გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმებით შეშფოთებულია. შესაბამისი განცხადება გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ანტონიუ გუტერეშმა გასულ წელს „კლიმატური კატაკლიზმების უპრეცედენტო პერიოდი“ უწოდა.
„ნახშირორჟანგის კონცენტრაცია კვლავ გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 3 მილიონი წლის განმავლობაში.
გასულ წელს, ჰაერის საშუალო ტემპერატურამ წინა ინდუსტრიულ დონეს 1,2 გრადუსით გადააჭარბა. ეს ძალიან საშიშია, რადგან მაჩვენებელი უკვე უახლოვდება სამეცნიერო საზოგადოების მიერ დადგენილ 1,5-გრადუსიან ზღვარს“, - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, თუ საერთაშორისო საზოგადოება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად მთელ ძალისხმევას არ მიმართავს, ამ საუკუნის ბოლოსთვის საშუალო წლიურმა ტემპერატურამ, შესაძლოა წინა ინდუსტრიულ დონეს 2,4 გრადუსით გადააჭარბოს, რასაც შეუქცევადი კატასტროფული პროცესები მოჰყვება.
„ჩვენ მართლაც უფსკრულის პირას ვდგავართ“, - აღნიშნა მან.
„თუ ერთად ვიმუშავებთ, თავიდან ავიცილებთ კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგებს. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ მოგვეცემა და ეკონომიკა ეკოლოგიურად სუფთა გზით აღვადგინოთ“, - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა და მსოფლიო საზოგადოებას თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.