოდენ დიდი დამსახურება ჰქონდათ მარჯორი და ოლივერ უორდროპებს საქართველოში. იმ პერიოდში, როდესაც ბრიტანელი და-ძმა მოღვაწეობდა ჩვენს ქვეყანაში, საქართველო, პრაქტიკულად, იმ მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა თავისი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, რომელიც დღესაც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული. საუკუნის წინ მათ შექმნეს როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე ქვეყნის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციის უნიკალური მოდელი. ისინი იყვნენ გამორჩეული დიპლომატები - საქართველოს ელჩები არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ უფრო დიდი მასშტაბით. დღევანდელი გამოფენა არის მადლიერების ის უმცირესი გამოხატვა, რაც შეგვიძლია მივუძღვნათ მათ ხსოვნას და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთივე ერთგული და მხარდამჭერი პარტნიორები დღეს კიდევ უფრო ბევრი ეყოლება ჩვენს ქვეყანას. უნიკალურია გამოცემები ისეთი შედევრების, როგორიცაა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „ქილილა და დამანა“. მინდა კომიტეტის სახელით არა მარტო მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, არამედ ასევე გამოვთქვათ მზაობა, რომ ზოგადი განათლების სისტემაში უორდროპების დამსახურების მაქსიმალური პოპულარიზაცია მოვახდინოთ. მომავალი თაობები უნდა იცნობდნენ მათ ღვაწლს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო უორდროპების წერილობითი მემკვიდრეობა და მასთან დაკავშირებული სხვა საარქივო და პერიოდული მასალა, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს, კორნელი კეკელიძეს, ვასილ კარბელაშვილს და სხვებს. ის უნიკალური ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც საქართველოზე შეყვარებული და-ძმა მოხიბლეს თავისი ფორმითა თუ შინაარსით და რომლებიც მათ თარგმნეს ინგლისურად, რათა დასავლური სამყაროსათვის წარედგინათ ამ შედევრების შემქმნელი კულტურა.

 

2019 წელს შესრულდა მარჯორი სკოტ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი. ამ თარიღს იუნესკო საერთაშორისო მასშტაბით აღნიშნავს. ამავე წელს შესრულდა ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 155 წელიც. როგორც ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა, და-ძმის დიპლომატიური თუ ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ეს ღვაწლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოვლენილი, გამუდმებით მიმდინარეობს ახალი მასალის აღმოჩენა და კვლევა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner