უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, გოგი თოფაძის განცხადება ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია პირადად მისთვისაც და კოალიციის იმიჯისთვისაც.
ვოლსკის თქმით, საგარეჯოს გამგებლის არჩევნებში გაყალბება არ დადასტურებულა და შედეგიც ობიექტურია.
„ბატონ გოგის ვთხოვ, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომლებიც გავლენას ახდენს ესოდენ მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, ეს კურსი არანაირად არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს გამგებლის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამის გამო, „რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გოგი თოფაძე ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.