მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა გაზეთ „ვერისასთან" თავის საბავშვო სტუდიაზე ისაუბრა. პიპინაშვილის თქმით, სტუდია მისი ბიზნესთემა არ არის და მას სახელმწიფოებრივ საკითხს უწოდებს.
„ეს რომ ჩემი ბიზნესთემა იყოს, აქამდე სხვანაირად მოვუვლიდი, საკუთარს ავაშენებდი, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. ვისი სახელიც გინდა დაერქვას, მთავარია, ეს საქმე არ განელდეს, რადგან ესაა შუალედური რგოლი საჯარო სკოლასა და ზოგად განათლებას შორის.
ჩემდა გასაკვირად, არის სასიკეთო ძვრები. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რადგან... თაროზე ერთი საქაღალდე მაქვს, სადაც ყველა მაღალჩინოსნის რეზოლუციაა - გადაეცით, დაეხმარეთ... ყველას ხელმოწერა მაქვს, გეგონება, მათ ავტოგრაფებს ვაგროვებ... ფერებში ვერ ვერკვევი, წითელი და მწვანე პასტა რას ნიშნავდა, მაგრამ გადავწყვიტე, აღარავისთვის მეთხოვა დახმარება, რადგან ეს ბავშვები არ იმსახურებენ კარდაკარ სიარულსა და მათხოვრობას. მათი სახე მე ვარ და მე უნდა მეხვეწა... არ გამოვიდოდა ასე და გადავწყვიტე, გამეჩერებინა სტუდია... მაგრამ წინა წლიდან გადმოსული დარჩა 60 ბავშვი. წარმოიდგინეთ, ეს სამოცი ბავშვი, მე, გოგა პიპინაშვილმა დავტოვე ჰაერში... ოცი წელია ამ საქმეს ვემსახურები, თან გადავყევი და იმის გამო, რომ ვიღაცას ჯიბრში ჩავუდექი - არ გინდათ, ნუ გინდათ და დავკეტე კარი, არ გამოვიდოდა", - ამბობს გოგა პიპინაშვილი.