logo_geo
eng_logo
ზაზა ფირალიშვილი: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან შენიღბული პრორუსული ძალები!
- +

7 მარტი. 2016. 15:16


ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა „თავისუფალ დემოკრატებში" გაწევრიანების შემდეგ  განცხადებები გააკეთა. ფირალიშვილი ამბობს, რომ გამოცდილებას დღეიდან ამ პარტიას მოახმარს.

 

„2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის არჩევნებამდე პერიოდში მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი „თავისუფალ დემოკრატებთან" და არც მას შემდეგ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. ყველაზე მძაფრი პოლიტიკური სიტუაციის დროსაც ამ პარტიის წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რაციონალიზმს, წონასწორობას და პოპულისტური ცეცხლოვანი რიტორიკისთვის არ შეუწირავთ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. ესაა რაციონალური და ცივილიზებული პოლიტიკური კულტურის მატარებელი ძალა. ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალები ჩვენი კულტურის ორგანულ ნაწილად აქციოს ისე, რომ არ დაუპირისპირდეს კულტურის ძირეულ პარადიგმებს. ჩვენს ისტორიულ სიტუაციაში ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენ მრავლად გვინახავს ლიბერალური ყაიდის პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც თავის პათოსს ხშირად ჩვენი კულტურის ბუნებრივი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართავდნენ და ერთგვარი ქირურგიული ჩარევით ცდილობდნენ მის შეცვლას. შედეგად კი ამას საპირისპირო შედეგი - ექსტრემისტური რელიგიური და ეთნოფეტიშისტური განწყობების გაძლიერება მოჰყვა. ეროვნულ, რელიგიურ და ზნეობრივ ღირებულებებზე ინიციატივის აღებას შეეცადნენ ის ძალები, რომლებიც იმ სამყაროში გვიპირებენ მიბრუნებას, რომლისგან თავის დაღწევასაც არაერთი თაობის ძალისხმევა მოხმარდა. შეიქმნა პარადოქსული ვითარება: კულტურული იდენტობის დაცვის სახელით გამოდიან დაუფარავად თუ ცუდად შენიღბული პრორუსული ძალები. „თავისუფალ დემოკრატებს" ძალუძთ დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ კონფლიქტი ჩვენს სულიერებასა და ევრო-ამერიკულ სამყაროებს შორის მხოლოდ მავანთა წარმოსახვაში არსებობს.

 

ამ პარტიას ძალუძს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. ანალიტიკოსისა და კომენტატორის როლში ყოფნა საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ასეთი გააქტიურებულია ძალები, ახალ მონობას რომ გვპირდებიან, აუცილებელია ამ კომფორტის დათმობა და საკუთარი ძალისხმევის გაღება. რა მიმაქვს მე? ჩემი მხრივ, იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას მოვახმარ ჩემს გამოცდილებას როგორც ზოგადად ანალიტიკური საქმის თვალსაზრისით, ისე, კონკრეტულად განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროთა ცოდნით", - აღნიშნა ფირალიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner