თამაში ჭავლის ყანაში
ნობელიანმა პორტუგალიელმა მწერალმა ჟოზე სარამაგუმ სიკვდილამდე 5 წლით ადრე, 2005 წელს, თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი გამოსცა, რომელსაც ჰქვია „სიკვდილი ისვენებს“7
ნაწარმოებში მოთხრობილია ფანტასმაგორიული ამბავი, თუ როგორ გადაწყვიტა სიკვდილმა, დაესვენა და საკუთარი მოვალეობა დროებით აღარ შეესრულებინა, რადგან მიაჩნდა, რომ ადამიანები მისდამი უმადურობას იჩენდნენ. უსახელო ქვეყანაში, სადაც სიკვდილი ისვენებს და ადამიანები აღარ კვდებიან, ყველაფერი თავდაყირა დგება და ქაოსი ისადგურებს...
სარამაგუს უტოპიურ რომანში სიკვდილს, რომელიც ისვენებს, ქალის სახე აქვს, საქართველოს რეალობაში კი სიკვდილი, რომელიც არა და არ ისვენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არის წარმოდგენილი.
დიახ, არ ისვენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ ისვენებს სიკვდილი, რომელიც მისი მუდმივი თანამგზავრი, თანამებრძოლი და თანამეინახეა.
სადაც „ნაცმოძრაობა“ ჩნდება, სიკვდილიც იქვეა.
როგორც კი ნაცმოძრაობა გაფაჩუნდება, სიკვდილიც მაშინვე აქტიურდება და მისი ერთადერთი მოვალეობის შესრულებას იწყებს.
2020 წლის 8 ნოემბერს, გამძვინვარებული კოვიდპანდემიის პირობებში, რუსთაველის გამზირზე 5000-მდე ადამიანის შეკრებაც „ნაცმოძრაობისა“ დამისი მეწყვილე სიკვდილის მიერ დუეტში შესრულებული რეკვიემი იყო! დიახ, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ამხანაგმა სიკვდილმა სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად დააყენეს ხალხი და ქვეყანა კორონავირუსის მორიგი მძლავრი ტალღის საშიშროების წინაშე, რადგან მათ ინტერსებში შედის, რომ ხელისუფლებამ პანდემიის მართვა ვეღარ შეძლოს, ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსი განიცადოს და ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების კუბოები ერთმანეთზე დალაგდეს. ნაცმოძრაობა ასე უფრო მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს, მისი თანამეინახე სიკვდილი კი საკუთარ გეგმას გადაჭარბებით შეასრულებს.
შეგიძლიათ, ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ კატასტროფულად მოიმატებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული რამდენიმე ათასი მომიტინგე საკუთარ ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებშიც დაბრუნდება!
ისიც ადვილი წარმოსადგენია, რა დაემართებათ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთათვისაც ადგილი არც საავადმყოფოებში იქნება და არც საკარანტინო სივრცეებში, სახლში დარჩენილი პაციენტები კი, მათი სიმრავლის გამო მედიკოსების ყურადღების მიღმა და მკურნალობის გარეშე დარჩებიან.
მოკლედ, როცა „ნაცმოძრაობამ“ 2020 წლის 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ხალხის შეკრებით გააკეთა, ეს ნამდვილი ბიოლოგიური ტერორიზმი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა კოვიდის უკონტროლო გავრცელებასა და მოსახლეობის მასობრივ ინფიცირებას!
ასე რომ, ყველამ იცოდეს, 2020 წლის 8 ნოემბრიდან მოყოლებული, კორონავირუსის შემთხვევათა მოსალოდნელ კატასტროფულ ზრდასა და ფატალურ შედეგებზე პირდაპირ არის პასუხისმგებელი ბიოლოგიური ტერაქტის ავტორი „ნაცმოძრაობა!“
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი იმაზეა პასუხისმგებელი, 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დამრბევი და რუსთაველის გამზირის სისხლით მომრწყველი ნაცმოძრაობა 2020 წლის 8 ნოემბერს იმავე ადგილზე საპროტესტო აქციის მოწყობას ბედავს!
დიახ, დღევანდელ ხელისუფლებას ნაცდამნაშავეების წინააღმდეგ თავის დროზე კანონსა და სამართლის ჭავლი რომ გამოეყენებინა, დღეს მათ წინააღმდეგ წყლის ჭალის გამოყენება არ დასჭირდებოდა, რადგან სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები გლდანის გისოსებიან შენობაში იქნებოდნენ გამოკეტილი და ცესკოს შენობის შტურმით აღებას ვერ დააპირებდნენ!
აი, სწორედ ის იქნებოდა ნამდვილი ჭავლი, რომელიც კრიმინალურ ნაცბანდას დაშლიდა ალაგმავდა!
წყლის ჭავლი კი, რომელიც ნაცებს ცესკოს შენობასთან მიასხეს, მხოლოდ თამაშია – თამაში ჭავლის ყანაში, რაც გვახსენებს დიდი ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის შედევრს „თამაში ჭვავის ყანაში“!
დიახ, ჭავლის ყანაში თამაში უსაფრთხო სულაც არ არის, რადგან ეს ჭავლის ყანა, სელენჯერისეული ჭვავის ყანის მსგავსად, კლდის პირას მდებარეობს და ქვემოთ ხახადაფჩენილი უფსკრულია!
იმედია, ჭავლის ყანაში თამაში საქართველოს უფსკრულში გადაჩეხით არ დასრულდება!
იმედია, „ნაცბანდა“ და მისი მეგობარი სიკვდილი ერთხელაც დაისვენებენ!
ჯაბა ხუბუა