ჩვენ ახლა უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ, ძალას რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რეალურად აქვს დიდი შანსი, რომ ქვეყანა ისევ მართოს და გაიმარჯვოს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამომრჩეველი უკვე აღარ უყურებს გარკვეულ ქარიზმატულ ლიდერებს, არ უყურებს დაპირებებს. მშვენივრად იცის ვინ ვინ არის. ვის რა ბიოგრაფია აქვს და რა გაუკეთებია და რა არა. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში შესანიშნავად იმოქმედა. ჩვენ ვნახეთ საქართველოზე ეკონომიკურად უფრო ძლიერი და განვითარებული ქვეყნები, როგორი კატასროფის წინაშე დადგნენ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ ვნახეთ აქ რა სიტუაცია იყო. ხელისუფლებამ გეგმაზომიერად იმოქმედა, იმ არსებული სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე გააკეთეს ყველაფერი, რომ სტაბილური სიტუაცია შენარჩუნებულიყო. ხელისუფლების პოსტპანდემიური გეგმებიც რეალური იყო“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოება უყურებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს და მისი პრიორიტეტებია ჯანდაცვა, ადამიანების უსაფრთხოება, სოციალური საკითხები და ეკონომიკა. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ფონზე, მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები კოალიციას ვერ შექმნიან.