„ვფიქრობ, ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძია ის პროცედურები, რომლითაც მოსამართლეთა შემადგენლობა შეირჩა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„არის კრიტიკული ნიუანსები, რაც საყურადღებოა, მაგრამ ამის პასუხი გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძია ის პროცედურები, რომლითაც მოსამართლეთა შემადგენლობა შეირჩა.
ოპოზიციას არ მოსწონს ეს შემადგენლობა იმიტომ, რომ ისინი სააკაშვილის პერიოდში მუშაობდნენ სასამართლოში. სწორედ სააკაშვილის დროს დაგროვდა მოსამართლეებზე უარყოფითი შეხედულებები და ახლა ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს.
არჩევანი იყო ორ ვერსიას შორის. ერთი მიმართულება იყო სასამართლოს სრული მოშლა, ათასობით განუხილველი საქმის დატოვება და კრიზისის შექმნა.
მეორე არჩევანი იყო, მიუხედავად საორჭოფო საკითხებისა, შეგვენარჩუნებინა სასამართლოს სტაბილურობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, მეორე გზას გავყოლოდით. ვფიქრობ, ამით სასამართლოს რეიტინგი ამაღლდება და ეს სახელმძღვანელო იქნება ბევრი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.