logo_geo
eng_logo
“მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება” - პანდემია შიმშილის, დაავადებების და გაუნათლებლობისკენ მიგვაქანებს
- +

20 სექტემბერი. 2020. 12:49

 

 

შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინფექცია ძირითადად მოხუცებს აზარალებს, თუმცა „ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ პანდემია ღარიბ ქვეყნებში ისეთ კატაკლიზმად გადაიქცა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი" აღნიშნავს, კორონავირუსულ პანდემიას, სხვა დაავადებების, გაუნათლებლობისა და აუტანელი სიღარიბის პანდემია მოყვება, რაც ყველაზე მეტად ბავშვებს ურტყამს. მედიისავე ცნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ შესაძლოა პანდემიამ 13 მილიონი არასრულწლოვანის ქორწინება გამოიწვიოს და 47 მილიონ ქალს თანამედროვე კონტრაცეფციასთან ხელმისაწვდომობა აღარ ჰქონდეს.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პანდემიის შედეგად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება დაიკეტა, ხოლო სხვა მძიმე დაავადებების სამკურნალო საშუალებები მიუწვდომელი გახდა, რადგან სხვადასხვა სამედიცინო კამპანიები შეჩერებულია, კორონავირუსით უდიდესი ზიანი არა პირდაპირ ინფიცირებულებს მიადგათ, არამედ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკას, ჯანდაცვის სისტემებს და განათლებას.

 

„გლობალურ სამხრეთზე კორონავირუსის ირიბი გავლენა კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე ინფექციის პირდაპირი ზიანი, იგი ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ირიბად მოქმედებს, რაც ნიშნავს მრავალი ადამიანისთვის სამუშაო ადგილის დაკარგვას, ოჯახების შიმშილს, ოჯახური ძალადობის მომრავლებას და უფრო მეტი ბავშვის მიერ სკოლის დატოვებას, გამოწვეული ზარალი მთელი თაობების მხრებზე გადაივლის."- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „BRAC International"-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ექიმმა მუჰამედ მუსამ.

 

აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კორონავირუსით იღუპებიან, პანდემიის მთავარი მსხვერპლი არაა, მსოფლიოში 80 მილიონამდე ბავშვია, რომლებსაც წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ გაუვლიათ, ან არასრულფასოვანი კვების გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით არასრულწლოვანი გოგონების მხრებზე გადადის, ისინი ოჯახის სოციალური მდგომარეობის გამო იძულებულები ხდებიან ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, ან დიდ ქალაქებში საკვების ან მცირე ხელფასის სანაცვლოდ მოახლეებად იმუშაონ, ამით ისინი ვერც განათლებას იღებენ და შესაძლოა გარკვეული ძალადობის მსხვერპლებიც კი გახდნენ.

 

„მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც სტუდენტები დგანან, ეს შიმშილია"- აღნიშნა ოპრგანიზაცია  „Camfed International" აფრიკის ხელმძღვანელმა ანდელინ მური მირვამ და დასძინა, რომ მალავის რესპუბლიკაში მათი სტუდენტების 60% ცუდად იკვებება. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია განვითარებად ქვეყნებში გოგონებს განათლების მიღებაში ეხმარება.

 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ზიმბაბვეს რესპუბლიკაში 14 წლამდე გოგონების 4% დაქორწინდა, ახლა კი ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა მნიშვნელოვნად კიდევ გაიზარდოს.

 

ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა და სხვა ქველმოქმედმა ბიზნესმენებმა ამერიკის კონგრესს მოუწოდეს, რომ მომდევნო დახმარების პაკეტში 4 მილიარდი დოლარი შეიტანონ, რათა მსოფლიოში ვაქცინაციის გაკეთება უფრო მეტ ადამიანმა შეძლოს.

 

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პანდემიამ გარდა უშუალოდ კორონავირუსული ინფექციით დაზარალებულებისა, მსოფლიო ეკონომიკა, განათლება დააზარალა და პოლიტიკური პროცესებიც ეჭვქვეშ დააყენა.

 

„პანდემიის გამო პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, ამაზე დიდი ხნის წინ იყო ლაპარაკი, რომ ეს (ვირუსი) ვითომ სპეციალურად ჩინეთმა შექმნა - ეს არ ვიცი ჭორია თუ სიმართლე, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ თუ არ ვცდები ჩინეთმა ბევრი აქტივები იყიდა, რომლებსაც ფასის გამო აქამდე ვერ ახერხებდა.

 

ჩვენი ქვეყანა ავიღოთ - სწავლა ჩავარდნილია, არ ვიცით იქნება თუ არა არჩევნები, მიმოსვლა კარგა ხანია შეზღუდული იყო და ახლაც არაა გამორიცხული, რომ აჭარა ჩაიკეტოს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ პაციენტი მხოლოდ საავადმყოფოში აღარ თავსდება, ალბათ ადგილებიც უკვე ისე აღარაა.

 

ქვეყნისთვის უარესი პრობლემა კიდევ ისაა, რომ როდესაც მძიმე ფორმების რაოდენობა მატულობს, მაშინ უკვე ქვეყანა ტექნიკურად ვეღარ ახერხებს, ისეთი ქვეყნებიც, რომელიც თითქოს ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ, აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, ვერ გათვალეს, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი შესაძლოა ამდენ ადამიანს დაჭირვებოდა. როდესაც რეანიმაცია ათასობით ადამიანს სჭირდება, ეს წარმოუდგენელია, სწორედ ამან გამოიწვია პრობლემები" - განაცხადა მან.

 

როგორც „ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში იყო აღნიშნული, დღემდე 80 მილიონამდე ბავშვი წითელა-წითურაზე აცრილი ჯერ იდევ არაა.

 

ხმალაძის აზრით, კორონავირუსის პირობებში ბავშვების წითელა-წითურაზე აცრა საშიშია, რადგან შესაძლოა ამ დროს მცირეწლოვანი კოვიდ-19-ის უფრო მეტად მიმღები გახდეს.

 

„ვაქცინა ისაა, რომ ან ანტიგენი შეგყავს ან დასუსტებული მიკრობები, რომლებიც ასევე ანტიგენის ფუნქციას ასრულებენ და ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს, ეშინიათ, რომ ამან ბავშვების დასუსტება არ გამოიწვიოს და კორონავირუსის ადვილად მიმღებები არ გახდნენ, ორმაგი ენერგიის ხარჯვას ვერ მოახერხებენ და კორონავირუსი უკვე მძიმე ფორმებში წარიმართება.

 

უბრალოდ საშიშია, რომ თვითონ მერე წითელა-წითურა არ გაგიჟდეს, მაგრამ რეალურად ეს ბავშვთა ასაკში ისეთი მძიმე ინფექცია არაა, რომ მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ მომენტში დასაშვებად მიმაჩნია, თუ სიმართლეა და წითელა-წითურას პროგრამა კორონავირუსის პირობებში შეჩერებულია" - განაცხადა ხმალაძემ.

 

იგივე აზრისაა „რეზონასნთან" ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში ვატო სურგულაძე, იგი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ყველა სფერი დააზარალა და მისი თქმით, „ის მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება".

 

„კორონავირუსმა მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ გამოიწვია, ღირებულებების გადაფასება, ასევე ის, რომ ვნახეთ, რომ აშშ-ში ითვლებოდა, რომ ბიო უსაფრთხოებაზე ყველაზე დიდი თანხები იხარჯებოდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა, რადგან ამ პროცესის მართვა ვერ მოხდა, ასევე მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ასეთი ძლიერი ვარდნა არ ყოფილა.

 

ასევე მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უსაფრთხოება გაცილებით უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე მარტო იარაღისა და ჯარის ყოლა, უამრავ რაღაცაზე დააფიქრა ადამიანები, თუ ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელონ, ბევრ რაღაცას ადამიანი ალბათ სხვანაირად შეხედავს, ის მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება, თვისობრივად შეიცვლება.

 

რაც შეეხება ბავშვებს, მაგალითად ონლაინ სწავლება გაცილებით ნაკლებს აძლევს, ვიდრე პირდაპირი ტიპის განათლება, ეს განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა, ხოლო ღარიბ ქვეყნებზე აღარაა საუბარი, სადაც კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არაა.

 

კორონავირუსმა ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებს დაარტყა, პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და როდის დამთავრდება კაცმა არ იცის, რის მერეც მსოფლიო ისეთი აღარ იქნება.“

 

"50-იან წლებში ნობელის პრემიის ერთ-ერთმა ლაურეატმა თქვა, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება კაცობრიობა დაამარცხოს, ეს არის ვირუსიო და როგორც ვხედავთ აბსოლუტურად მართალი იყო.

 

„პანდემიის მერე ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება წავა, ამისთვის მეტი თანხები ჩაიდება, ასევე ეკონომიკის მხრივ ბიზნესების დივერსიფიკაცია მოხდება იმისათვის, რომ ერთ დარგზე მაგალითად ტურიზმზე დამოკიდებულები ძალიან არ ვიყოთ" - განაცხადა სურგულაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner