logo_geo
eng_logo
ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკი“ შეიძინა
- +

20 ივლისი. 2017. 14:40



ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, „ლიბერთი ბანკი" პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებულმა ცნობილმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ შეიძინა. გარიგების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.


ამ გარიგებას ხანგრძლივი პრეისტორია აქვს.  წელიწადზე მეტი იქნება გასული, რაც „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ვლადიმერ გურგენიძე და იმჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაემშვიდობნენ კოლექტივს. მაშინ არველაძე რეალურად წავიდა ბანკიდან, გურგენიძე კი დღემდე სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოსტს ინარჩუნებს. როგორც ჩანს, იმხანად გარიგების ბოლომდე მიყვანას რაღაც გარემოებებმა შეუშალა ხელი.


2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით „ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი (73%) „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიაა", რომლის ბენეფიციარებიც თანაბარწილად არიან ყაზახი ბიზნესმენები დენის კოროტკოვ-კოგონოვიჩი, მალიკ იშმურატოვი და ნურლან აბდუოვი. აქციათა 12,73%-ს ფლობს BNY Limited (nominees). ვლადიმერ გურგენიძე აქციათა 4,79%-ს ფლობს.


ძნელი სათქმელია, ამ ოფიციალური სახელების უკან რეალურად არიან თუ არა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან აფილირებული ბიზნესმენები. ერთს კი შეგახსენებთ - BNY Limited (nominees) ჯერ „საქართველოს ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობდა, მერე აქციებს „თიბისი ბანკშიც". „ბენქ ოფ ნიუ იორკ ლიმითედს" „ნიუ იორკის ბანკთან" პირდაპირი კავშირი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს მისი აქციები და სადმე ოფშორულ ზონაში დაარეგისტრიროს თუნდაც ეს BNY Limited (nominees).


„ლიბერთი ბანკის" სააქციო კაპიტალი 195 მილიონ ლარს აჭარბებს, მთლიანი აქტივები 1,613 მილიარდი ლარია, მთლიანი სესხების მოცულობა 775 მილიონ ლარს შეადგენს. „ლიბერთი ბანკის" მოგებამ 10 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბანკს საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა აქვს სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვის კუთხით - ეს მონაცემი 10,89%-ს შეადგენს.


„ლიბერთი ბანკს" ლადო გურგენიძის მენეჯმენტამდე გიორგი გოგუაძის მენეჯმენტი მართავდა, ხოლო ბანკის მფლობელი აწ გარდაცვლილი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე იყო. სწორედ მის ქვრივთან ირინა კოვალენკოსთან წლობით რთულდებოდა ხოლმე ბანკის საკონტროლო პაკეტის ყიდვის მსურველთა მოლაპარაკებები.


„ლიბერთი ბანკი" ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო კომერციული ბანკის „აგრომრეწვბანკის" ბაზაზეა შექმნილი. 1993 წელს ბანკების განკერძოებისას „აგრომრეწვბანკი" იქცა ,,აგრობანკად". შემდგომ პერიოდში ბანკს ერქვა „სახალხო ბანკი" და გამოირჩეოდა მაშტაბური სოციალური პროექტების ინიცირებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ლადო გურგენიძის ამ ბანკში გადანაცვლების შემდგომ მას სახელიც გადაერქვა და „ლიბერთი ბანკი" ეწოდა. გურგენიძის ძალისხმევით ბანკში ინვესტიცია რუმინელმა ნავთობმაგნატმა და მილიარდერმა დინუ პატრიჩიუმ განახორციელა, - საკონტროლო პაკეტსაც ის ფლობდა. სწორედ პატრიჩიუს გარდაცვალებისა და მისი აქტივების გადანაწილების შემდეგ აღმოჩნდა „ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ყაზახი ბიზნესმენების ხელში.


„ლიბერთი ბანკის" ისტორიული სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა რაიონში გააჩნია ფილიალი და/ან მომსახურების ცენტრი და ერთადერთი საბანკო დაწესებულებაა, რომელიც უალტერნატივოდ იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერში და ემსახურება პენსიებსა და სხვა სოციალურ გაცემულობებს.


იგი ასევე ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც პენსიის უზრუნველყოფის ქვეშ გასცემს სამომხმარებლო სესხებს.


ფაქტი ერთია, - ირაკლი რუხაძემ, რომელიც პატარკაციშვილების ოჯახის აქტივების მმართველია, ბანკის შეძენით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონის სტატუსზე გააკეთა სერიოზული განაცხადი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner