ცნობილი პუბლიცისტი თემურ მირიანაშვილი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ტრიუმფს წინასწარმეტყველებს და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი სააკაშვილს საქართველოში ბორკილდადებულს ჩამოიყვანს!
- ბატონო თემურ, 2000 წელს შევარდნაძის მთავრობის სხდომაზე თქვენ მიხეილ სააკაშვილი გიჟად გამოაცხადეთ. 15 ივლისის ღამეს, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო, სააკაშვილი „რუსთავი-2"-ის ეთერით გამოვიდა და განაცხადა - თურქეთს ძირი გამოუთხარა და ერდოღანს სამხედრო გადატრიალება მოუწყო პუტინმაო! არადა, ერდოღანი გაიძახის - ამერიკაში მოკალათებული მქადაგებელი და მილიარდერი ფეთჰულა გიულენი დგას ამ ყველაფრის უკანო! როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ისევ გიჟია თუ ცოტა გამოკეთდა?
- სააკაშვილი გიჟი იყო და გიჟად დარჩა! მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებ, პრესას ვეცნობი, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ამ ყველაფერში რუსეთის კვალი ვეძებოთ, მაგრამ ეს გიჟი ისევ თავისას მიერეკება! ერდოღანმა უფრო არ იცის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვიდრე გიჟმა სააკაშვილმა? ისე, გული მიგრძნობს, რომ ერდოღანი თავის ქვეყანას აუცილებლად მოატეხინებს კისერს! მართალია, ამ ეტაპზე თურქეთში სიტუაცია თითქოსდა ჩაწყნარდა, მაგრამ აშკარაა, რომ ქვეყანას წინ სერიოზული გამოწვევები ელის... არ ვიცოდი და ახლა გავიგე - თურმე ეგ ფეთჰულა გიულენი, რომელსაც ერდოღანი გადატრიალების მოწყობას აბრალებს, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას პარტნიორი ყოფილა და სასწავლებლები ჰქონიათ ერთობლივად საქართველოში გახსნილი!
- კი ბატონო, გიული ალასანია და ფეთჰულა გიულენი, „შავი ზღვის უნივერსიტეტის" მფლობელები არიან... გიულენს ეკუთვნის „დემირელის კოლეჯიც" და კიდევ თექვსმეტამდე საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში!
- ძალიან საინტერესო კავშირები ჰქონიათ, მაგრამ უსაბუთოდ, მტკიცებულების გარეშე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ! ასე მხოლოდ გიჟი სააკაშვილი თუ მოიქცევა, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია და ლაპარაკი საქართველოში მაგის დაბრუნებაზე აბსოლუტურად გადაჭარბებულია!
- კაცი იქადნება, შემოდგომაზე თბილისში გავჩნდებიო და...
- ეს ყოვლად გამორიცხულია! სააკაშვილს ქართველ საზოგადოებაში არანაირი დასაყრდენი არა აქვს და ჩვენ გვყავს ძალიან ჭკვიანი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაფრით დაუშვებს მაგის აქ ჩამოსვლას! სააკაშვილი საქართველოში შეიძლება ჩამოვიდეს ერთადერთ შემთხვევაში - თუ ის იქნება ბორკილდადებული! დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ სურვილს ქართველ ხალხს ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად აუსრულებს!
- თქვენ ივანიშვილის ერთგული მხარდამჭერი იყავით და ახლაც იმავე პოზიციაზე ხართ?
- დიახ, ივანიშვილმა სასწაული მოახდინა, როცა ეს გიჟი - სააკაშვილი უსისხლოდ მოგვაშორა! სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე რომ დავფიქრდებოდი, მსხვერპლის გარეშე შეუძლებლად მიმაჩნდა ამ გიჟისა და მისი ხროვის პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრება. პირდაპირ გეტყვით - ღმერთს ვთხოვდი, რომ მსხვერპლი 1000 კაცზე მეტი მაინც აღარ ყოფილიყო... ბატონმა ბიძინამ ისეთი ფონი შექმნა, სააკაშვილს, ყოველი მხრიდან ისე „შეუსრულა", რომ ამერიკელებმა ეს ავადმყოფი აიძულეს, დამარცხება აღიარებინა!
- ბატონო თემურ, სააკაშვილისთვის გიჟი სხვა სიტუაციაშიც გიწოდებიათ?
- არა, არც ყოფილა ამის საჭიროება, რადგან ჩემს შემდეგ სააკაშვილს სუყველა გიჟს ეძახის! ისე, სააკაშვილი გიჟი კი არა, უფრო სულელია! ზოგიერთი ცნობილი გიჟი გენიოსი იყო, მაგრამ სააკაშვილი სულელია და მისგან გენიოსი ვერასოდეს გამოვა!
- ვინ გაიმარჯვებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში?
- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს! დააკვირდით, რა გაუკეთა რესპუბლიკელებს? ფილიგრანული სიზუსტით მოიცილა და მარტო დატოვა ეგენი, არჩევნებზე ხმების 1 პროცენტსაც ვერ მიიღებენ! რესპუბლიკური პარტია, რომელიც „ნაცმოძრაობაზე" უფრო საშიში და ბნელი ძალაა, ბიძინამ ისე ოსტატურად ჩამოიშორა, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!
გარდა ამისა, ყველა ობიექტური ადამიანი დამეთანხმება, რომ იმ დროს, როცა ჩვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და წინ მიდის... ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მოსპო სააკაშვილის მიერ დანერგილი შიზოიდური ფაშიზმი... ერთი რამ ყველას კარგად ახსოვდეს - დღეს სააკაშვილი რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ უკრაინასთან ერთად აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში ვიქნებოდით ჩაბმული და ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა!
ეს ყველაფერი ბიძინამ გადალახა და რუსეთთან მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა ურთიერთობა, რასაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმება! ბიძინამ მოსპო პოლიტიკური პოლიცია და ბიზნესების დაყაჩაღების სააკაშვილისეული პრაქტიკა; დღეს საქართველოში პოლიტიკური მრწამსის გამო დარბაზის ან ოფისის დაქირავებაზე უარს არავინ გეტყვის, ჯიბეში ნარკოტიკს არავინ ჩაგიდებს, არ გაგაუბედურებს! ბიძინამ ქვეყანაში მოსპო სამალავები, წყალქვეშა სასაფლაოები, პატიმრების წამება და გაუპატიურება... ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ღრმად მწამს, ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს საქართველოში დააბრუნებს, ოღონდ ბორკილდადებულს! დამიჯერეთ, ბიძინა ამას აუცილებლად გააკეთებს, ხოლო 8 ოქტომბერს მისი ტრიუმფი იქნება!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე