„ჩვენს მიერ საარქივო მასალებიდან დადგინდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილმა საქართველოს ტერიტორია გიორგი სანაიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე დატოვა“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. შესაბამისად, მისივე თქმით, საქმეზე კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება სარწმუნო ვერ იქნება.
„კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. პირველი ეხება გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვას და მის შესრულებას და მეორე ნაწილი, რომელიც უკავშირდება ვერსიას. თქვენთვის ცნობილია, რომ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის დაგეგმვა მოხდა მაღალჩინოსნების მიერ შსს-ში და ეს უშუალოდ აღსრულებული იყო, მევლუდ, იგივე შოთა ჭიჭიაშვილის მიერ. უნდა აღვნიშნო, რომ სამივე ეს ადამიანი გამოიკითხა. ვგულისხმობ, როგორც კახა ბაკურაძეს, რომელიც დასახელებულია ციხისთავის მიერ და იმ პერიოდში ეკავა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ისევე, როგორც თამაზ თამაზაშვილი, შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. ორივე ამ ადამიანმა უარყო რაიმე სახის კავშირი გიორგი სანაიას მკვლელობასთან. განსაკუთრებით ალბათ საგულისხმოა ციხისთავის ჩვენებაში მევლუდ, იგივე შოთა ჭიჭიაშვილის როლი, იმიტომ, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ეს პიროვნება არის ცენტრალური ფიგურა ამ დანაშაულებრივი გეგმისა. ჩვენ გამოძიების ეტაპზე დისტანციურად გამოვკითხეთ შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მისი რაიმე შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მოვიძიეთ გარკვეული ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის დროისთვის შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ჩვენს მიერ საარქივო მასალებიდან დადგინდა, რომ შოთა ჭიჭიაშვილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ანუ 2001 წლის ივნისში და საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ 2004 წლის იანვარში, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტანტინე ციხისთავის ვერსიაში დასახელებული ცენტრალური ფიგურა, გიორგი სანაიას მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, მისი თქმით შოთა ჭიჭიაშვილი, ფიზიკურად ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, იმიტომ, რომ საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ჩვენება ნამდვილად არ არის სარწმუნო“, - განაცხადა გულუაშვილმა.