„მეათე მოწვევის პარლამენტში დესტრუქციის გარდა ოპოზიციისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?!“, - ეს განცხადება მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ისინი (ოპოზიცია) მეათე მოწვევის პარლამენტში იგივე დესტრუქციას გააგრძელებენ, თუმცა აღარ ექნებათ ის ჟინი, რომელიც ჰქონდათ. გულწრფელად მაქვს სურვილი, ოპონირება გაგვიწიოს ისეთმა პოლიტიკოსებმა, რომელიც საგნობრივ დებატებში შემოვა და არა ისეთში, როგორსაც მთელი 4 წლის განმავლობაში ვხედავდით.
თუ გახსენდებათ ერთი საგნობრივი დებატი? რაღაც ტყუილს იგონებდნენ და ამაზე გვეჩხუბებოდნენ. ერთი შემთხვევა მახსენდება მხოლოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, სადაც რაღაც შეთანხმებას მივაღწიეთ. ისიც ისეთი თემა იყო, რომ იმაზე კამათი თვითონაც ალბათ ვერ გაბედეს საზოგადოების რისხვის შიშით. შემდეგში მათი მხრიდან კონსტრუქციულ დებატებს არ ველოდები. გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბედნიეროდ ხმების ისეთი რაოდენობა გვაქვს და მანდატების ისეთი რაოდენობა გვექნება, რომ უკვე გარანტირებულად ვხედავთ ჩვენ მონაცემებს, რომ არ დაგვჭირდება მათი თანამონაწილეობა, ისევ მივიღეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ ქვეყანას გამოადგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.