„ყველა ადამიანის გულწრფელი პროტესტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნურავინ ისპეკულირებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა დახურულ ჯგუფში „ქართული ოცნების“ წევრების შესახებ ე.წ. „ფეიქ-ნიუსები“ ვრცელდება.
„სპეკულირებენ, რომ თითქოს გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა ის, „რომ ხალხი იქ კი არ არის, ჩვენს უკან დგასო“. ასეთი რამ მას არ უთქვამს, „ხალხი ჩვენს უკან დგას“ არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის ხალხი და როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულ ძალებთან ერთად დაორგანიზებულ აქციას გააკრიტიკებს ვინმე, ეს სპეკულირებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად. დღეს, მთელი დღე სხვადასხვა დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს, რაც არის „ფეიქ-ნიუსები“ და ამ ტყუილებით ცდილობენ საზოგადოებაში რაღაც ემოციური ფონის შექმნას. ეს არის ბინძური კამპანია“, - განაცხადა მდინარაძემ.