სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო დურგლიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვის აირჩევენ თსუ-ს კანცლერად. ამ ეტაპზე მას არ ჰყავს ფავორიტი, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის, უნივერსიტეტის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი სცეს და დაეთანხმოს.
„კვირასთან" საუბარში დურგლიშვილი თსუ-ში 2011 წელს თვითმართველობის წევრებს შორის მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებასაც იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ გიორგი გაფრინდაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.
"მსგავი ტიპის მოვლენებზე აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ, რადგან მე არ ვარ რომელიმე მხარის წარმომადგენელი. თუმცა მომიხდა ინტერვიუს მიცემა და გარკვეული საკითხის განმარტება 2011 წლის შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი. მე არ ვიცი, ვის აირჩევენ საბოლოოდ კანცლერად, მაგრამ ჩემთვის უნივერსისტეტის მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ფასეული იქნება და დავეთანხმები.
2011 წელს ერთ-ერთ შეხვედრას, რომელსაც ვესწრებოდი, წესით უნდა ჰქონოდა სახელმძღვანელოებზე დიალოგის ფორმა, მაგრამ ძალიან მალე გადაიზარდა სტუდენტებს შორის სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც.
იქ პრაქტკულად ვიყავით ყველანი, ვინც ამ დაპირისპირების შესახებ გავიგეთ, მათ შორის იყო გიორგი გაფრინდაშვილიც. ჩვენი ყველა ქმედება მიმართული იყო კონფლიქტის დასარეგულირებლად. სტუდენტებს შორის ფიზიკური ანგარიშწორება არ უნდა მომხდარიყო. მე ბოლო წამოვედი ამ შეხვედრიდან და ნამდვილად ვიცი, რომ გიორგი გაფრინდაშვილის მხრიდან, რაიმე სახის აგრესიას ადგილი არ ჰქონია.
მინდა გითხრათ, რომ ვერც ექნებოდა, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო, ეს მთელი უნივერსიტეტის პასუხსაგები გახდებოდა. ეს არის ის სიმართლე, რაც მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი. შესაბამისად, თავს მოვალედ ვთვლიდი, რომ ეს მეთქვა. თუმცა იმასთან დაკვაშირებით, რასაც მეკითხებით, პოზიცია არ გამაჩნია. უნივერსიტეტი გააკეთებს ოფიციალურ არჩევანს და მე ამას დავეთანხმები", - განაცხადა დურგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა "თარგმნეს" მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილი შესაძლოა, ჩართულიც ყოფილიყო ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა მოგვიანებით ეს ვარაუდი გამოირიცხა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სენატს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს დღეს წარუდგენს. სტუდენტების ნაწილი აპირებს, აქცია გამართოს და სენატს მოუწოდოს, გაფრინდაშვილი კანცლერად არ აირჩიოს.