“კვირასთან” საუბრისას მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიება არის უზნეობისა და ცოდვის ქადაგება, რის წინააღმდეგაც ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს.
მისივე თქმით, ხალხი უნდა დაფიქრდეს, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება – ქვეყანა, სადაც ღირებულებებს სცემენ პატივს თუ ქვეყანა, სადაც ხდება ცოდვის პროპაგანდა?
“თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რა თქმა უნდა, მიუღებელია კატეგორიულად. ეს არის ცუდის, უზნეობის ქადაგება – ის, რასაც დღეს აკეთებენ, არის უმძიმესი ცოდვის პროპაგანდა, ქადაგება. ამ ყველაფერს კი პირში გვაჩრიან, თავს გვახვევენ. ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ გააჩნია ფორმებს. ქუჩაში გადი-გამოდიან, მაგრამ მათ არავინ დევნის. მაგრამ ის, რასაც გეგმავენ, არის უზნეობა, რომლის წინააღმდეგაც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. ხალხმა არ უნდა დაუშვას ცოდვის ქადაგების შესაძლებლობა. უღირს მარშს, უღირს საქციელს ,,ღირსების მარში,, დაარქვეს. ძალადობენ ადამიანების აზროვნებაზე, ფიქრებზე.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება – გვინდა ქვეყანა, სადაც ღირებულებებს სცემენ პატივს თუ ქვეყანა, სადაც ხდება ცოდვის პროპაგანდა? იზრდება მომავალი თაობა, როგორი მომავალი გვინდა შვილებისთვის?
მე, ჩემი ოჯახით, ჩემი მეუღლით, შვილებით, მეგობრებითა და მრევლით ვაპირებ, 5-ში მივიდე რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტო ეს უმსგავსობა და ამ კუთხით მოქალაქეები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ”, – განუცხადა “კვირას” მამა შალვა კეკელიამ.