logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ თითოეული მოქალაქის გვერდით დგას!
- +

2 სექტემბერი. 2016. 14:25



„ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.

 

- ბიძინა ივანიშვილი სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორ შეაფასებდით მის ამ ნაბიჯს?

 

- დადებითად ვუყურებ ყველაფერს. 2012 წლიდან რა პასუხისმგებლობაც ბიძინა ივანიშვილმა  იტვირთა, არასდროს უქცევია გვერდი. არსებული პრობლემები, როგორც რიგითი მოქალაქის რანგში, ყოველთვის აწუხებდა. დაბრუნებას ამას ვერ დავარქმევ. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის გვერდით დგას.


- წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებდით?

 

- წინასაარჩევნო გარემო არის ნორმალური. მიმდინარეობს ტემპერატურის აწევა და მატება. დღესდღეობით ვხედავთ ზუსტად იმ შემადგენლობას, იმ გუნდს, რომელსაც აღებული ჰქონდა ვალდებულება ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე, რომ ქვეყანა აღმავლობის გზით წავიდოდა, დემოკრატიული ფასეულობები, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური აღმავლობა, ამ ქვეყანაში იქნებოდა პრიორიტეტი. „ქართული ოცნება" კონკრეტულად ამ იდეების შემსრულებლად დარჩა. მას აქვს ის პოტენციალი, რომ აბსოლუტური უმრავლესობით დაიწყოს ამ დანაპირების შესრულება. 8 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მომავალს.


- ბატონო კობა, ამომრჩეველს რას ჰპირდებით?

 

- ჩვენ  თანამოქალაქეების წინაშე რეალური პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ამომრჩეველს ვპირდები, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირებას სისრულეში მოვიყვანთ. წინასაარჩევნო პროგრამას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრი გააჟღერებს. ვიცით კონკრეტული ვალდებულებები და  მტკივნეული საკითხები, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რომელსაც გამოვასწორებთ და შედეგიანად დავამთავრებთ.


- რა მოლოდინები გაქვთ? თქვენი აზრით, ვინ იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული?


- ჩვენ გავიმარჯვებთ. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი საქმე არის ჭეშმარიტი, ორიენტირებული ამ ქვეყნის სიძლიერეზე და განვითარებაზე.

 

- გამარჯვების შემთხვევაში რა გეგმები გაქვთ?


- გამარჯვების შემთხვევაში აღებული ვალდებულებების შესრულების გეგმა გვაქვს. ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში მოხვედრა, ჩვენი მიზანი არის ზუსტად იმ დაპირებების და ვალდებულებების განხორციელება, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს. აქედან გამომდინარე, გუნდური პრინციპით შევეცდებით მის აღსრულებას.

 

- თქვენი აზრით, რომელი პარტიები გადალახავენ 5%-იან ბარიერს?


- ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით შევა ის პარტია, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური  მხარდაჭერა ექნება. ვინ იქნება ოპოზიცია და ვინ გადალახავს ბარიერს, 9 ოქტომბერს გავიგებთ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner