logo_geo
eng_logo
7 მარტი - ჟიული შარტავას დაბადების დღეა
- +

7 მარტი. 2016. 11:19



საქართველოს ეროვნული გმირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო (ფენია დარასელია) შარტავების ოჯახში დაიბადა.


ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. პედაგოგები ჟიულის ახასიათებენ, როგორც ნიჭიერსა და შრომისმოყვარე მოსწავლეს, რომელიც ცდილობდა, შეეძინა საფუძვლიანი ცოდნა და უკვე სკოლის ასაკიდან დაუფლებოდა მისი პრაქტიკული გამოყენების ჩვევებს.  სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის პედაგოგის რჩევით ჩააბარა და დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად. შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.


აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.


კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით. 


 * * *

 

"წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს, ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედავ ვალშია მათ წინაშე", - ომში წასვლის წინ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ.


"მე და შენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. არ მახსოვს, შენ რომელიმე ჩემს თხოვნაზე ან დავალებაზე უარი გეთქვა. ყველაზე საბედისწერო თხოვნა კი იყო ის, აფხაზეთის გადასარჩენად სოხუმში წასვლა რომ გთხოვე. მადლობელი ვარ მე და მთელი ქართველი ხალხი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის სახელით მიიღე ეს დავალება. ერთი რამ არ შეასრულე ჩემი თხოვნიდან და ჩემი ბრძანებიდან, ჟიული - ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, როცა ალყაში ექცეოდა, ალყაში ხვდებოდა მთავრობის სასახლე. მაშინ მე გითხარი: სასწრაფოდ გამოდით!.. რაღაც ძალებიც გადმოგისროლეთ... მაგრამ, შენ არ გამოხვედი მთავრობის სასახლიდან მანამ, სანამ ყველა თანამშრომელმა არ დატოვა შენობა. მე მახსოვს, როგორ დაეცა მსოფლიოში სახელგანთქმული ლეგენდარული ალიენდე - სწორედ ისე, როგორც შენ. შენ საქართველოს ალიენდე ხარ და ასეთად დარჩები ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჩვენს გულსა და მეხსიერებაში..." იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე დემიკო ლოლაძის წიგნში  - „ჟიული შარტავა, უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე"


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა: „ერთ მაგალითს გიამბობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ, შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული (დავითი - ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო. სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ, პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ, ერთი კია - გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია." ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner