logo_geo
eng_logo
დიდი არისტოკრატების საპროტესტო გამოსვლები თამარ მეფის დროს და დამსახურებული პიროვნებების დამხობა
- +

24 ივლისი. 2016. 00:57


გიორგი მესამის გარდაცვალების შემდგომ სამეფო ოჯახში მემკვიდრე ვაჟი აღარ იყო.


როგორც ცნობილია, ჩვენი სათაყვანებელი დედოფალთ-დედოფალი თამარი გამეფდა მამამისის მიერ ძმისშვილის, ტახტის მემკვიდრის, დიმიტრის (დემნას), აჯანყების გამო, სასტიკად დასჯის შედეგად. სამეფო ოჯახის ერთადერთ ვაჟს, ტახტის მემკვიდრეს თვალები დათხარეს და დაასაჭურისეს. დემნა სასჯელს გადაყვა. სხვა მემკვიდრე სამეფო ოჯახს არ ჰყავდა და 1178 წელს, გიორგი მესამემ, თავის სიცოცხლეშივე თანამეფედ აკურთხებინა უფროსი ქალიშვილი, თამარი. ამგვარად სცადა განემტკიცებინა მამას თავისი ასულის მემკვიდრეობა. მანამდე ქალის გამეფების პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა და წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ამ დროს ბაგრატიონთა მზეთუნახავი 18 წლისა იქნებოდა.


6 წლის მანძილზე ახალგაზრდა დედოფალი აკვირდებოდა მამამისის ქმედებებს, მონაწილეობას იღებდა პოლიტიკური და სამხედრო ხასიათის თათბირებში, სწავლობდა ქვეყნის მართვის ხელოვნებას. ნიჭიც მოსდგამდა, და რაც მთავარია, ბუნებრივად ჰქონდა დიპლომატიისა და საკუთარი სურვილების მშვიდობიანი მეთოდებით გატარების ტალანტი.


1184 წელს გარდაიცვალა გიორგი III. დედით ობოლი თამარი ახლა უკვე მამას დასტიროდა. მეფესთან ერთად სახელმწიფოც გლოვობდა ნიჭიერ სარდალს.


თუმცა, ზოგიერთი უკვე ახალი პერსპექტივებისათვის ემზადებოდა. დიდებულებსა და პოლიტიკოსებს ახალი ხანა დაუდგათ და ახლებურად უნდა ემოქმედათ, რათა თავისი ინტერესები გაეტარებინათ ახალგაზრდა, გამოუცდელი მონარქის პირობებში.


1178 წელს გიორგი მესამემ დემნას აჯანყების ჩახშობის შემდეგ ძალიან შეცვალა ქვეყნის მართვის სტილი. ეკლესიას დაუბრუნა მის მიერ ადრე ჩამორთმეული შეუვალობა და მიწებიც. ქალის მეფედ კურთხევის სანაცვლოდ, ახალი კათალოკოსი აიყვანა ტახტზე. ძველი, დიდი არისტოკრატიული, დამსახურებული საგვარეულოები, - რომლებსაც საქართველოს გაერთიანებაში წვლილი ჰქონდათ შეტანილი და დემნას მიუდგნენ, - დაამცრო და მათ ადგილას დააწინაურა უბრალო წარმოშობის ადამიანები, ზოგჯერ ყოფილი ყმებიც კი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უბრალო წარმოშობის ადამიანების დაწინაურება ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა დაიწყო.


გამარჯვებული გიორგი მეფის სიცოცხლეში დიდი არისტოკრატიული საგვარეულოს წარმომადგენლები ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას, მით უმეტეს, დემნას აჯანყების შემდეგ. მკაცრი იყო მეფე გიორგი, თუ ძმისშვილი არ დაინდო, სხვას დაინდობდა?! მაგრამ გარდაიცვალა თუ არა გიორგი, აჩურჩულდნენ სასახლის კულუარებში...


იმ დროს მეფის კარზე ღირსებისა და დიდების გამომხატველი განსაკუთრებული წესები მოქმედებდა. დიდ თანამდებობაზე მყოფნი, ვაზირები პირველ რიგში, ანუ მთავრობის წევრები - სახელოების მეთაურები, რეგიონების მმართველი ერისთავთ-ერისთავები, ეკლესიის მაღალი იერარქები და სარდლობა, ყველა შესაბამისი პატივით  მიიღებოდა მეფის მიერ, დარბაზობის დროს.


მეფე ჯდებოდა ოქროს ტახტზე, ბისონით, გვირგვინითა და სხვა სამეფო რეგალიებით შემოსილი. მის ახლოს ისხდნენ ვასალი მეფე-მთავრები მოოქროვილ ტახტებზე, რომლებიც იმ დროს სტუმრად იყვნენ ხოლმე საქართველოს მეფესთან. შემდეგ კათალიკოსები და ვაზირები ასევე მოოქროვილ ტახტებზე სხდებოდნენ, ნატითა (ძვირფასი დასაგებით) და სასთაულით (დიდი ბალიშით), შემდეგ უფრო ნაკლები რანგის დიდებულები უსასთაულოდ და მერე ნატით, შემდეგ უნატოდ. ნატითა და სასთაულით ჯდომა დიდი პატივი იყო...


გარდაიცვალა თუ არა მეფე გიორგი. ახალგაზრდა თამარის სასახლეში მივიდნენ ქვეყნის მმართველები და მგლოვიარე ასული წაიყვანეს მამის საგლოვად.


სვეტიცხოვლის ტაძარში ესვენა მეფე გიორგის ცხედარი. გლოვობდა თამარი და მისი მამიდა რუსუდანი. პატრიარქი და ეპისკოპოსები. ვაზირი ანტონი, ამირსპასალარი ყუბასარი, მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი, მსახურთუხუცესი აფრიდონი, ივანე და სხვა დიდებულები და სარდლები. იქვე ესვენა გვირგვინი, სკიპტრა, პორფირი და საჭურველი მეომარი მეფისა. გლოვობდა არმია დაუმარცხებელ მეფესა და მთავარსარდალს, რომელმაც ბევრი ქალაქი დალეწა და ყველა გარე მტერი დაამარცხა.


დაკრძალეს თუ არა მეფე გიორგი (ჯერ სვეტიცხოველში, მერე გელათში გადაასვენეს), დიდებულების ერთი ჯგუფი ეახლა რუსუდან დედოფალს და უთხრა:


„დღეს შენ ხარ ჩვენი მეფის მშობელთა ნაცვლად. მართალია ყრმა არის ხელმწიფე ჩვენი თამარი, მაგრამ აქვს სიბრძნე და ცოდნა, არის პატივისმცემელი და დამჯერი შენი. ამიტომ, ჰკადრე, რათა ხელში აიღოს ხელმწიფობა და შარავანდედი მეფობისა, თქვენი გვარისა და წარმომავლობის შესაბამისი და ეკურთხოს მეფედ".


თამარი, როგორც ვთქვით, თანამეფედ უკვე იყო ნაკურთხი მამამისის სიცოცხლეში, მაგრამ დიდებულებს უნდოდათ თავისი გავლენა დაემტკიცებინათ და მეორედ კურთხევა შესთავაზეს.

მამიდამ ამცნო თამარს ყოველივე. ქართველთა მზეთუნახავი დათანხმდა, რადგან შვიდი სამეფოს დიდებულების გადაკიდება კარგს არას უქადდა მის ხელისუფლებას.


იმ დროს წესი იყო, მეფედ კურთხევის ცერემონიის დროს ლიხთ-იმერლებს უნდა დაედგათ გვირგვინი მეფისათვის. ეს დამკვიდრდა საქართველოს გაერთიანების დროიდან, ვინაიდან ბაგრატ III პირველად აფხაზეთ-დასავლეთ საქართველოში გამეფდა და მისმა მემკვიდრეებმა, ძირითადად, დასავლური რესურსით შეიერთეს აღმოსავლეთ საქართველო.


თამარის კურთხევისათვის სპაციალურად მოიწვიეს ქუთათელი მთავარეპისკოპოსი, საღირისძეთა დიდებული საგვარეულოს წარმომადგენელი და რაჭისა და თაკვერის ერისთავი კახაბერი... და ვარდანიძებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა შემოარტყეს წელზე მახვილი ახალ მეფეს და ხელახლა აიყვანეს ტახტზე „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი".


ქვეყანა ზეიმობდა, ისმოდა ზარებისა და სპერმურთა (სამხედრო-საზეიმი საკრავთა) ხმა, უკრავდნენ საყვირებს და დოლებს სცემდნენ, იყო სიხარული ტფილისში და მთელ სამეფოში - ნიკოფსიითგან დარუბანდამდე.


შვიდი სამეფოს მეფეთ-მეფე შეუდგა ქვეყნის მართვას. ეკლესიისა და სათნო დედოფალ ბურდუხანის აღზრდილისათვის ქრისტიანული პრინციპები უმნიშვნელოვანესი იყო და ამიტომ დავით და სოლომონ წინასწარმეტყველების შთამომავალი სამეფოს ცხოვრებაშიც ქრისტიანული ჰუმანურობისა და სიყვარულის დამკვიდრებას ცდილობდა.


თუმცა,  დიდებულები ჯერ არ აპირებდნენ დამორჩილებას და თავისი ამბიციური ინტერესების გატარებას ცდილობდნენ.


შეითქვნენ ძველი არისტოკრატიული საგვარეულოების შთამომავლები და ფიცი დადეს - „აღარ ავიტანთ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლების უფროსობას, რადგან უგვარო და დაუმსახურებელი საგვარეულოების წარმომადგენლებისაგან ვართ დამცირებული და უნატოდ დატოვებულნი, ჩვენ გვარიანი და მსახურეული საგვარეულოები და ოჯახებიო". და გადაწყვიტეს თავისი „უფლებების" აღდგენა.


შეთქმულებმა მოინდომეს „უგვარო" ხელისუფალთა დამხობა. პირველი სამიზნე იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი ყუბასარი. იგი ყივჩაღების შთამომავალი იყო, სამეფო კარზე აღზრდილი და გაქრისტიანებული. დემნას აჯანყების დროს ყივჩაღთა რაზმით, რომლებიც იმ დროს დაქირავებულ მეომრებად იყვნენ სამეფოში, უმალ გიორგი მეფის მხარეს დადგა და დიდი წვლილი შეიტანა აჯანყების დამარცხებაში. მეფე გიორგიმ დაუფასა და ორი დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სახელო ჩააბარა, ამირსპასალარობა, რაც ქართული არმიის სარდლობას ნიშნავს, და მანდატურთხუცესობა, რაც საპოლიციო სისტემის მეთაურობა იყო იმ დროს.


გარდა ამისა, მეფე გიორგიმ ყუბასარს გადასცა „საჯდომად" ე. წ. სომეხთა მეფის ყოფილი სატახტო - ლორე (სინამდვილეში ქართული მხარე), რაც იმ დროს ამირსპასალარის სახელოს, ანუ თანამდებობის მფლობელის პრეროგატივა იყო და უბოძა სხვა მამულებიც.


თამარის გამეფების დროს ყუბასარი დაავადებული იყო ფილენჯის ქარისგან, დამბლა დასცემოდა და წართმეული ჰქონდა ხელ-ფეხი და ვერც ლაპარაკობდა უკვე.


ასეთი დასუსტებული ადამიანის დამხობა და მისთვის ქონების ჩამორთმევა მოინდომეს დიდი არისტოკრატიული საგვარეულოების წარმომადგენლებმა.


კეთილშობილმა მზეთუნახავმა გაითვალისწინა დიდი გავლენის მქონე საგვარეულოების მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ ყუბასარს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს თავის ორი დიდი სავაზიროს მეთაურობა გაეწია. თუმცა, ლორეს გარდა სხვა მამულები თამარმა არ ჩამოართვა დამსახურებულ ერთგულ ყმას და დიდი პატივით დაიტოვა სამეფო კარზე სიკვდილამდე.


არისტოკრატების სამიზნე იყო აფრიდონიც, რომელიც აზნაურის ყმობიდან დაწინაურებულიყო და მეფეთა ერთულებისა და თავდადებული სამსახურისთვის მსახურთუხუცესობამდე იყო აღზევებული. მას მეფისგან თმოგვისა და სხვა ციხეები და მამულები ჰქონდა გადაცემული.


აქაც დათმო თამარ მეფემ და გადააყენა ყუბასარი.


ამგვარად გამოთავისუფლდა სამი უდიდესი სახელო, თანამდებობა სამეფოს სავაზიროსი - ამირსპასალარისა, მანდატურთუხუცესისა და მსახურთუხუცესისა. ალბათ, მმართველობის ქვედა რგოლებშიც მოხდა „უგვარო" ადამიანების ჩამოშორება.


გადააყენა თუ არა ეს დამსახურებული ადამიანები მეფე თამარმა, მერე თავად არისტოკრატები დაერივნენ ერთმანეთს და ხელისუფლებისა და თანამდებობისათვის ერთმანეთს შორის დაიწყეს დაპირისპირება.


წინ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა იდგა, მაგრამ ამოდიოდა შვიდმნათობიერი მზე საქართველოსი.


წყარო: georoyal.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner